ანტარქტიდაზე მეცნიერებმა კიდევ ერთი ტემპერატურული რეკორდი აღრიცხეს, ამჯერად +20.75 გრადუსი ცელსიუსი. ამ მაჩვენებლით გადაილახა 20-გრადუსიანი ბარიერი, პირველად მას შემდეგ, რაც მონაცემებს ვიწერთ.
„ანტარქტიდაზე ასეთი მაღალი ტემპერატურა არასოდეს გვინახავს“, — ამბობს ბრაზილიელი მეცნიერი კარლუს შეფერი.
მისი განცხადებით, ტემპერატურა კონტინენტის ჩრდილოეთ წვერთან მდებარე კუნძულზე მოქმედმა სადგურმა 9 თებერვალს ჩაიწერა. მისივე თქმით, ამას მნიშვნელობა არ აქვს კლიმატის ცვლილების ტენდენციის თვალსაზრისით, რადგან წარმოადგენს ერთჯერად ტემპერატურას და არ მიეკუთვნება მონაცემთა გრძელვადიან კომპლექტს.
თუმცა, ყინულოვან კონტინენტზე ასეთი მაღალი ტემპერატურა ნამდვილად აჩენს კიდევ უფრო მეტ შიშს პლანეტის გათბობის შესახებ.
ტემპერატურა კუნძულ სეიმურზე დაფიქსირდა, რომელიც ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაპირთან მდებარეობს. კუნძულზე ოპერირებს არგენტინის მეტეოროლოგიური სადგური, სახელად „მარამბიო“.
კარლუს შეფერი ჩართულია 20-წლიან სამეცნიერო პროექტში, რომლის ფარგლებშიც იკვლევენ კლიმატის ცვლილების გავლენას ანტარქტიდის მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგებზე.
მისი თქმით, ამ კუნძულზე წინა რეკორდი 19 გრადუსი იყო.
„მხოლოდ ამის საფუძველზე შეუძლებელია იმის თქმა, რომ ასეთი ტემპერატურა კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. ეს გახლავთ უბრალოდ სიგნალი, რომ ამ ზონაში რაღაც სხვა ხდება“, — ამბობს შეფერი.
ანტარქტიდის მყინვარებისა და ყინულოვანი საფარის დნობის აჩქარება მაღლა სწევს ზღვის დონეს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სანაპირო მეგაქალაქებსა და პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებს.
ერთი კვირის წინ, არგენტინის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ანტარქტიდის ნახევარკუნძულის წვერზე განთავსებულ სადგურ „ესპერანსაზე“ +18,3 გრადუსი ცელსიუსი დააფიქსირა.
ამ ზონაში წინა რეკორდი 2015 წლის 24 მარტს ფიქსირდებოდა, +17,5 გრადუსი.
2019 მეორე ყველაზე ცხელი წელი იყო მას შემდეგ, რაც მონაცემები გაგვაჩნია. ყველაზე ცხელი წელი კი 2016-ია.
ტენდენციას 2020 წელიც აგრძელებს — გასული თვე ყველაზე ცხელი იანვარი იყო.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.