არ მინდოდა, მაინც გამერია სარკაზმი, ვერ ვღებულობ „ნიჰილისტ რაინდს“, ნარცისიზმით შეპყრობილი რომ დამოგზაურობს „ტუსოვკიდან ტუსოვკაზე“, რადგან მისი რეალური სამშობლო „ტუსოვკაა“; ვერ ვღებულობ მის „გულამრეზილ პოზას“, ჩაფხუტად რომ ჩამოუმხია თავზე; ვერ ვღებულობ ცინიზმს, რასაც ამ ტიპის “რაინდი“ მახვილგონიერებად მიიჩნევს; ვერ ვღებულობ ტკივილისგან მაქსიმალურ დისტანცირებას, რადგან ტკივილისგან დისტანცირებას მოსდევს ხოლმე ფალსიფიცირებული ტკივილების მოზღვავება, ანდა, მოსდევს სრულიად გარიდება ტკივილისგან და იმავე „მწერლური პოზის“ სხვა რაკურსით წარმოჩენა –  „ლლიცინითა“ თუ არაფრისმომცემი, არაფრისდამტოვებელი უხვსიტყვაობით ჩანაცვლება, სადაც ჭარბადაა ზერელე დამოკიდებულება სიტყვასთან; ვერ ვღებულობ ამ ტიპის „რაინდებს“, რადგან თუ ვინმეს ებრძვიან, თუ ვინმეს იწვევენ პაექრობაში ეს „გმირები“ – სიტყვაა.

მგონი, ეს გვექცა სამწუხარო მოვლენად, ჩემო შადო, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ მსგავსი მოვლენები ყველა დროში, ნებისმიერ ქვეყანაში ვითარდებოდა, ვითარდება და მუდამაც იარსებებს; მხოლოდ ჩვენთან არ იგრძნობა მსგავსი მოვლენა, მოსალევი თვითონ მოილევს თავს, ფალსიფიცირებული ტკივილი ვერასდროს ჩაანაცვლებს ტკივილს, რომლის ფეხქვეშ მიწა მწველია, ჰაერი-შხამიანი, მოდად შემოპოდიუმებული მოვლენა ისევე გადმოპოდიუმდება, როგორც შემოპოდიუმებულა.

მსგავსი მოვლენა აიყვანა სერვანტესმა უმაღლესი პოეზიის რანგში. კაცობრიობის საუკეთესო იდეალების მატარებელი მსოფლმხედველობრივი გმირი ფრთამოტეხილი ანგელოსივით დაანარცხა მიწაზე, რაინდის აღჭურვილობით შემოსა, ესპანეთის მიწაზე აახეტიალა და მწუხარე სახის რაინდის შექმნით, ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა მატერიალიზმის გულისმომკვლელი, სასტიკი ზეობა სულიერებაზე.

გავიხსენოთ ეკლესიასტე: „რაიც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება, ის უკვე იყო“. ჰამლეტი და დონ კიხოტი კაცობრიობის დასაბამიდან მოდიან, მსოფლმხედველობრივი თავგადასავლის, მსოფლმხედველობრივი ვნების შედეგად იქცნენ ისინი კოსმოგენიური მასშტაბის გმირებად, ლიტერატურის უმაღლესი კატეგორიის – პოეზიის მარადიულ ბინადრებად.

შემოქმედებითი ამოცანებით დავიწყე და სად წამიყვანა კალამმა; ასე იცის ხოლმე, არახალია, თავის ნებაზე გატარებს ოხერი… თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ ენობრივი ქსოვილის მორგება ჩანაფიქრთან ერთი ტიპის ამოცანაა ავტორისთვის, გმირის მსოფლმხედველობრივი გააზრება კი ამოცანათა ამოცანა, ამიტომაც გამიყოლა ფიქრმა დიდი მასწავლებლებისკენ.

წერის პროცესში ბევრი სხვა ამოცანის წინაშეც დგება მწერალი, თუ მომიხერხდა, თუ გავიხსენე, რა და როგორ მაწვალებდა მუშაობისას, ამაზეც მოგწერ გზადაგზა.

თუ გავიხსენე – მეთქი…

„კრეპის უკანასკნელი ფირი“ – სა არ იყოს…

კიდევ ერთი დიდი პოეტი, შექსპირის პირდაპირი შთამომავალი – სემუელ ბეკეტი. ბეკეტის კრეპი შექსპირის ჰამლეტის ლოგიკური მემკვიდრეა; კითხვა, რომელიც ჰამლეტმა გააჟღერა: „ყოფნა  – არ ყოფნა“… ბეკეტმა სხვაგვარად დასვა კრეპის შექმნით: – ვიყავი კი? ეს მე ვიყავი?!

სამყაროსთან, საკუთარ თავთან გაუცხოება, აბსურდის შინაგანი განცდა, აბსურდის მსოფლმხედველობა ისევე რეალურია, როგორც ის, რომ ახლა წერილს გწერ; თუმცა, ისიც რეალურია, რომ ხვალ, შესაძლოა, ვერ გავიხსენო – მოგწერე კი წერილი? მართლა მოგწერე? ბავშვობიდან მოყოლილი მოგონებები, მართლა ჩემი მოგონებებია? მიყვარდა კი ის ქალი, ვიღაც ქალი, მართლა მიყვარდა? ვიყავი საერთოდ? ეს მე ვიყავი?!

რა გითხრა, შადო, იქნებ იმის მტკიცების სასოწარკვეთამდე მისული ჟინიცაა მწერლობა, რომ ოდესღაც, სადღაც მართლა ვიყავით, მართლა გვიყვარდა, ვცხოვრობდით, ვქმნიდით და როცა ვქმნიდით, რაღაც ამოცანებსაც ვწყვეტდით, თუ ვერ ვწყვეტდით, მაგრამ სასოწარკვეთამდე მისული ჟინით შეპყრობილნი ვფხოჭნიდით ჰაერს, იმ ჰაერიდან ველტვოდით ნივთიერის, ხელშესახების გამონივთვას, რათა გვეგრძნო, რომ ვიყავით, მართლა ვიყავით, თურმე ვიყავით, თურმე, ჰო, თურმე, თურმე ან იქნებ…

 

 

19 მაისი, 2018

 

მივიჩნიოთ, რომ 15 მაისს გამოგზავნილი წერილის პოსტსკრიპტუმს-ს გიგზავნი ახლა, – 19 მაისს, აქაც ენაზე მექნება საუბარი; თემა ერთია, ლიტერატურის დარგებია სხვადასხვა – 15 მაისის წერილში პროზაზე გწერდი, დრამატურგიაში გადმოვინაცვლებ, ერთ ისტორიას გავიხსენებ, დრამატურგისა და რეჟისორის ერთობლივი მუშაობის ეპიზოდს, რომელიც პირადი გამოცდილებიდან ავიყოლიე, სამომავლო თემის – (ამბის აგება) შემზადებასაც შევეცდები ამასთან ერთად.

პროზა სიტყვით ხატვაა – მეთქი ჩემთვის, მოგწერე ერთგან, დრამატურგიის ემოციური ბუნება, თვითონ ის, რომ ავტორის ტექსტი სცენურ სივრცეში უნდა გათამაშდეს, ქმედით სიტყვას ითხოვს, პლაკატურობასაც არ გაურბის (ბრეხტი გავიხსენოთ თუნდაც), რადგან პლაკატურობაც ერთგვარი თამაშის წესია, თეატრალური პირობითობის ქმედით, დასამახსოვრებელ, შთამბეჭდავ სურათს გვაძლევს.

ანტიკური ხანიდან დღემდე ასეა, ასეც დარჩება, ვიდრე თეატრი იარსებებს – თამაშის წესი განაპირობებს, თამაშის წესი მოიყოლებს სიტყვას, რაც ორგანულია ამა თუ იმ ხანის, ესთეტიკური მრწამსისა თუ მსოფლმხედველობრივი პოზიციის მქონე თეატრის ენობრივი ქსოვილისთვის.

დიდმა დრამატურგებმა თავისი თეატრი შექმნეს – ვერ შექმნიდნენ, რომ არა, სამყაროს თავისებური მსოფლმხედეველობრივი გააზრება, თავისებური გრძნობათა ბუნება, თავისებური თამაშის წესი, რამაც ამ თეატრალური მიკროსამყაროსთვის ნიშანდობლივი, თავისებური სამეტყველო ენა დაამკვიდრა.

 

1 2 3 4 5 6 7