20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის საქმის არსებითი განხილვა 17 სექტემბერს დაიწყება
20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის საქმის არსებითი განხილვა 17 სექტემბერს დაიწყება

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული სპეცრაზმელის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 17 სექტემბერს დაიწყება.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემაზე შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც ბრალდებულის ადვოკატიც დაეთანხმა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი სამართლებრივი დევნის შეწყვეტის და შესაბამისად, საქმის განხილვა არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა.

პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. თუმცა გიორგი ესიაშვილი მის ბრალდებაზე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.
ბრალდებულის ადვოკატის, ზაზა არჩვაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად იზიარებს წარდგენილ ბრალდებას და მათ სასამართლო სხდომაზე რაიმე შუამდგომლობით მოსამართლისთვის არ მიუმართავთ.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების ჩამონათვალშია მოწმეების ჩვენებები, მათ შორის დაზარალებულების და ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებიდან ამოღებული ვიდეოკადრები.

გიორგი ესიაშვილი ივლისში დააკავეს და მას სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 17 სექტემბერს 15:00 საათზე გაიმართება.