1960-იან წლებში ანტარქტიდაზე დაკარგული საფულე მფლობელს ახლა დაუბრუნეს
ამერიკელი პოლ გრიშემის საფულე იმდენად დიდხანს იყო დაკარგული მსოფლიოს დასალიერში, რომ მის შესახებ დაავიწყდა კიდეც.
საკუთარი საფულე ქალაქ სან-დიეგოში მცხოვრებ 91 წლის კაცს 53 წლის შემდეგ დაუბრუნეს; რა თქმა უნდა, უამრავ მოგონებასთან ერთად, რომლებიც მის 13-თვიან მივლინებასთან იყო დაკავშირებული ანტარქტიდის საზღვაო მეტეოროლოგიურ სადგურზე 1960-იან წლებში.
„გავოგნდი. აღარც კი მახსოვდა“, — იხსენებს გრიშემი.
საფულეში მოთავსებული იყო მისი საზღვაო ID ბარათი, მართვის მოწმობა და ჯიბის საცნობარო ბარათი, რომელზეც ეწერა ინსტრუქცია იმის შესახებ, როგორ უნდა მოქცეულიყო ატომური, ბიოლოგიური ან ქიმიური თავდასხმისას, ლუდის მისაღები ტალონი, განცხადება გადასახადების შეჩერების შესახებ და ცოლისთვის გაგზავნილი ფულადი გზავნილების ქვითრები.
არიზონის შტატში გაზრდილი გრიშემი აშშ-ის ფლოტში 1948 წელს ჩაირიცხა. თავდაპირველად მეტეოროლოგიურ ხელსაწყოთა ტექნიკოსი გახდა, მოგვიანებით კი სინოპტიკოსი.
1967 წლის ოქტომბერში, ოპერაცია Deep Freeze-ის ფარგლებში ის ანტარქტიდაზე გაგზავნეს. მაშინ ის 30 წელს იყო გადაცილებული, ჰყავდა ცოლი და ორი შვილი.
13-თვიანი მივლინების დროს, ერთ დღეს გრიშემმა საფულე სადღაც დაკარგა. მოგვიანებით ამის შესახებ დაავიწყდა კიდეც.
საფულე 2014 წელს იპოვეს, როსის კუნძულზე სადგურის დემონტაჟისას, საკეტი განჯინის უკან. თუმცა, გაცილებით რთული აღმოჩნდა მისი პატრონის პოვნა — საჭირო გახდა მრავალი მეილის, ფეისბუქ-შეტყობინებისა თუ წერილის გაგზავნა.
პოლ გრიშემი ფლოტიდან 1977 წელს გადადგა. ამჟამად 91 წლისაა. 2000 წელს ცოლი დაეღუპა, 2003 წელს კი ხელახლა იქორწინა.