კოსმოსში გაფრენაზე ადამიანი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ოცნებობდა. საცერემონიო და სამხედრო მიზნებისთვის ჩინელები რაკეტებს საუკუნეების წინაც იყენებდნენ, თუმცა მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა იმ სიმძლავრის რაკეტები, რომელთაც გრავიტაციის დაძლევა შესძლეს, ორბიტული სიჩქარე განავითარეს და ადამიანებს კოსმოსი კვლევისათვის გაუხსნეს.
როგორც მეცნიერებაში ხშირად ხდება ხოლმე, კოსმოსში გასაფრენად საჭირო რაკეტათა ძრავების პირველადი დიზაინი, მე-20 საუკუნეში ერთსა და იმავე დროს შექმნეს სამ სხვადასხვა ქვეყანაში, სამმა სხვადასხვა მეცნიერმა: რუსეთში — კონსტანტინ ციოლკოვსკიმ, აშშ-ში — რობერტ გოდარდმა და გერმანიაში — ჰერმან ობერტმა.
1930-1940-იან წლებში, ნაცისტურმა გერმანიამ დიდმანძლიანი რაკეტების სამხედრო იარაღად გამოყენების შესაძლებლობა განავითარა. მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში, ლონდონი დაიბომბა 322 კმ დიაპაზონის მქონე V-2 რაკეტებით, რომლებიც ინგლისის არხის თავზე 96 კმ სიმაღლიდან დაეშვა 5600 კმ/სთ სიჩქარით.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა საკუთარი სარაკეტო პროგრამები შექმნეს. 1957 წლის 4 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა პირველი ხელოვნური თანამგზავრი, სპუტნიკ 1. ოთხი წლის შემდეგ, 1961 წლის 12 აპრილს, საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გავიდა ხომალდ ვოსტოკ 1-ით. ფრენა 108 წუთს გაგრძელდა და აგაგრინმა 327 კმ სიმაღლეს მიაღწია.
აშშ-ის პირველი თანამგზავრი, Explorer 1 ორბიტაზე 1958 წლის 31 იანვარს გავიდა. 1961 წელს, ალან შეპარდი პირველი ამერიკელი გახდა, რომელიც კოსმოსშ გაფრინდა. 1962 წლის 20 თებერვალს, ჯონ გლენი პირველი ამარიკელი გახდა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გავიდა.
„უახლოეს ათწლეულში ადამიანის მთვარეზე დაჯდომა და უკან, დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნება“ 1961 წელს ეროვნულ მიზნად დაისახა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ. 1969 წლის 20 ივლისს, ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა „კაცობრიობისთვის უდიდესი ნაბიჯი გადადგა“ — მთვარის ზედაპირზე. 1969-1972 წლებში, მთვარის კვლევის მიზნით აპოლოს ექვსი მისია განხორციელდა.
1960-იან წლებში, ასტრონავტთა დაჯდომამდე, მთვარეზე დაჯდა და ფოტოები გადაიღო უპილოტო ზონდმა. 1970-იანი წლების დასაწყისში, ორბიტული კომუნიკაციები და სანავიგაციო თანამგზავრები უკვე აქტიურად გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამავე პერიოდში, ხომალდი Mariner-ი მარსის ორბიტაზე გავიდა და შეადგინა მისი ზედაპირის რუკები. დეკადის დასასრულისთვის, ხომალდმა ვოიაჯერმა დედამიწაზე გამოაგზავნა იუპიტერის, სატურნის, მათი რგოლებისა და მთვარეების დეტალური სურათები.
1970-იან წლებში, ამერიკამ თავის პირველი კოსმოსური სადგური Skylab-ი შექმნა. ამის შემდეგ განხორციელდა მსოფლიოს პირველი საერთაშორისო ეკიპაჟიანი კოსმოსური მისია „აპოლო-სოიუზის სატესტო პროექტი“.
1980-იან წლებში, თანამგზავრულმა კომუნიკაციებმა სატელევიზიო არხებიც მოიცვა და ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ, სატელიტური სიგნალები საკუთარ სახლებში, თეფში-ანტენების საშუალებით მიეღოთ. თანამგზავრებმა აღმოაჩინეს ოზონის ხვრელი ანტარქტიდის თავზე, აფიქსირებდნენ ხანძრებს ტყეებში, 1986 წელს კი გადაიღეს ჩერნობილის ატომურ ელექროსადგურზე მომხდარი კატასტროფის ფოტოები. ასტრონომიულმა თანამგზავრებმა აღმოაჩინეს მილიონობით ახალი ვარსკვლავი და სრულიად ახალი ინფორმაცია მოგვცეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ნაწილის შესახებ.
1981 წლის აპრილში გაეშვა კოსმოსური შატლი Columbia. შატლის 24-მა წარმატებულმა მისიამ დააკმაყოფილა მრავალი სამეცნიერო და სამეხდრო მოთხოვნა. თუმცა 1986 წელს, აფეთქდა შატლი Challenger-ი, რასაც ეკიპაჟის შვიდი წევრი ემსხვერპლა.
Challenger-ის ტრაგედიამ ამერიკას კოსმოსური პროგრამის გადაფასებისკენ უბიძგა. ახალი მიზანი იყო სათანადო გამშვები სისტემა, რომლებიც თანამგზავრებთან ერთად გაეშვებოდა. დღეისათვის გაშვების რამდენიმე მეთოდი არსებობს და გამშვები ინფრასტრუქტურა თავსებადია რამდენიმე გამშვებ სისტემასთან.
სპარსეთის ყურის ომმა ნათლად დაამტკიცა თანამგზავრთა როლი თანამედროვე კონფლიქტებში. ამ ომის მსვლელობისას, კოსმოსური თანამგზავრები მოკავშირეთა ძალებს გადამწყვეტ უპირატესობას აძლევდა. თანამგზავრებს აქტიურად იყენებდნენ მტრის ჯარების შენაერთების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მტრის სარაკეტო თავდასხმების შესახებ გასაფრთხილებლად; გარდა ამისა, უზრუნველყოფდა ზუსტ ნავიგაციას უფერულ უდაბნოში. თანამგზავრების უპირატესობამ კოალიციურ ძალებს შესაძლებლობა მისცა სწრაფად დაესრულებინათ ომი და გადაერჩინათ მრავალი სიცოცხლე.
კოსმოსური სისტემები უფრო და უფრო ინტეგრირებული ხდება მრავალი ქვეყნის თავდაცვაში, ამინდის ზედამხედველობაში, კომუნიკაციებში, ნავიგაციაში, ფოტოგრაფიაში, აქტიურად აკონტროლებს ხანძრებსა და სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური კვლევითი ლაბორატორიაა დედამიწის ორბიტაზე. მის დაპროექტებასა და აგებაში წვლილი შეიტანამ მრავალმა სხვადასხვა პარტნიორმა. ეს მოლივლივე ლაბორატორია თანამშრომლობის სიმბოლო გახდა კოსმოსის კვლევის სფეროში, სადაც ყოფილი კონკურენტები ერთად მუშაობენ.
სამომავლო კოსმოსური გამშვები სისტემების დაპროექტება მიმართული იქნება ხარჯების შემცირებისკენ, საიმედოობის, უსაფრთხოებისა და გამძლეობის გაუმჯობესებისკენ. გამშვებ სისტემებს ამუშავებს მრავალი სხვადასხვა ქვეყანა, აქტიურ კონკურენციაშია კერძო ბაზარიც, რაც აუცილებლად გამოიწვევს ახალი თაობის გამშვები სისტემების შექმნას.
მომზადებულია aerospace.org-ის მიხედვით