20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულთა პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული შვიდი პირის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდნენ, აქცია გაიმართა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას და სამართლიან სასამართლოს მოითხოვდნენ. ასევე აქციაზე იმყოფებოდნენ ერთ-ერთი დაკავებულის, ბესიკ თამლიანის ახლობლები.
20-21 ივნისის საქმის პროკურორებმა კი, წინასასამართლო სხდომის შემდეგ სასამართლოს შენობა მანდატურების დახმარებით, სასამართლოს სათადარიგო კარით, კომენტარის გარეშე დატოვეს. სხვა შემთხვევებში, პროკურორები ცენტრალური კარიდან სარგებლობენ, სადაც პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა.
ამასთან, აქციის მონაწილეები წინ გადაუდგნენ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორის ავტომობილს. საქალაქო სასამართლოში დღეს ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც იმსჯელეს.
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული შვიდი პირის მიმართ, მოსამართლე ლევან გელოვანმა პატიმრობის შესახებ აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა. 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული შვიდი პირის წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაკავებულების ადვოკატების შუამდგომლობები, რომლითაც ისინი საქმის შეწყვეტას ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმე არსებით განხილვაზე გადაიცა.
ბიზნსმენ ავთანდილ წერეთელს კი, რომელსაც ბრალი წარდგენილი აქვს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით) დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ასევე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.