ლესბოსელი აქტივისტი ნინო ბოლქვაძე ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს
ლესბოსელი აქტივისტი ნინო ბოლქვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს. ნინო ბოლქვაძე წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„1977 წელს დავიბადე. ბავშვობაში ვერის პარკში მდებარე ქართულ ეკლესიასთან მამასთან ერთად რომ ჩავივლიდი ხოლმე, კარი მუდამ დაკეტილი იყო და ზედ დიდი ბოქლომი ეკიდა. შემდგომში კარიც გაიღო და ჩვენ, საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბავშვებს, მოგვეცა იქ შესვლის უფლება.
მერე რა, რომ ლესბოსელი ქალი ვარ, მეც ადამიანი ვარ, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ, რომლისთვის ახლოა საკმევლის სურნელიც, სხვა ადამიანების გვერდით ლოცვის მადლიც, საკუთარი ცოდვების დაძლევის საჭიროებაც და უსუსურობაც, რომელიც ადამიანად დაბადებას უკავშირდება.
მსურს, დაგვინახოთ. არაფერია ჩვენში განსაკუთრებულად საშიში. იგივე ხორცისგან შევდგებით და იგივე ვნებები გვაქვს, რაც ნებისმიერ სხვას. იგივენაირად გვტკივა და გვიხარია. იგივენაირად ვტირით და განვიცდით. იგივენაირად გვიყვარს ჩვენი ახლობლები და ვცდილობთ, გვიყვარდეს მოყვასი მაშინაც, როდესაც მას ვძულვართ.
ალბათ მკითხავთ, რა საჭიროა გარეთ გამოსვლა. მეტყვით, რომ ჩვენი ცოდვის დემონსტრაციას ვახდენთ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებთ და საზოგადოებაში ვნებათაღელვას ვიწვევთ. გეტყვით, რომ საქართველოში ლგბტ ჯგუფის მიმართ წლების მანძილზე არსებულმა რეპრესიებმა განაპირობა ჩვენდამი შიში, ზიზღი და აგრესია. 2000 წლამდე ციხეში გვსვამდნენ. შემდეგ სენსაციასა და რეიტინგზე ორიენტირებული მედიები ჩვენ ეგზოტიცაციას და შედეგად მეტ მარგინალიზაციას იწვევდნენ.
შეუძლებელია ცხოვრება, როდესაც შენს ირგვლივ ადამიანებს ეზიზღები ან როდესაც შენი ეშინიათ. გვსურს, ჩვენმა დებმა და ძმებმა დაგვინახონ, რომ ჩვენ არც ურჩხულები ვართ და არც დემონები, მიხვდნენ, რომ ჩვენ შორის მსგავსება გაცილებით მეტია, ვიდრე სხვაობა. ვიზიარებთ სხვა საზოგადოებების გამოცდილებას და ვხედავთ, რომ მხოლოდ ამგვარად შეიძლება, გაქრეს ჩვენ შორის უფსკრული, რომელიც არავის არაფერს არგებს.
გთხოვთ, გაგვიგოთ და დაგვეხმაროთ ამ რთულ გზაზე“, – წერს ნინო ბოლქვაძე „ფეისბუქზე“.