ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო სწორ გზაზეა 
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო სწორ გზაზეა 

გვჯერა, რომ საქართველო სწორ გზაზეა. ქვეყანა მუდმივ პროგრესს აღწევს, ვავითარებთ დემოკრატიულ და ეკონომიკურ სისტემებს, საერთაშორისო ამოცანას, ვაუმჯობესებთ ჩვენს საერთაშორისო პოზიციას, ამიტომ მჯერა, რომ საქართველო სწორ გზაზეა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის გარშემო, რეგიონში და მსოფლიოში არსებული რთული სიტუაციის მიუხედავად, საქართველოში ვითარდება დემოკრატიული სისტემა, ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რომელიც ყველა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვახსენო სენატორი ჯონ მაკკეინი და მსურს, აღვნიშნო, რომ ის საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა წამებას, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში. ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებაში მისი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, მისმა კონკრეტულმა განცხადებამ შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ განვითარებას მივაღწიეთ ადამიანის უფლებების დაცვასა და სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სასამართლო სისტემის მიმართ ოპოზიციის მხრიდან ყველაზე  მეტი კრიტიკა ისმის, თუმცა ქვეყანას ამ სისტემაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს, რაც სტატისტიკური და სხვადასხვა პრაქტიკული მონაცემებით დასტურდება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა მედიის სფეროშიც.

„გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო 2012 წლამდე. სამი ტელეკომპანია იყო მთავრობის გავლენის სრულ დაქვემდებარებაში. ახლა საქართველოში მედია პლურალისტულია და ეს არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით ძლიერდება პარლამენტის როლი.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ვაძლიერებთ პარლამენტის როლს, ამას საკანონმდებლო ცვლილებების გზით ვაკეთებთ. განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, გადავდივართ სრულ საპარლამენტო სისტემაზე. ასევე, პრაქტიკული თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო წესრიგში პარლამენტის როლი განსაკუთრებით გავაძლიერეთ. რაც შეეხება კონსტიტუციას,  ახალი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების მდგრადობას უზრუნველყოფს, რადგან ის პროპორციული არჩევნებით მმართველობის საპარლამენტო სისტემას აწესებს “, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, კობახიძის შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში ავტოკრატიის ნებისმიერი ფორმის დაწესება შეუძლებელი იქნება, რაც 90-იან წლებში და მოგვიანებით საქართველოში დიდ გამოწვევას წარმოადგენდა.

„ახლა კი, საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის დაწესება უბრალოდ შეუძლებელია. ეს არის საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ყველაზე დიდი მიღწევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე.

 

დატოვე კომენტარი