ვაქცინაცია მედიცინის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. როგორც ახალი მოდელირება აჩვენებს, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, 10 ძირითად დაავადებაზე იმუნიზაციამ 37 მილიონ ადამიანს ააცილა თავიდან სიკვდილი დაახლოებით ას საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყანაში.
2030 წლისთვის ეს რაოდენობა შეიძლება გაორმაგდეს და გადარჩენილ სიცოცხლეთა უმეტესობა პატარა ბავშვი იქნება.
გარკვეულ ვაქცინებზე წვდომის გარეშე, რომლებიც ადამიანებს ისეთი დაავადებებისგან იცავს, როგორებიც არის წითელა, როტავირუსი, ადამიანის პაპილომავირუსი და B ჰეპატიტი; მკვლევართა განცხადებით, 2019 წელს დაბადებულ ბავშვებს (98 დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყანაში), რომლებიც ვაქცინირებული არ არიან, 45 პროცენტით მაღალი შანსი აქვთ, რომ ხუთი წლის ასაკამდე წლამდე მიუღწევლად დაიღუპონ.
სრულწლოვან ასაკშიც კი, ვაქცინირებულებსა და არავაქცინირებულებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. ახალი მოდელები აჩვენებს, რომ 2019 წელს ასეთ ქვეყნებში დაბადებულ ბავშვებში სიკვდილიანობა 72 პროცენტით უფრო დაბალი იქნება, თუ მათ მოდელირებაში შეტანილ ათ დაავადებაზე ჩაუტარებენ ვაქცინაციას.
„ჩვენი კვლევა მიანიშნებს ჯანმრთელობის იმ უზარმაზარ ბენეფიტზე, რომლის მიღწევაც დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამებით არის შესაძლებელი“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ეპიდემიოლოგი ნილ ფერგიუსონი.
მისივე თქმით, 98 ქვეყნის მაგალითზე მოდელის 2030 წლამდე პროექტირებისას, წარმოჩინდა გარკვეული ცნობები, თუ სად უნდა მიიმართოს ინვესტირება ვაქცინაციაში, რათა კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღწეს.
ვაქცინაციის მიერ გადარჩენილ სიცოცხლეთა რაოდენობის დადგენა რთული და არასრულყოფილია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გაანგარიშებები არაფრად ღირს.
ახალ მოდელს გარკვეული შეზღუდვები აქვს, განსაკუთრებით კი ის, რომ დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს არ გააჩნიათ სრული ან შესაფერისი მონაცემები დაავადებებით დატვირთვისა და სიკვდილიანობის შესახებ. შესაბამისად, ახალი შეფასება საკმაოდ ღირებულია და წარმოადგენს ამ მიმართულებით ამ დრომდე ჩატარებულ უდიდეს კვლევას, რომელმაც მხედველობაში მიიღო ვაქცინაცია B ჰეპატიტის ვირუსის, B ტიპის ჰემოფილიური გრიპის (Haemophilus influenzae), ადამიანის პაპილომავირუსის, იაპონური ენცეფალიტის, წითელას, A სეროჯგუფის მენინგოკოკის (Neisseria meningitidis), პნევმოკოკის (Streptococcus pneumoniae), როტავირუსის, წითურასა და ყვითელი ცხელების წინააღმდეგ.
მკვლევართა თექვსმეტმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა თითოეულ პათოგენს მრავალი მოდელი მოარგო.
კვლევამ დაადგინა, რომ 2000-2030 წლებს შორის დაბადებულთა სიცოცხლის განმავლობაში, ვაქცინაცია მოახერხებს 120 მილიონი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილებას, საიდანაც 96 მილიონს წითელასა და ჰეპატიტის ვაქცინა გადაარჩენს.
შედეგები დიდწილად ეთანხმება წინა შეფასებას, რომელმაც დაადგინა, რომ 2001 წლიდან დღემდე, მსოფლიოს 73 ყველაზე ღარიბ ქვეყანაში ვაქცინებმა დაახლოებით 20 მილიონი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.
ცოტა ხნის წინ დადგინდა ისიც, რომ მხოლოდ წითელას ვაქცინამ, 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში თავიდან აგვაცილა 20 მილიონი ადამიანის სიკვდილი.
„იმის შეფასებით, რამდენად მაღალი იქნება სიკვდილიანობის დონე ვაქცინაციის პროგრამების გარეშე, ჩვენმა კვლევამ წარმოაჩინა, რამდენად გადამწყვეტია ვაქცინაციის მაღალი დაფარვის შენარჩუნება“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი კეტი გეიტორფი.
სტატუსკვოს შენარჩუნება სურათის მხოლოდ ნაწილია. საკვანძო პრიორიტეტია ვაქცინაციით დაფარვის ზრდაც, განსაკუთრებით გარკვეულ ახალ ვაქცინათა შემთხვევაში.
მაგალითად, თუ ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია საკმარის ხალხს ჩაუტარდება, ექსპერტები ფიქრობენ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო საუკუნის ბოლოსთვის შეიძლება სრულიად ამოიძირკვოს დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში. უფრო მეტიც, ახალი მოდელის პროგნოზით, გოგონებში ადამიანის პაპილომავირუსზე ვაქცინაციის დაფარვის ზრდა უფრო მეტ სიცოცხლეს გადაარჩენს ყოველ ვაქცინირებულ პირზე, ვიდრე იმუნიზაციის სხვა პროგრამები.
კვლევის ფარგლებში დადგინდა ისიც, რომ ძლიერ ეფექტიანია პნევმონიის გარკვეული ფორმების პრევენციის მიზნით ვაქცინაციაც, რომლის სარგებლის გაზრდაც ღარიბ ქვეყნებში უფრო მეტად არის შესაძლებელი. PCV-ის სახელით ცნობილ ამ ვაქცინებს უდიდესი გავლენა აქვს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის პრევენციაში.
ეჭვგარეშეა, რომ ამ მოდელირებით მიღებული შეფასებები დაავადებების მიმართ ჩვენეული აღქმისა და ვაქცინაციის პროგრამების გაუმჯობესებასთან ერთად შეიცვლება, მაგრამ ამ კვლევის ფართო მასშტაბი მუშაობისათვის საჭირო შესანიშნავ საფუძველს გვაძლევს.
ვაქცინაციის პროგრამები აშკარად მუშაობს. ახლა მხოლოდ ის არის საჭირო, რომ მასზე წვდომა ყველას ჰქონდეს.
კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.