ირაკლი კობახიძე - ახალი კონსტიტუცია საქართველოში ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმის ყოველგვარი ფორმით გამეორების შესაძლებლობას გამორიცხავს
ირაკლი კობახიძე - ახალი კონსტიტუცია საქართველოში ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმის ყოველგვარი ფორმით გამეორების შესაძლებლობას გამორიცხავს

ახალი კონსტიტუცია საქართველოში ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმის ყოველგვარი ფორმით გამეორების შესაძლებლობას გამორიცხავს – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ გააკეთა.

კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმით მოქმედი პროავტორიტარული კონსტიტუცია დემოკრატიული კონსტიტუციით ჩანაცვლდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს არის სისტემა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებითა და ზეპარტიული პრეზიდენტით.

„დღეს საკონსტიტუციო რეფორმის რთული და ხანგრძლივი პროცესი დასრულდა, რომლის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებული ძირითადი კანონი მიიღო. აღნიშნული რეფორმით, ჩვენ მოქმედი პროავტორიტარული კონსტიტუცია დემოკრატიული კონსტიტუციით ჩავანაცვლეთ, რომელიც როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს ეფუძნება და ქვეყნის კონსტიტუციურ სისტემას აუმჯობესებს.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე. ეს არის სისტემა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებითა და ზეპარტიული პრეზიდენტით. კონსტიტუციის ახალი რედაქცია კონსტიტუციურ ორგანოებს შორის უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნას უზრუნველყოფს“-განაცხადა კობახიძემ

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახალი კონსტიტუცია ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში ოპოზიციის როლის გაძლიერებას უზრუნველყოფს და ადამიანის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

„კონსტიტუციის ახალი რედაქცია ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გარანტიებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს უკეთეს მოწესრიგებას, საპარლამენტო მმართველობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად უზრუნველყოფს და რაც მთავარია, საქართველოში ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმის ყოველგვარი ფორმით გამეორების შესაძლებლობას გამორიცხავს.

საპარლამენტო მმართველობა პროპორციული საარჩევნო სისტემით არ ტოვებს ავტოკრატიის ან ხელისუფლების მითვისების არავითარ შესაძლებლობას, რაც არის საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრესი მიღწევა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ ყველა ადამიანს, ჩემს კოლეგებს – საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, რომელთა მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგის მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციის მიღებას, რომელიც საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას ძალიან მყარ საფუძველს ჩაუყრის“ – განაცხადა კობახიძემ.