2018 - ახალი კონსტიტუციისა და საპრეზიდენტო არჩევნების წელი
2018 - ახალი კონსტიტუციისა და საპრეზიდენტო არჩევნების წელი

საქართველო 2018 წლის ოქტომბერში რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს, რომლის ინაუგურაციას ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის ამოქმედება მოჰყვება.

11 თავისა და 78 მუხლისგან შემდგარი კონსტიტუცია ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების სტანდარტებს ადგენს, მეორე მხრივ კი, სახელისუფლო შტოებს შორის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს.

ხელისუფლებამ ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება წინასაარჩევნოდ დააანონსა და ამ მიზნით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი კობახიძემ უხელმძღვანელა. კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროტესტის ნიშნად არ ჩაერთო, ოპოზიციურმა სპექტრმა და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა კი, კომისია კონსტიტუციური პროექტის კენჭისყრამდე დატოვა. ამის მიუხედავად, კომისიამ დოკუმენტი დაამტკიცა და მასზე მსჯელობა საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში ორ ეტაპად წარიმართა.

სახალხო განხილვების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი სამ ეტაპად წარიმართა, დეპუტატებმა პროექტი პირველი და მეორე მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღეს, ხოლო მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცეს, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და უწყებას მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის პირველი პირის მოსაზრებები არ გაითვალისწინა, ვეტო 110 მომხრე ხმით 8-ის წინააღმდეგ დაძლია და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციური პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ახალი კონსტიტუციის მიღებას, მმართველი გუნდის მხრიდან ნოემბერში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოჰყვა, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით და ოპოზიციის მოთხოვნით შემუშავდა, თუმცა ოპოზიციამ ცვლილებებს მხარი მაინც არ დაუჭირა. პარლამენტი აღნიშნულ პროექტს მესამე მოსმენით 2018 წლის მარტში დაამტკიცებს, რომლის გათვალისწინებით, პოლიტიკურ პარტიებს ერთჯერადად საშუალება ექნებათ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანდნენ. ამასთანავე, ინიციატივით, ე.წ. ბონუსს სისტემა უქმდება და 2024 წელს ხმები პროპორციული სისტემით გადანაწილდება.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ახალ კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო არის სოციალურ-სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის,სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.

კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის,ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ახალი კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეობის საკითხებსაც ითვალისწინებს, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, 2018 წლის აპრილში ამოქმედდება. კერძოდ, კონსტიტუციაში დაკონკრეტებულია, რომ საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, დაკარგვისა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის მინიჭების წესი ორგანული კანონით განისაზღვრება.

ისევე, როგორც მოქალაქეობის საკითხსა და ქორწინების განსაზღვრაზე, ასევე გადასახადებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საზოგადოების მოსაზრებები საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში გამოითქვა და ამ მიმართულებით კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა,როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი,შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით.

მიწაზე დაწესებული ახალი რეგულაციების მსგავსად, კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრების წინააღმდეგი იყო ოპოზიციის ნაწილი, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.

ოპოზიციური სპექტრი კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებასაც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, გარდამავალ დებულებაში ჩაიწერა, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, აქციზის გარდა, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

აღნიშნული საკითხების განსაზღვრის ფონზე, კანონმდებლებმა ცვლილებები პარლამენტის მიმართულებითაც მოამზადეს და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დამტკიცებულ კონსტიტუციაში აღარ წერია, რომ საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისია. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელი ამოღებულია, „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ  საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში სრულად დაბრუნება ჯერ არ იგეგმება.

ახალი კონსტიტუციით, როგორც მანამდე, ასევე ახლაც, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას.

დოკუმენტით, საპარლამენტო არჩევნები კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს იმართება, პარლამენტის წევრად კი, შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში ათი წელი მაინც უცხოვრია.

პარლამენტის უფლებამოსილების პარალელურად, კონსტიტუციით განსაზღვრულია პრეზიდენტის უფლებებიც. კერძოდ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან საქართველოში პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით მოხდება, თუმცა მანამდე, 2018 წელს, საქართველოს მოსახლეობა  რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით აირჩევს.

ახალი კონსტიტუციით გაუქმდა უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, საომარი მდგომარეობის დროს, სათათბირო ორგანო-ეროვნული თავდაცვის საბჭო შეიქმნება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი თავმჯდომარეობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციაში საუბარია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და ნათქვამია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და  ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.