დადგა “გენერალური ჩიტკის“ დღე, წინასაზეიმო განწყობა გვაქვს, აქამდე მოვიდა საქმე, თითოეული ეპიზოდი გამოწვლილვითაა გამოძიებულ – გათამაშებული, საერთო შედეგი უნდა დავინახოთ.

წავიკითხე.

პაუზა. მოლოდინი. გოგა მეუბნება:

– რაღაც აკლია, მგონი.

– რა? – ვეკითხები.

პაუზა. მოლოდინი და იქ მეუბნება:

– ჰო, მივხვდი, კულმინაციაა გასამძაფრებელი.

როგორც კი კულმინაცია ახსენა, იმწამს დავინახე, შიგნიდან ვიგრძენი, რაც უნდა გამეკეთებინა (ამბის აგების ხუთ საფეხურზე შემდეგ წერილში მოგწერ), მერე ვუთხარი:

– იცი, რა, გოგა, ახლა წადი, მარტო დამტოვე, როცა დაბრუნდები, დასრულებული პიესა დაგხვდება.

ამ პიესის მთავარი გმირი მეძავი ქალია, კესო ჰქვია, უფრო განზოგადებულად თუ ვიტყვით – პიესის მთავარი გმირი მონური არსებობაა, მონური ფსიქიკა, რაც სხვადასხვა პერსონაჟებს უჩენს წადილს, ვიღაცამ აგინოს, რომელიმე უცხო ენაზე შეურაცხყოს ისინი, მეძავს აკითხავენ ლექსიკონებით, ვინ რუსულად სთხოვს გინებას, ვინ – ინგლისურად, ვინ თურქულად, იტალიურად თუ იაპონურად…

რუსული – „იობ“ და ინგლისური – „ფოქიუ“ ვიცოდი, სხვა ენაზე როგორ ილანძღებიან – არა. გადავწყვიტე, ენის ეტიმოლოგიურ სიზუსტეს არ გამოვდევნებოდი, რაღაც ენა შემექმნა, ჟღერადობით მიმსგავსებული იტალიურს, თურქულს, იაპონურს და ა.შ. ეტიმოლოგიური სიზუსტე არაფრისმომცემიც იყო, კაცმა რომ თქვას, მთავარი სხვა რამ გახლდა – სიტუაციის მომწიფება, ყველაზე მნიშვნელოვანი, კულმინაციური ეპიზოდის დატვირთვა ქმედითი სიტყვით.

თავს უფლებას მივცემ და კესოს მონოლოგს შემოგთავაზებ, რომელიც იქცა კიდეც პიესის კულმინაციურ ნაწილად. კესო ამგვარად იხმობს თავის კლიენტებს:

კესო – აი, რას ნიშნავს, როცა პატარა ქვეყნის ერთი წესიერი მეძავი ხარ, აუცილებლად პოლიგლოტს გაგხდიან (მთელი ხმით)! ლოთებო! მოძალადეებო! ქრონიკული უიღბლობით შეპყრობილებო! მომიტანეთ ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნებისა და ნატოს წევრი ქვეყნების ლექსიკონები! მოთხოვნილება გაჩნდა ამ ქვეყნების ბილწსიტყვაობაზე და შოლტზე! შოლტს მე ბალიშის ქვეშ შევინახავ, რათა მუდმივ მზადყოფნაში ვიყო! გაინძერით, თუ გინდათ პენსია, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, ნავთი, ყავა, ქათმები, თუ გინდათ ტაფამწვარი და პამპერსები თქვენი შვილებისთვის!!! ღმერთო, რამდენი რამ სჭირდება ადამიანს, ჭკუიდან შევიშლები… /საწოლზე გაიშოტება/

აქ იწყება კულმინაცია, შემოდიან პიესის პერსონაჟები, მართლაც მოაქვთ ლექსიკონები, კესოს ეხვევიან თავს, მიმართავენ, მოითხოვენ, ეხვეწებიან კიდეც და აი, კულმინაცია, რომელიც არარსებულ (მხოლოდ ორ შემთხვევაში, რუსულ-ინგლისურადაა სწორი) ენათა ნაწყვეტ-ნაწყვეტი, გამოგონილი ფრაზების კრებულია:

კესო – ჯერჯერობით საკმარისია… ახლა მე მომისმინეთ. ამ ღამეს მე ყველას ვღებულობ და გეფერებით… ვიწყებ – პაპკო – ხრუშტო! ფოქიუ – მადა! ტვოიუ მამკუ ზლუტოზლემე! პიდოვინა სკოლოჩა! პერსიკ პუპკა! მამაშმაილარ ჯავასტანემ! შვაინე ცახტუნგ ვაინე! იიიოოობბბ! კასაპატა! პანასტიკოსი! ლაღონ, ღონ, ღონ, ღონ! მამაროტი ენდრორასაპაზი მელაჩენცო იოსტა! მასტრუბატი, მასტრუბატი, მასტრუბატი! იიიოობბბ ტვოიუ მატ! მაი პაკო! იაჰა – ო! იაჰა – ო, კიდევ ერთხელ ფოქიუ – მადა! კიდევ ერთხელ ტვოიუ მამკუ ზლუტოზლემე! კიდევ ერთხელ მამაშმაილარ ჯავასტანემ! კიდევ ერთხელ შვაინე ცახტუნგ ვაინე! კიდევ ერთხელ იიიოოობბბ!… კესო, კესარია, კესო, კესო, კესარია, კესოო…

სიმართლე გითხრა, მეუხერხულება მაგალითის მოყვანა საკუთარი პიესიდან, იმასაც აქვე აღვნიშნავ, რომ რაღაც განსაკუთრებულსა და სამაგალითოს არ ვციტირებ, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების ერთ ეტაპს ვიხსენებ, როცა ხელიდან გამისხლტა თეატრისთვის ორგანული, ქმედითი სიტყვა და მეგობრის წყალობით, ისევ მომიხერხდა ჩემს არსებაში მეგრძნო თეატრის ატმოსფერო, თეატრის ენობრივი ქსოვილი.

რადგან ამ პიესაზე დავიწყე საუბარი, იმასაც გეტყვი, რომ რობერტ სტურუას წავუკითხეთ, გადაწყდა კიდეც ამ პიესის რუსთაველის თეატრში დადგმა, მაგრამ იმხანად ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად  დაინიშნა გოგა თავაძე: „საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში“ გოგას პირველი სპექტაკლი იყო ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე. (პირადად ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე ნოსტალგიური მოგონება უკავშირდება ამ პიესასაც და შესანიშნავად დადგმულ სპექტაკლსაც).

პოსტსკრიპტუმ-ი ცალკე წერილად მექცა, ჩემო შადო; იმედია, მომიტევებ, თემა ვრცელია, დასაფიქრებელ-გასახსენებელიც არაა ცოტა; როგორც ზემოთ მოგწერე, შემდეგ წერილში ამბის აგებაზე შევეცდები ჩემეული ხედვის ჩამოყალიბებას, ენობრივი ქსოვილის დარად, ამბის აგებაშიც მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ამოცანები ხვდება ავტორს.

1 2 3 4 5 6 7