12:00 საათის მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 24,33% შეადგინა
12:00 საათის მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 24,33% შეადგინა

54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 24,33% შეადგინა, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საკუთარი არჩევანი 11 708 ამომრჩეველმა დააფიქსირა.

საერთო ჯამში, 60 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი.

„ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გამოხატოს თავისი კონსტიტუციური ნება.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში;

გარდა ამისა, 20:00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.