„ცისფერი მთების”, “არაჩვეულებრივი გამოფენის”, “თეთრი ქარავნისა” და “შერეკილების” რეჟისორი ელდარ შენგელაია 85 წლის გახდა. 2018 წელი კინორეჟისორის საიუბილეო თარიღთან ერთად მისი ფილმის არაჩვეულებრივი „გამოფენის” წელია. ფრონტიდან დაბრუნებული არშემდგარი სკულპტორის თავგადასავალი ცისფერ ეკრანებზე 1968 წელს, ზუსტად 50 წლის წინ გამოვიდა.
როგორ უყურებთ საკუთარ ასაკს – 85 წელს?
– ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ. მინდა კიდევ ვიმუშაო, გადავიღო ფილმები. 3-4 ფილმი რომ გადავიღო, ძალიან კარგი იქნება.
რა გაძლევთ ძალას ფილმების გადასაღებად?
– ბოლო ფილმის გადაღება ძალიან რთული იყო. სხვადასხვა ქალაქში სპეცნაზის სცენის დადგმა გაგვიჭირდა. ფილმი დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა გადაღებული და ნელ-ნელა ვაკეთებდით ყველაფერს. ბოლოს, როგორც იქნა გადავიღეთ.
ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღე თუ გახსოვთ?
– თეთრ ქარავანს რომ ვიღებდი, მაშინ გადავიხადე ძალიან დიდი დაბადების დღე, გადასაღებ მოედანზე, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად.
არაჩვეულებრივი გამოფენის გამოსვლიდან 50 წელი გავიდა, რას ნიშნავს თქვენთვის ეს თარიღი?
– 50 წელი საკმაოდ დიდი დროა. როცა ამ ფილმს ვუყურებ, თითქოს მეც უბრალო მაყურებელი ვარ და სიმართლე გითხრათ, მომწონს.
რა არის მთავარი, რაც ამ ფილმში მოგწონთ?
– რეზო გაბრიაძის ძალიან კარგი სცენარი, ყანჩელის მუსიკა, მსახიობები – პიპინია, აგული, ლაშა, დოდო აბაშიძე, სალომე ქელბაქიანი და ბონავერტური.
რატომ უყვართ ეს ფილმი?
– არ ვიცი, ვერ გეტყვით, ძნელია თქმა, ალბათ, მოსწონს ხალხს. ეს ხალხმა უკეთ იცის. თავის დროზე საბჭოთა კავშირში იყო კატეგორიები მე-3, მე-2 და უმაღლესი 1-ელი კატეგორია. ამ ფილმმა ყველაზე დაბალი – მესამე კატეგორია მიიღო.
არ მოეწონათ ეს ფილმი?
– მაყურებელს კი არა, საბჭოთა კავშირში არ მოეწონათ. განსაკუთრებით არ მოეწონათ ის სცენა, როდესაც აგულის პერსონაჟს სამამულო ომში ჰიტლერის ხმა ედო. მითხრეს რომ ეს არის სამამულო ომის დაცინვა. მე დავბრუნდი თბილისში და ეს კადრი ამოვიღე. ასე გადარჩა ფილმი.
რატომ იგავი და თხრობის ასეთი ფორმა?
– როგორ გგონიათ საბჭოთა კავშირში პირდაპირ თქმა შეიძლებოდა?! – მაგალითად, “შერეკილები” არის ფილმი თავისუფლებაზე. მაშინ კომიტეტში მითხრეს, რომ ეს არის ზღაპარი. ჩვენ მალვით ვამბობდით სიმართლეს, თუ რა ხდებოდა საბჭოთა საზოგადოებაში.
რა ფენომენია ქართული კინო?
– ჩვენი ფილმები განსხვავდება სხვა ქვეყნების ფილმებისგან და არამარტო ფილმები, კინორეჟისორებიც. გიორგი შენგელაიას, თენგიზ აბულაძის, რეზო ჩხეიძის, ლანა ღოღობერიძის ფილმებში უფრო მეტი იუმორი გვხვდება, ვიდრე სხვაგან.
რამდენად მნიშვნელოვანია კინოს გადაღებისას შემოქმედებითი ჯგუფი?
– რეზო გაბრიაძე რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა არც „შერეკილები“ და არც “არაჩვეულებრივი გამოფენა”. რეზო ჭეიშვილი რომ არ ყოფილიყო არ იქნებოდა „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები“ და არც „ექსპრესს ინფორმაცია“. მწერალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სცენარი არის საფუძველი და როცა შენ თანამშრომლობ ასეთ ხალხთან, გაქვს შანსი გააკეთო კარგი ფილმი.
როგორია ელდარ შენგელაიას კინოხელწერა?
– მე ვერც ამას ვიტყვი. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ფილმებში გაზავებულია სევდა და იუმორი.
ფილმზე მუშაობის დაწყების წინ ტრადიცია გაქვთ, მშობლების საფლავზე გადიხართ, რატომ?
– ყველა ფილმის დაწყების წინ მივდივარ მშობლების საფლავზე, პანთეონში და ერთგვარად ვესაუბრები იმაზე, რაც უნდა გადავიღო და რაღაცნაირად მგონია, ისინი მლოცავენ, შესაბამისად მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
შედგა თუ არა თქვენი პირადი “არაჩვეულებრივი გამოფენა”?
– უხერხულია, მე ვფიქრობ, ეს ფილმები დღესაც უყვარს მაყურებელს. რა თქმა უნდა ამით კმაყოფილი ვარ.
როგორ ფიქრობთ კიდევ რამდენ ხანს იქნება საინტერესო ეს ფილმი?
– დიდი ხნის წინ არის გადაღებული „ჩემი ბებია“ ან „ელისო“. ისინი გენიალური ფილმები არიან. ასე რომ არ ვიცი.
“შერეკილები“ თუ თავისუფლებაზეა რაზეა არაჩვეულებრივი გამოფენა?
აგული არის არშემდგარი სკულპტორი, მაგრამ არის კარგი კაცი და საერთოდ ყველა ამ ფილმში კარგი ადამიანები არიან. ფილმში ვამბობთ, რომ არ არის აუცილებელი დიდი ადამიანი იყო, მთავარია, უბრალოდ ადამიანი იყო.
გაიხსენეთ რაიმე საინტერესო „არაჩვეულებრივი გამოფენის” გადასაღები მოედნიდან…
– ფილმის ნაწილი გადაღებულია ბათუმში. ისინი მოწესრიგებული ხალხი არიან. შეკრებებზე მოდიოდნენ, მაგრამ ღვინის სმას არ გაძალებდნენ. ქუთაისში კი, პირიქით ხდებოდა. ხომ გახსოვთ, დოდო აბაშიძის და გურამ ლორთქიფანიძის სცენა, თეთრ ქვვებზე რომ ხტუნაობდნენ. როცა ამას ვიღებდით, ქუთაისელები გვადგებოდნენ ხოლმე და მთელი გადამღები ჯგუფი რესტორან “იმერეთში” მივყავდით. ფილმის ბოლო სცენაში ყველა მსახიობი ნასვამი იყო, მაგრამ მაინც კარგად ითამაშეს.
თეთრი ქვა რისი სიმბოლოა ფილმში?
– თეთრი ქვა არის სიმბოლო ნამდვილი შემოქმედებისა, რომელიც არ შედგა.
როგორია “არაჩვეულებრივი გამოფენის” მომავალი?
– ფილმი უნდა აღადგინონ, მე ზუსტად არ ვიცი, ეს როდის მოხდება. პრობლემა იმაშია, რომ უნდა გაკეთდეს სკანირება. აი, ვნახოთ როდის აღადგენენ არამარტო ამ ფილმს, არამედ „შერეკილებსაც.“
თქვენი ფილმებიდან ყველაზე მეტად რომელი გიყვართ?
– ფილმები შვილებივით არიან. განსჯა არ შეიძლება.
რით განსხვავდება თანამედროვე კინომოედანი ძველი წლების წინ არსებული კინოგადასაღები მოედნისაგან?
– ადრე მე ვიყავი მიჯაჭვული კინოაპარატს. კადრს ერთად ვდგამდით. ახლა ცალკე ვარ და კადრს ტელევიზორში ვხედავ. გარკვეული დრო დამჭირდა, რომ შევგუებოდი. თავის დროზე ის ძალიან კარგი იყო და ახლა ალბათ, ეს უფრო დროულია.