გიორგი გუგავა - არალეგიტიმურ პარლამენტს, როგორც მარსის ათვისების საკითხის განხილვა არ შეუძლია, ასევე ვერ გადაწყვეტს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხსაც
არალეგიტიმურ პარლამენტს თამამად შეუძლია, განიხილოს მარსის ათვისების საკითხები, როგორც ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს, ასე ვერ გადაწყვეტს საკონსტიტუციო საკითხებს,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.
როგორც გიორგი გუგავამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შესაბამისად, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
„ქართული ოცნება“ მკვდრადშობილია. მთავარი საკითხი ბარიერი რამდენი იქნება ის კი არ არის, მთავარი საკითხია ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თუ ამაზე შეთანხმება მოხდება, შემდგომ უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ წესებზე, ფორმებზე, როგორ თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რამდენი იყოს ბარიერი და როგორი უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქის ნება ხელისუფლების ფორმირების საკითხში“, – განაცხადა გუგავამ.
საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა. ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა. კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერის ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირება იგეგმება. პარლამენტში აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება უკვე დარეგისტრირდა.