JESC 2016

მარიამ მამადაშვილი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებულია

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო 10 წლის მარიამ მამადაშვილმა წარადგინა და გამარჯვება მოიპოვა.

საკონკურსო სიმღერაზე “მზეო” მარიამ მამადაშვილთან ერთად კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა.

საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილე შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად შეირჩა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. პირველ ეტაპზე, შემოსული განაცხადებიდან 10 კონკურსანტი შეირჩა. კომპეტენტური ჟიურის წევრები იყვნენ: რუსუდან ბახტაძე (ვოკალის პედაგოგი), ნატო დუმბაძე (პროდიუსერი), ზაზა ორაშვილი (რეჟისორი), ნიკა კოჩაროვი (მომღერალი), ლიზი პოპი (მომღერალი, საბავშვო ევროვიზიის მონაწილე). შიდაშესარჩევი კონკურსის დასკვნით ეტაპზე, არჩევანის გაკეთება მათ ორ კონკურსანტს – მარიამ მამადაშვილსა და 14 წლის, ლუკა კაჭარავას შორის მოუწიათ, საბოლოოდ არჩევანი მამადაშვილზე შეაჩერეს.

მარიამ მამადაშვილი 4 წლიდან მღერის. სწავლობდა სტუდიაში – “ბზიკებისტუდიო”, ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამუსიკო სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით. მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტებსა და სატელევიზიო შოუებში.
2014 წელს ათონელის თეატრში დადგმულ სპექტაკლში “ანა და მე” შეასრულა პრინცესას როლი.
2015 წლიდან მარიამ მამადაშვილი ცხოვრობს აშშ-ში და სწავლობს Tomlinson Middle School-ის VI კლასში.
2015 წლის სექტემბრიდან ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში Broadway Method Academy, სადაც დღემდე ეუფლება ვოკალს, ცეკვას და სამსახიობო ოსტატობას.