15 მაისი, 2018

 

შემოქმედებითი ამოცანები, რომელსაც ვერევით, ან ვერ ვერევით, ამან გამიჩერა „ქორწილი ქარში“, ჯერჯერობით ვერ მოვუძებნე გასაღები, შეგრძნების დონეზე დამირჩა, ხერხს ვერ მივაგენი, ვერ „ჩავავლე“.

იმ ამოცანების გახსენებას შევეცდები, სხვადასხვა ნაწარმოებზე მუშაობისას რომ გადავაწყდი.

„ყურთბალიში“-ს მერე, თუ არ ვცდები, 8 წლიანი პაუზა მქონდა პროზაში (იქნებ მეტიც). ამის მიზეზი ენა იყო, რომელიც „ყურთბალიშმა“ მოითხოვა; მოითხოვა კი იმიტომ, რომ მიზნად დავისახე ქვეცნობიერის ნაკადიდან შემექმნა მხატვრული სინამდვილის განცდა, ერთიანი სამყაროს სურათი, გმირის დაბადებამდე წარსულსაც რომ იტევს, გაუსაძლის, სულისშემხუთავ აწმყოსაც, რაღაც თვალსაზრისით – მომავალსაც.

სინამდვილეში ყველაფერი რამდენიმე წუთის განმავლობაში ხდება მთავარი გმირის სამზარეულოში. დრო, ატმოსფერო, ქვეცნობიერიდან ამოზიდული ალუზიები, გენეტიკური მეხსიერება – მინიმალისტურ სინტაქსს, ერთსიტყვიანი წინადადებების მონტაჟს მკარნახობდა. „ყურთბალიში“ კინომონტაჟის პრინციპით აიგო: სიტყვა – წერტილი, სიტყვა – წერტილი, სიტყვა – წერტილი და სურათი, პეიზაჟი, პორტრეტი, განწყობა, მოვლენა თუ ქმედება – რის გადმოსაცემადაც აბზაცები დამჭირდებოდა, რამდენიმე სიტყვაში გამომეძერწა. ქართულ ენაში უაღრესად მოქნილი ზმნაა, მაგრამ „ყურთბალიში“-ს ენობრივმა ქსოვილმა, ხშირ შემთხვევაში, ზმნა არ მიიღო, სამაგიეროდ მოითხოვა ძალიან ზუსტი, ერთადერთი სიტყვის შერჩევა, რაც სურათს გააცოცხლებდა. მონტაჟის პრინციპმა წყვეტილ კადრს (ესე იგი, სიტყვას) ექსპრესია შესძინა, გააჩინა ამ სამყაროსთვის, გმირის სულიერი მდგომარეობისთვის ორგანული რიტმი.

რასაც რთულად მოვიპოვებთ, რთულად, ან საერთოდ ვერ ველევით, სიცოცხლის ბოლომდე მივიყოლებთ. ამას გავურბოდი, ეს არ მინდოდა მომხდარიყო, „ყურთბალიში“-სგან სრულიად განსხვავებულის შექმნას ვეშურებოდი მთელი 8 წელი (იქნებ 10 წელიც იყო, აღარ მახსოვს). არა, ვერა, იმავე მანერაში მეწერებოდა, ეს არ მაკმაყოფილებდა და რაც არ მომწონდა, ბუნებრივია, არც ვბეჭდავდი.

„ლეას საათი“ „ყურთბალიში“-სგან გათავისუფლება იყო ჩემთვის, ამ რომანში სხვა ხასიათის ენობრივი ქსოვილი უნდა შემექმნა, სხვა ამოცანის წინაშე დავდექი – როგორ მომეთხრო სამი საუკუნის წინანდელი ისტორია.

ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა ზვიად კვარაცხელიამ („ლეას საათის“ რედაქტორი) ანოტაციაში შენიშნა: „ამ რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი ენააო“. ვერ წარმოიდგენ, ჩემო შადიმან, როგორ გამახარა ამ ერთმა წინადადებამ, ყველაზე რთულ ამოცანად სხვადასხვა ეპოქათა ატმოსფეროს გადმოცემა მიჩნდა და თუკი ვინმესთვის, თუნდაც ერთი ადამიანისთვის გახდა გასაგები, რა ამოცანის წინაშე ვიდექი მაშინ, ესე იგი, რამედ ღირდა კიდეც ჩემი ჯახირი.

ავტორის ენიდან ნაგრძნობი ეპოქა – ურთულესია, ალბათ უმთავრესიც. ბევრი გამორჩეული, პირველხარისხოვანი მწერლის გახსენება შეგვიძლია, მაგრამ მე ჩემსას გეტყვი. როცა ეს ამოცანა დავისახე, ანდრეი პლატონოვის პროზა გამახსენდა – მისი სინტაქსის გამომსახველობა, მხატვრული სიზუსტე, ექსპრესია.

პლატონოვმა თავისი მწერლური ენის ექსპერიმენტული ბუნება ზედმიწევნით შეუსატყვისა ახლადშექმნილი სსრკ-ს ტრაგიკომიზმით გაჯერებულ „ექსპერიმენტულ იდეას“ – კოლექტივიზაციითა და მექანიზაციით შეპყრობილობაზე, კაცობრიობის საყოველთაო ბედნიერებაზე, ახალი ტიპის ჰომოსაპიენსზე ახალ სოციალურ ფორმაციაში, ზოგადად – ახალ ეპოქაზე, რასაც მაზუთი დასთხევდა სისხლად, სისხლი – მაზუთად, უტოპიურობის კომიზმი გადაქცეოდა უმძაფრეს ტრაგიზმად და უმძაფრესი ტრაგიზმით შეძრულს, უტოპიური იდეა ანიჭებდა მხნეობას, რათა კომიზმის ზედა ზღვრისთვის მიეღწია, იქიდან კი ტრაგიზმის ყველაზე ღრმა უფსკრულში ჩანარცხებულიყო.

პლატონოვი თავის ეპოქაზე წერდა, მე სხვა რიგის ამოცანა მქონდა გადასაწყვეტი. მიუხედავად ამისა, მაინც გამახსენდა ეს დიდებული მწერალი, პლატონოვის პროზის კარნახით ვიგუმანე, მსგავსი ექსპერიმენტისთვის მიმემართა, რათა სამი საუკუნის წინანდელი ისტორიის თხრობა სახიერი გამხდარიყო, დროის, ეპოქის ნიშანი დასდებოდა და ორგანულად ჩაწერილიყო რომანის საერთო ქსოვილში (ბაგართა გვარის ამბავი ჩვენ დღეებამდე მოდის).

მახვილი თვალი გაქვს, ჩემო შადიმან, ზუსტი ალღო, ერთგან შენიშნე – ამ რომანში საქართველო დეკორაციებშიაო. გეთანხმები, მართლაც ასეა და სწორედ ამან მომცა საშუალება, ისე „დამეძველებინა“ ენა არქაიზმებით, როგორც თეატრის დეკორაციულ სახელოსნოებში „აძველებენ“ მხატვრები დეკორაციას.

ახლა თეატრის დეკორაციულზე:

მოთხრობების კრებულს ერთ-ერთი მოთხრობის სათაური – „შემკრთალი ქუჩა“ დავარქვი. ნაღდი ამბავია ნაღდი პერსონაჟებით, სახელები არ შემიცვლია: ბერდო – ლევან ბერიკაშვილია (ბერდოს ეძახიან), დათო – დათო პაპუაშვილი, ბაჩი – ბაჩი ლეჟავა (რუსთაველის თეატრის მსახიობები), გოჩა – გოჩა ამბოკაძეა (სცენის მემანქანე), ნუკულა აღარაა ცოცხალი, მასაც ნუკულა ერქვა, თაბუკაშვილის ქუჩაზე ჰქონდა პატარა დუქანი, სადაც ხშირად ჩამოვმსხდარვართ მე და ამ მოთხრობის რეალური პერსონაჟები.

რეალური პერსონაჟია პავლოვიჩიც – რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი მირიან შველიძე (ხშირად მიმართავენ მამის სახელით), გამორჩეული ქართველი სცენოგრაფი, უნიჭიერესი შემოქმედი და უნიკალური ადამიანი, ვისთან მეგობრობის პატივიც მხვდა წილად. სიმართლე გითხრა, რამდენჯერმე ვცადე, სახელი შემეცვალა პერსონაჟებისთვის, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, ვერ გამიცოცხლდნენ, ვერ ამიმეტყველდნენ, სინაღდე დაეკარგათ, თავად პერსონაჟებმა ვერ მოირგეს, ვერ იგუეს სხვა სახელი. ბოლოს და ბოლოს, ხელი ჩავიქნიე, დავწერე, როგორც დამეწერა, ამობეჭდილი სახით, სათითაოდ ჩამოვურიგე ჩემს მეგობრებს, როცა მათგან მივიღე თანხმობა, დავბეჭდე.

1 2 3 4 5 6 7