ოთარ შამუგია - ჩვენი მიზანია, მომავალ წელს თხილის მოსავალი იყოს უკეთესი რაოდენობრივად და ხარისხით, ამისკენ არის მიმართული თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
ოთარ შამუგია - ჩვენი მიზანია, მომავალ წელს თხილის მოსავალი იყოს უკეთესი რაოდენობრივად და ხარისხით, ამისკენ არის მიმართული თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

ჩვენი მიზანია, მომავალ წელს თხილის მოსავალი იყოს უკეთესი რაოდენობრივად და ხარისხით, ამისკენ არის მიმართული თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გურიაში, სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფერმერების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტია.

„მთავრობის პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ ფერმერებს, დავნერგოთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიები, მივცეთ მეტი ცოდნა, ხელმისაწვდომი გავხადოთ ტექნიკა და ფინანსური რესურსი. ყოველივე ამას აქვს კონკრეტული შედეგები. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ზრდა გვაქვს წარმოებაში, ექსპორტში და ეს ტენდენცია გრძელდება. ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლაა, ბოლო 2 წელია, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც გვაძლევს საშუალებას, ბიუჯეტიდან კიდევ დამატებითი რესურსები მოვიზიდოთ, რათა ფერმერებისა და მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამები განვახორციელოთ; პროგრამები, რომლებიც საჭიროებებზე იქნება მორგებული. სწორედ ასეთია თხილის წარმოების მხარდამჭერი პროგრამა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგიამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლისთვის მომავალ წელს დაახლოებით 30 მლნ ლარი დაიხარჯება.

მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მსხვილი მეწარმეების ხელშეწყობაზეც იმსჯელა და, მიღებული გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მათ საშუალება ეძლევათ, თხილის მოვლისთვის შეღავათიანი აგროსესხით ისარგებლონ.

„ჩვენ 70%-ზე მეტი თხილი ექსპორტზე გაგვაქვს ევროკავშირის ბაზარზე. 100-ზე მეტი კომპანიაა, რომელიც ექსპორტს ახორციელებს.სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, 22-ზე მეტი თხილის საშრობი და გადამმუშავებელი საწარმო შეიქმნა. შესაბამისად, აქ აზრს მოკლებულია საუბარი რაიმე მონოპოლიაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად გვესმის. რა თქმა უნდა, არის ფაქტორები, რომლებიც თხილის ფასზე მოქმედებს. ეს ფაქტორებია, პირველ რიგში, ხარისხი. ასევე, არის გარემოებები, რომლებიც უკავშირდება საექსპორტო ბაზარზე თხილის მოთხოვნას. წელს, სხვადასხვა ფაქტორის გამო, თხილზე ფასი დაბალი იყო. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ხელი შეგიწყოთ, რომ მეტი საშუალება გქონდეთ, გააუმჯობესოთ მოსავლის ხარისხი და მიიღოთ მეტ შემოსავალი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.