15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ბათუმში მდუმარე აქცია გაიმართა
ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეებმა, მოძრაობა „ალტერნატივისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, მდუმარე აქცია გამართეს. მათ გარდაცვლილ ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს.
შეკრებილები შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
ევროპის მოედანზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად მსვლელობა აბაშიძის ქუჩიდან დაიწყეს.
„სისტემა უნდა დაინგრეს, ამ შემზარავმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ საბჭოთა სისტემა გვაქვს, ფასადი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. ფასადზე წარწერილი „ამ ცხოვრების დედაც“ არ ეძია ყველამ. განათლების სისტემამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველამ ფორმალურად ვალი მოიხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკისთვის რომ ჰქონოდა, თითქოს საქმე გახსნეს – ადამიანი, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ვეკითხები სახელმწიფოს – რა სამართლებრივი სიკეთე გადავარჩინეთ, ღირდა?“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მირდატ ქამადაძემ.
აქცია აჭარის ტელევიზიასთანაც მოეწყო.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.