11 ნოემბერს მერკურის ტრანზიტია — როგორ და რა დროს დავაკვირდეთ იშვიათ ასტრონომიულ მოვლენას
11 ნოემბერს მერკურის ტრანზიტია — როგორ და რა დროს დავაკვირდეთ იშვიათ ასტრონომიულ მოვლენას

ორშაბათს, 11 ნოემბერს, მერკური მზესა და დედამიწას შორის ჩაივლის, რაც ჩვენი პლანეტიდანაც გამოჩნდება. ამ მოვლენას მერკურის ტრანზიტს უწოდებენ და ხდება საუკუნეში 13-ჯერ. ბოლოს ის 2016 წელს მოხდა, შემდეგი კი 2032 წელს იქნება. შესაბამისად, გირჩევთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ადამიანთა უმეტესობა მოვლენას ვერ დაინახავს. ვენერას ტრანზიტთან შედარებით, მერკურის ტრანზიტზე დაკვირვება გაცილებით რთულია. მერკური იმდენად პატარაა, რომ ტელესკოპის გარეშე მზის დისკოზე მისი შემჩნევა არც ისე ადვილია.

ამჟამად მერკურის ტრანზიტი მხოლოდ ასტრონომიული ცნოიბისმოყვარეობაა და მეტი არაფერი. მის სანახავად მოყვარული ასტრონომები ერთმანეთს ეჯიბრებიან. თუმცა, იყო დრო, როცა მერკურის ტრანზიტი ასტრონომიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და მისი საშუალებით, ასტრონომები სამყაროს ზომის გაზომვასაც კი ცდილობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ასტრონომები ნამდვილი ექსპერტები იყვნენ ღამის ცის დაკვირვებაში, გაზომვებში მრავალ წინაღობას აწყდებოდნენ. შეეძლოთ ეპოვნათ ვარსკვლავისა თუ პლანეტის პოზიცია კონკრეტულ დროს, მაგრამ არაფერი იცოდნენ მათი დაშორების შესახებ. მზის სისტემის მასშტაბით, მათ მხოლოდ შედარებითი მანძილების დადგენა შეეძლოთ.

მაგალითად, შეეძლოთ ელონგაციის გაზომვა, რაც წარმოადგენს პლანეტის ხილულ კუთხეს მზისგან. ვენერას მაქსიმალური ელონგაცია დაახლოებით 46°-ია. თუ ჩავთვლით, რომ დედამიწისა და ვენერას ორბიტები წრიულია, მარტივი გეომეტრიული გამოთვლით მივხვდებით, რომ ვენერა მზისგან დაშორებულია დედამიწის დაშორების 70 პროცენტით. მერკურის მაქსიმალური ელონგაცია 28°-ია, ანუ მერკურის დაშორება მზიდან დედამიწის დაშორების 40 პროცენტია. თუმცა, ვერც ერთი ეს მეთოდი ვერაფერს გეტყვით მზიდან მათი რეალური დაშორების შესახებ.

საუკუნეთა განმავლობაში ძველმა ასტრონომებმა მრავალი შედარებითი მანძილი გამოთვალეს და შესაბამისად, იცოდნენ მათი შედარებითი მასშტაბები მზის სისტემაში. თუმცა, უცნობი რჩებოდა დედამიწის მზისგან დაშორების მაჩვენებელი. ძვ. წ. 200-იანი წლების შუა პერიოდში, არისტარქე სამოსელმა მზისა და მთვარის გაზომვების საფუძველზე დაასკვნა, რომ ჩვენი პლანეტა მზისგან დაშორებული იყო დედამიწის დაახლოებით 400 რადიუსით. ეს მაჩვენებელი რეალურ მანძილზე 60-ჯერ ნაკლებია. მოგვიანებით ჰიპარქემ ეს მანძილი დედამიწის 1200 რადიუსით შეაფასა; 1400-იან წლებში ეს მაჩვენებელი ზოგადად აღიარებული გახდა.

პრობლემას ის ქმნიდა, რომ ასტრონომიული ობიექტები დროთა განმავლობაში ცაზე გადაადგილდებიან. საკმაოდ ზუსტი გაზომვის ჩატარება შესაძლებელია პარალაქსის მეთოდით, მაგრამ ეს უკანასკნელი მოითხოვს ობიექტზე ერთდროულ დაკვირვებას დედამიწის ორი სხვადასხვა ადგილიდან. მექანიკური საათები ამისათვის საკმარისად ზუსტი არ იყო. თუმცა, პლანეტის ტრანზიტი საათის საჭიროებას ანაცვლებდა. როცა ორი ასტრონომი ტრანზიტს აკვირდება, მათ იციან, რომ მოვლენას ერთდროულად აკვირდებიან.

1600-იან წლებში მერკურის ტრანზიტზე დაკვირვება ნამდვილ შეჯიბრს წარმოადგენდა. პირველი წარმატებული დაკვირვება ფრანგმა ასტრონომმა პიერ გასენდიმ განახორციელა 1631 წელს. მან შენიშნა, რომ მერკური მზის დისკოზე იმაზე პატარა ჩრდილის სახით ჩანდა, ვიდრე ელოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დედამიწა მზისგან იმაზე მეტად უნდა ყოფილიყო დაშორებული, ვიდრე იმ დროისათვის ზოგადად მიიჩნეოდა. ეს გახლდათ პირველი ნამდვილი გასაღები მზის სისტემის რეალური მასშტაბის შესახებ.

1677 წელს მერკურის ტრანზიტს დააკვირდნენ ინგლისელი ასტრონომი ედმუნდ ჰალეი და ინგლისელი მათემატიკოსი რიჩარდ თაუნლი. შედეგად, მათ საკმაოდ მართებულად გაზომეს დედამიწის დაშორება მზისგან. ეს გამოთვლა კიდევ უფრო დაზუსტდა 1700-იან წლებში ვენერას ტრანზიტზე დაკვირვების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ვენერაზე დაკვირვება უფრო ზუსტი აღმოჩნდა, სამყაროს მასშტაბების შესახებ პირველი წარმოდგენა სწორედ მერკურის ტრანზიტმა მოგვცა.

ახლა, როცა უკვე იცით, რამდენად მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა შეგიძლიათ იხილოთ საკუთარი თვალით, გირჩევთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მზეს შეუიარაღებელი თვალით არ შეხედოთ. მოვლენის შესამჩნევად იდეალურია მზის დაბნელების სათვალეები, ან იგივე მეთოდები (ფილტრები), რითაც მზის ნაწილობრივ დაბნელებას აკვირდებით.

მერკურის ტრანზიტი ორშაბათს, 11 ნოემბერს, თბილისის დროით 16:35 საათზე დაიწყება. 17:41 საათისთვის მერკური მზის დისკოს ცენტრში მოექცევა, მაგრამ 17:44 საათისთვის მზე უკვე ჩასვლას დაიწყებს, ამიტომ გირჩევთ, მოვლენას სადმე შემაღლებული ან თავისუფალი ჰორიზონტის მქონე ადგილიდან დააკვირდეთ.

გაგვიმართლა იმაშიც, რომ 11 ნოემბრისთვის საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უღრუბლო ამინდია მოსალოდნელი.

და თუ დაკვირვება მაინც გამოგრჩათ, გეტყვით, რომ მერკურის ტრანზიტს გადაიღებს საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე. ფოტომასალას 1tv.ge შემოგთავაზებთ.