2018 წლის იანვარში Welcome To Georgia - The Musical-ის პრემიერა გაიმართება
2018 წლის იანვარში Welcome To Georgia - The Musical-ის პრემიერა გაიმართება

2018 წლის იანვარში მუსიკალური სპექტაკლის Welcome To Georgia – The Musical პრემიერა გაიმართება. ეს არის წარმოდგენა მიუზიკლის ფორმატში ინგლისურ ენაზე, რომელიც სპეციალურად საქართველოს სტუმრებისთვის რეგულარულად ჩატარდება ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში და უცხოელ ვიზიტორებს საქართველოსა და ქართველების შესახებ მოუთხრობს.

სპექტაკლში მაყურებელი იხილავს ნაციონალურ კოსტუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებსა და მოისმენს პოლიფონიურ და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით. ასევე, დიალოგების, სიმღერების თუ ვიზუალური პროექციის საშუალებით გაიგებს საინტერესო ფაქტებს საქართველოზე და მიიღებს ინფორმაციას ჩვენი კულტურის, ისტორიის, ყოფის, ადათ-წესების, ღვინისა და ქართული სუფრის შესახებ.

მუსიკალური სპექტაკლი რომანტიული კომედიის ჟანრისაა და მისი ლეიტმოტივი ფრანგი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც კახეთში ვითარდება. 90 წუთის მანძილზე (შესვენების ჩათვლით) 18 მსახიობი შეასრულებს 10-ზე მეტ სასიმღერო და საცეკვაო ნომერს. სპექტაკლში დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა (ქართული დიალოგების შემთხვევაში, მაყურებელი ინგლისურ ტიტრებს იხილავს).

პროექტის მიზანია, სპექტაკლი საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის მათი კულტურული პროგრამის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

2018 წლის იანვარში დაგეგმილია სამი დახურული პრემიერა, ხოლო მარტიდან ივნისის ჩათვლით სპექტაკლი კვირაში ერთხელ/ორჯერ გაიმართება. მომდევნო სეზონი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება.