12, 13 და 14 დეკემბერს თბილისში „სუხიშვილების“ წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართება
საგასტროლო ტურნედან დაბრუნების შემდეგ, ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“დედაქალაქში წლის შემაჯამებელ კონცერტს გამართავს.
ნაციონალური ბალეტის წარმოდგენებს სამი დღის განმავლობაში – 12,13 და 14 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს.
განახლებული პროგრამა ორნაწილიანია. კონცერტზე 17 ცეკვა შესრულდება, რომელთაგან ერთს მაყურებელი პირველად იხილავს.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ცეკვის ქორეოგრაფიაზე ამ დრომდე მუშაობს. ცეკვისთვის სპეციალურად იკერება კოსტიუმები.
სუხიშვილების ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, შესრულდება ახალი ცეკვებიც, რომლებიც ქართველმა მაყურებელმა პირველად „ბლექ სი არენაზე“ გამართულ კონცერტზე იხილა. „ცეკვა ქართულს“, „ოტობაიასა“ და ნიაზ დიასამიძის „რქაწითელზე“ დადგმულ ქორეოგრაფიას, სახელწოდებით „თამაში“, დასი თბილისში პირველად შეასრულებს.
ანსამბლი „სუხიშვილები“ ხანგრძლივი საგასტროლო ტურნედან ნოემბერში დაბრუნდა. ნაციონალურმა ბალეტმა კონცერტები გამართა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ისრაელში.
თბილისში გამართული კონცერტების შემდეგ, „სუხიშვილები“ იანვრის ბოლო რიცხვებიდან ისევ ტურნეში მიემგზავრებიან. რამდენიმეთვიანი გასტროლის ფარგლებში, დაგეგმილია კონცერტები ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, სერბეთში, ხორვატიასა და უკრაინაში. ნაციონალური ბალეტი საქართველოში აპრილის ბოლოს დაბრუნდება.