რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ლიდერებმა პარიზში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, 190 ქვეყანა გლობალური დათბობის შემცირებაზე იზრუნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ ლიდერების მიერ დადებული პირობის შესრულების იმედი შეგვიძლია ვიქონიოთ, თითოეულ ჩვენგანს ინდივიდულაურადაც შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი ადამიანის მიზეზით გამოწვეული გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, იცით თუ არა, რომ ბრიტანეთში წარმოქმნილი ნახშირორჟანგის 42 % ინდივიდუალურ პირებზე მოდის?
ორგანიზაცია The DoNation მოსახლეობას იმ ქმედებების ჩამონათვალს სთავაზობს, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელია ინდივიდუალური წვლილის შეტანა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აღნიშნული ქმედებები სასარგებლო იქნება არა მხოლოდ პლანეტისთვის, არამედ თქვენი გონების, სხეულისა და საფულისთვისაც კი…
1. უარი თქვით ხორცზე
რა? – უარი თქვით ხორცზე კვირაში თუნდაც რამდენიმე დღით. ამით არა მარტო თქვენს გულსა და ჯიბეს მოუფრთხილდებით, არამედ პლანეტასაც.
რატომ? – სათბური გაზების 18 % მეცხოველეობის ფრემების მიერ გამოიყოფა. ერთი ძროხა მეტ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე თქვენი მანქანა 1 საათის განმავლობაში ან სახლში ყველა ნათურის ჩართული დატოვება.
2. მანქანა ნელა ატარეთ
რა? – შეამცირეთ გზებზე მანქანის სიჩქარე, ბოლომდე დაბერეთ საბურავები. ეს თქვენი ავტომობილის ეფექტიანობასაც გაზრდის.
რატომ? – CO2-ის დაახლოებით მეოთხედს საავტომობილო ტრანსპორტი გამოყოფს. 80 კმ/სთ-ით მოძრაობა 25%-ით მეტ საწვავს მოითხოვს, ვიდრე მოძრაობა 70 კმ/სთ-ით.
3. არ გადაადუღოთ ჩაიდანი
რა? – ჩაიდანში მხოლოდ იმდენი წყალი ჩაასხით, რამდენიც გჭირდებათ. დაზოგეთ წყალი, დაზოგეთ ელექტროენერგია.
რატომ? – მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად ტყუილად ადუღებენ 30 მილიონ ლიტრ წყალს, რომელიც შემდეგ ისევ ცივდება.
4. ღამით ელექტროტექნიკა გამორთეთ
რა? – ღამით აუცილებლად გამორთეთ კომპიუტერები, ნათურები, ტელევიზორები და სხვა მოწყობილობები.
რატომ? – ეს ენერგიის დაზოგვის უძველესი და უმარტივესი მეთოდია. მაგალითად, თუ ბრიტანეთში, ოფისში მომუშავე 17 მილიონი ადამიანი ღამით თავის კომპიუტერებს გამორთავს, ნახშირორჟანგის შემცირება გზებიდან 245 000 მანქანის მოშორების ეკვივალენტი იქნება.
5. დაარეგულირეთ კომპიუტერის მუშაობა
რა? – თქვენი კომპიუტერი ისე დაარეგულირეთ, რომ ავტომატურად გამოირთოს, როცა მას არ იყენებთ, ასევე დარწმუნდით, რომ მონიტორის სიკაშკაშე საჭიროზე მეტი არაა.
რატომ? – კომპიუტერის მიერ მოხმარებული ენერგიის 65% იხარჯება ტყუილად და არა აქტიური მოხმარებისას.
6. ისეირნეთ მეტი
რა? – საწვავში, ავტობუსებისა და მატარებლის ბილეთებში ფულის ხარჯვის ნაცვლად, მეტი იარეთ ფეხით, როცა ამის შესაძლებლობა გაქვთ. ეს მართლაც საკმაოდ ადვილია.
რატომ? – როგორც ორგანიზაცია DoNation აღნიშნავს: „სერნობა აუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას, ზოგავს თქვენს ფულს, გაძლევთ ფიქრის, საუბრისა და ოცნების დროს, ამცირებს სტრესს, გხდით უფრო ფრთხილს, პროდუქტიულს, ზრდის თქვენს დამოუკიდებლობას. რაც მთავარია, სეირნობა ნახშირორჟანგის გამოყოფას არ იწვევს“.
7. იკვებეთ სეზონურად და ლოკალურად
რა? – მაგალითად, შეეცადეთ, ზამთარში არ მიირთვათ პომიდორი და სხვა არასეზონური საკვები.
რატომ? – ლოკალური კვება პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ თქვენამდე მოსატან საკვებს ათასობით კილომეტრის გავლა არ უწევს, რაც თავის მხრივ, ნახშირორჟანგის გამოყოფას განაპირობებს. სეზონური კვება კი იმას გულისხმობს, რომ ამა თუ იმ საკვების მისაღებად სპეციალური პირობების შექმნა არაა საჭირო, მაგალითად სათბურების.
8. შეამცირეთ შხაპის მიღების დრო
რა? – დილაობით, შეამცირეთ შხაპის მიღების დრო. აბაზანაში გატარებული ყოველი წუთი დაახლოებით 10 ლიტრ წყალს დაზოგავს.
რატომ? – ყოველდღიურად, შხაპის ქვეშ გატარებული 8-9 წუთში ჩვენ წყლის წლიური მოხმარების 12%-ს ვხარჯავთ. ამ დროის შემცირება შეამცირებს ელექტროენერგიის ხარჯსაც.
9. ნაკლებად მიიღეთ უსარგებლო საფოსტო გზავნილები
რა? – ამოშალეთ თქვენი სახელი ყველა იმ საფოსტო გზავნილთა სერვისიდან, რომელიც უბრალოდ არ გჭირდებათ. შედეგად, თქვენ მიიღებთ ნაკლებ უსარგებლო გზავნილს და მხოლოდ იმას, რაც გჭირდებათ.
რატომ? – მაგალითად, ბრიტანეთში ყოველწლირად დაახლოებით 2,7 მილიარდი უსარგებლო ამანათი იზავნება, რაც რა თქმა უნდა, ქაღალდს, ელექტროენერგიასა და ტრანსპორტირებას მოითხოვს.
10. შეაგულიანეთ სხვები, გააკეთონ იგივე
გლობალური ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს, დნება პოლარული ყინულები, იზრდება მსოფლიო მოსახლეობა, შესაბამისად, იზრდება რესურსებისა და ენერგიის მოხმარებაც. გლობალური დათბობის წინააღმდეგ მოქმედების დრო კი სწორედ ახლაა და არა ხვალ!
წყარო: independent.co.uk