ენერგოომბუდსმენმა სემეკ-ში 2017 წლის საქმიანობის ანალიზი წარადგინა. ენერგოომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის მაჩვენებელი კოლოსალურად გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით მიმართვიანობა დაახლოებით 6-ჯერ მეტია. წყალმომარაგების სექტორი საჩივრების რაოდენობის მიხედვით 2017 წელსაც ლიდერობს.
რეგიონებში აქტიურად მოითხოვენ წყალმომარაგების ქსელის განვითარებას და მიწოდების სიხშირის გაზრდას. ბუნებებრივი გაზის სექტორი 2017 წელს მეორე ადგილზეა. 2016 წელთან შედარებით იმატა ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მსურველთა განცხადებებმა, რომლებიც ძირითადად, ვადების დარღვევაზე მიუთითებდნენ.
ელექტროენერგეტიკაში ძირითად პრობლემად რჩება გასულ წლებში დაგროვებული დავალიანება, რომელზეც სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ვრცელდება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. საჩივრები აგრეთვე დაკავშირებული იყო რეაბილიტაციის პროცესების გაჭიანურებასთან.
მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი, საზოგადოებრივი დამცველის დიდი ძალისხმევით, გათავისუფლდა ამ ვალდებულებისგან, რაც ჩამოწერილი თანხების ოდენობითაც აიხსნება. საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე, კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2017 წლის განმავლობში 1 070 558.7 ლარი შეადგინა. ხოლო სემეკ-ის საჯარო სხდომებზე ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე 1 501 261.33 ლარი ჩამოიწერა.