ყაზახეთში გამართულ რეფერენდუმზე, ეგზიტპოლების თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობამ ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას მისცა ხმა
ყაზახეთში გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას მისცეს ხმა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ეგზიტპოლების თანახმად, ამ ახალმა კონსტიტუციამ, შესაძლოა, ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს საშუალება მისცეს, 2029 წლის შემდეგაც ხელისუფლებაში დარჩეს.
ორი ეგზიტპოლის თანახმად, ამომრჩეველთა დაახლოებით 87 პროცენტმა მხარი დაუჭირა ახალ კონსტიტუციას.
ახალი კონსტიტუცია აადვილებს ქვეყნის პარლამენტის ფუნქციონირებას და აღადგენს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, რომელიც 1996 წელს გაუქმდა. ის პრეზიდენტს აძლევს ვიცე-პრეზიდენტის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების დანიშვნის უფლებას.
როგორც ძველი, ასევე ახალი კონსტიტუციები პრეზიდენტის ვადას ერთი, შვიდწლიანი ვადით ზღუდავს, რაც ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წელს შემოიღო.
დედაქალაქ ასტანაში ხმის მიცემის შემდეგ, რეპორტიორის კითხვას, ხელს შეუწყობს თუ არა კონსტიტუცია ხელისუფლების მომავალ გადაცემას, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უპასუხა, რომ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2029 წელს, მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ჩატარდება.
„ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ყაზახეთში ძალაუფლებისთვის კონკურენცია, როგორც ამბობენ, მწვავდება და სხვადასხვა ტენდენცია, რომელიც შეშფოთებას იწვევს, იზრდება. თუმცა აბსოლუტურად არ არსებობს საფუძველი იმის გამო შეშფოთების, რომ ეს საზოგადოებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს დღეს ქვეყანაში მოქმედი უზენაესი კანონის ტექსტის 40 პროცენტის ცვლილებას. სიახლეების ძირითადი ნაწილი, 70 პროცენტი მოიცავს კონსტიტუციის მუხლებს, რომლებიც ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობებს ეხება. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი ცვლილება უკავშირდება ქვეყნის პარლამენტს, რომელიც, ორპალატიანის ნაცვლად, ერთპალატიანი ხდება. დეპუტატები არჩეულები იქნებიან პარტიული სიით, ხუთი წლის ვადით. ქვეყანაში დღემდე მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა გაუქმდება.
ასევე, ცვლილებები ითვალისწინებს ახალი საკონსულტაციო ორგანოს ფორმირებას, რომელსაც საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის უფლება ექნება. ე.წ. სახალხო საბჭოს წევრებს პრეზიდენტი დანიშნავს.
გარდა ამისა, აღდგება ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც საერთაშორისო ფორუმებზე ქვეყნის ინტერესების წარმდგენი იქნება. ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად ასევე პრეზიდენტი წარუდგენს.
ახალი კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს პარლამენტის მიერ ქვეყნის პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესაძლებლობას, რაც ყაზახეთის მოქმედი უზენაესი კანონით შეუძლებელია. თუმცა იმპიჩმენტი მხოლოდ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში შედგება.
კონსტიტუციის განახლებული ტექსტი ასევე ითვალისწინებს ქვეყნის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ორგანოების გადაწყვეტილებებზე. ასევე, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ქორწინებად გამოცხადდება მხოლოდ მამაკაცისა და ქალის კავშირი.
უზენაეს კანონში შესატანი ცვლილებები მოიცავს საპროტესტო აქციების გამართვის შეზღუდვას, თუ დემონსტრაციები ემუქრება საზოგადოებრივ წესრიგს ან მორალს.
ყაზახეთის კანონმდებლობით, რეფერენდუმი იმ შემთხვევაში შედგება, თუ მასში რეგისტრირებული ამომრჩევლების ნახევარზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. შედეგები შვიდი დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს.