თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გაწმენდაზე მომუშავე ტრაქტორს საწვავი ამოეწურა და ორი დღეა, ტექნიკამ მუშაობა შეაჩერა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „არილში“ განუცხადეს, ფშაველიდან აბანოს მიმართულებით მომუშავე ტრაქტორთან საწვავის მიტანა სტიქიის შედეგად ჩახერგილი გზების გამო ვერ ხერხდება.
„ისეთი ადგილია, რომ საავტომობილო გზა იქამდე ჯერ ვერ მიდის, საწვავის ვერტმფრენით გადატანა კი არის შესაძლებელი, მაგრამ ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი იქ არ არის, ამიტომ ჯერ საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ვმუშაობთ ტრაქტორთან ვერტმფრენიდან საწვავის მიწოდების ვერსიაზე, თუმცა, კომპანიას ვერმტფრენი არ გვყავს და ვისი ვერმტფრენით შევძლებთ ამის გაკეთებას, ესეც ჯერ არ ვიცით“, – აცხადებენ კომპანიაში.
თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები კომპანია „გერალმა“ დაასრულა და რამდენიმე კვირის წინ აღნიშნული გზის მოვლა-პატრონობა ტენდერში გამარჯვებულმა ახალმა კომპანიამ, „არილმა“ გააგრძელა.
სტიქიის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გახსნა მაისის ბოლოს ნაცვლად, ივნისის ბოლოს იგეგმება.