2017 წელს თხილის მოსავალი 40%-ით შემცირდა
2017 წელს თხილის მოსავალი 40%-ით შემცირდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს თხილის მოსავალი 40%-ით შემცირდა, თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ, ამის მიზეზი არა მხოლოდ აზიური ფაროსანა, არამედ სხვა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები გახდა.

მინისტრის განცხადებით, დაუყოვნებლივ ჩასატარებელია აგროტექნოლოგიებით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება, რათა მომავალ წელს ზარალი ნაკლები იყოს.

“დავაზუსტებ, რომ თხილში მოსავლის დაკარგვის ძირითადი ნაწილი მოდიოდა სხვადასხვა დაავადებებზე, მათ შორის ეს იყო სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები. აქ აუცილებლად ჩასატარებელია აგროტექნოლოგიებით განსაზღვრული ღონისძიებები,  თუ ამ ღონისძიებებს არ ჩავატარებთ, ისევ ვერ გვექნება მოსავალი თხილის კულტურაში და სხვა ბევრი მიმართულებითაც”.- განაცხადა სოფლის მეურნეოობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

გარდა მოსავლის შემცირებისა, ასევე მნიშვნელოვანი კლება ჰქონდა წელს საქართველოს წინა წელთან შედარებით თხილის ექსპორტშიც. ISET- ის მკვლევარების ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 50 მილიონი დოლარის თხილი იქნა ექსპორტირებული, მაშინ როდესაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ჩვენი ქვეყნიდან საზღვარგარეთ 117 მილიონი დოლარის თხილი გავიდა.

“ამ ეტაპზე უკვე დაფიქსირდა ექსპორტის ღირებულებაში საკმაოდ დიდი შემცირება. შარშანდელთან შედარებით წელს საქართველოდან 57%-ით ნაკლები თხილი იქნა ექსპორტირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფერმერებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადეს თხილის პლანტაციებში, შემოსავლების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები შეექმნათ” – განუცხადა პირველ არხს ISET-ის უფრომა მკვლევარმა სალომე გელაშვილმა.