10 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე პერიოდში საზედამხედველო უწყებამ 25 ობიექტი დალუქა
10 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე პერიოდში საზედამხედველო უწყებამ 25 ობიექტი დალუქა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საზედამხედველო უწყებების მხრიდან განხორციელდა 1 842 აქტივობა, მათ შორის 1 571 ინსპექტირება, სადაც გაიცა გაფრთხილება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში გადამოწმდა კითხვარის შემთხვევაში და ობიექტები ფუნქციონირებდნენ რეკომენდაციების სრული დაცვით, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

ბექა ფერაძის თქმით, გარდა ამისა, დაჯარიმდა ერთი ობიექტი.

„აქვე მოგახსენებთ, 2021 წლის 10 აგვისტოდან, საანგარიშო პერიოდში, ანუ 6 სექტემბრის მდგომარეობით ჯამურად საზედამხედველო უწყების მხრიდან განხორციელდა 22 254 აქტივობა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ დაჯარიმდა 49 ობიექტი, მათ შორის იყო 30 იურიდიული და 19 ფიზიკური პირი და გარდა ამისა, რეგულაციების დარღვევის გამო დაილუქა 25 ობიექტი.

აღსანიშნავია, რომ გარდა აღსრულების მექანიზმისა, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის. ამ მიმართულებით სამინისტროს გუნდის მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია კოვიდსტატუსის დადგენის მიზნით, ე.წ კოვიდპასის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას. თქვენ იცით, რომ ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენთან, ე.წ. მწვანე ზონებზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი.

ამ აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ახდენს დადასტურებას, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას. აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში „პისიარ“ ტესტის უარყოფით პასუხს, ასევე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში. ასევე აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციის სრულ დოზაზე, ანუ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ორი დოზით იქნება აცრილი და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი თუ აქვს კოვიდი ადამიანს, ესეც იქნება დაფიქსირებული აღნიშნულ აპლიკაციაში.

აპლიკაციის შესახებ ჩვენ ვიწყებთ ბიზნესთან საკმაოდ აქტიურ შეხვედრებს. უახლოეს დღეებში ჩვენ გავმართავთ სექტორული მიმართულებით ბიზნესთან შეხვედრებს და გავაცნობთ მათ ამ აპლიკაციის მოხმარების შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენოს, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას. ეს არის პირველ ეტაპზე სარეკომენდაციო ხასიათი და მოგეხსენებათ, რომ ბევრმა ორგანიზაციამ მათივე სურვილით, უკვე დანერგა აღნიშნული აპლიკაცია და არის უკვე მოხმარებაში. ჩვენ რაც გადავამოწმეთ, საკმაოდ წარმატებით არის აპლიკაცია გაშვებული და სექტორული მიმართულებით, როდესაც ბიზნესთან წარვადგენთ უკვე ამ აპლიკაციას, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ და დანერგონ პრაქტიკაში აპლიკაციით მწვანე ზონებით სარგებლობის ის თავისებურებები, რომელიც მას ახასიათებს.

იმისთვის, რომ მარტივად გამოიყენონ მოქალაქეებმა, ვისაც არ აქვს სმარტფონი, ამობეჭდვის შესაძლებლობა იქნება, რომ QR კოდი მას სულ თან ჰქონდეს. აპლიკაციის მეშვეობით მარტივად მოხდება იდენტიფიცირება ნებისმიერი მოქალაქის კოვიდსტატუსის განსაზღვრის შესახებ.

როგორც საქართველოს მოქალაქის, ისევე როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც საქართველოში ახდენს გარკვეულ აქტივობას, მათი მონაცემები არის დაფიქსირებული“, – განაცხადა ფერაძემ.

ამასთან, ბექა ფერაძეს შეკითხვა დაუსვეს, უცხო ქვეყანაში წაიკითხავენ თუ არა ხსენებულ QR კოდს.

„როგორც მოგახსენეთ, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში თუ ამის აუცილებლობა იქნება, ცხადია, რომ ნებისმიერი მიმართულებით მაქსიმალურად ის გამოწვევა მოქალაქეების მხრიდან იქნება აღმოფხვრილი. მიმდინარე კვირაში დავიწყებთ უკვე ბიზნესთან შეხვედრებს და სარეკომენდაციო ხასიათის აპლიკაცია შესაძლებელი იქნება, რომ გამოიყენონ უკვე მომდევნო კვირიდან“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.