ჩეხოვმა მინიმუმამდე შეამცირა მანძილი, შეიძლება ითქვას, ზღვარიც კი მოშალა პროზაულ ენასა და დრამატურგიულ ენას შორის, მისი პიესები შესანიშნავი პროზაული ნაწარმოებებივით გვაკითხებს თავს, მაგრამ ჩეხოვმა, როგორც დრამატურგმა, უაღრესად ზუსტად გაიაზრა სცენური ამბავი, თემა და გმირი (გმირები), დრამატურგიული ღერძი, რომელზეც ვითარდება რეალისტური, დრამატული ისტორია და ამის წყალობით, ესე იგი, პროზასა და დრამატურგიას შორის წაშლილი ენობრივი საზღვრის შედეგად შექმნა თავისი – ჩეხოვის თეატრი.

შეგნებულად მოვიტანე ჩეხოვის მაგალითი, იმის ხაზგასასმელად დამჭირდა, რომ პროზა და დრამატურგია სპეციფიური ბუნებისადაგამო თავისებურად ეპყრობა სიტყვას, უკეთ რომ ვთქვათ, თავის სიტყვას ეძებს, თავ-თავის ენობრივ ქსოვილს ქმნის; სწორედაც ენობრივი ქსოვილის მაქსიმალური დაახლოება შეძლო ჩეხოვმა, და ამით მოახერხა თავისი თეატრის დაარსება.

სამხრეთელები ვართ, ჩვენი შინაგანი ტემპო-რიტმისთვის, ცოტა არ იყოს, მოსაწყენია, დუნეა ჩეხოვის დრამატურგია; „მოსაწყენი და დუნე“ კი იმ ნიშნითაა, რომ ჩეხოვის გმირები ხშირად მსჯელობენ, შინაგანი მდგომარეობის გადმოცემას პროზაულ რიტმში, პროზისთვის დამახასიათებელი დეტალიზაციით ახდენენ, მოვლენებიც ნელა, პროზაულ რიტმში მწიფდება თითქოს, ესაა ამ დიდებული მწერლისა და დრამატურგის სამყაროს შემადგენელი – ეს რიტმიკა, ეს გრძნობათა ბუნება, ეს ენა – და თუკი გეყო მოთმინება, თუკი როგორმე მოთოკე შენი სამხრეთული „ტემპერამენტი“, თუკი მიყევი ამბავს, აუცილებლად ეზიარები კიდეც დიდ ლიტერატურას – ჩეხოვის დრამატურგიას, რომელიც გმირების ფუნქციური დატვირთვიდან („ძია ვანია“), თემის გლობალური გაშლიდან („ალუბლის ბაღი“), გვესაუბრება მარადიულზე, ზოგადსაკაცობრიოზე, ავტორისგან მტკივნეულად განცდილზე…

კეთილი, ჩემო შადიმან, და რადგან გაგაფრთხილე უკვე, „მინდიზმის“ ერთი რიგითი წარმომადგენელი ვარ, ესე იგი, წერილს გწერ, როგორც „მინდა“ – მეთქი, პროზაული და დრამატურგიული ენობრივი ქსოვილის მწირ მიმოხილვას პირადი ცხოვრებისეული ამბის გახსენებით განვაგრძობ:

ახალგაზრდულ ასაკში, შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ ბიჭობაში დამაკავშირა ბედმა რეჟისორ გოგა თავაძეს. „ბედნიერი ბილეთი“ დადგმული იყო რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“ მქონდა ახალი დაწერილი, დამირეკა, ტელეფონით გამეცნო, შეხვედრა დავთქვით, რუსთაველის თეატრის წინ შევხვდით, მერე, როგორც ჩვენი ახალგაზრდული „შემართება“ და მამა-პაპური წესი მოითხოვდა, რესტორან „დურუჯში“ გავეშურეთ უკეთ გასაცნობად, პიესაზე სასაუბროდ.

პიესაზე რა და როგორ ვისაუბრეთ, სიმართლე გითხრა, აღარ მახსოვს, ის თავისას „ერეკებოდა“, მე ჩემსას „ვერეკებოდი“, ღვინოს ვსვამდით მოწყურებულად და თავდაუზოგავად, დილით დამიკავშირდა: „გაფიცებ ყველაფერს, ვინმეს თუ ვეჩხუბეთ გუშინო?“ – მკითხა; „არა-მეთქი, რაღაც არ მახსოვს“, – ვუპასუხე. „ერთმანეთშიც არ გვიჩხუბიაო?“ „რატომ უნდა გვეჩხუბა, რაშია – მეთქი საქმე?“ – აღმოჩნდა, რომ პიჯაკის მარცხენა სახელო ჰქონდა გახუნებულ – გადაგლესილი. წინა საღამოს გახსენებას შევეცადეთ, თვითონ იაზრა შემდეგ, გოგამ აღიდგინა გონებაში – რესტორნიდან რომ გამოვედით, თავქვე დავეშვით, მე გოგაზე მაღალი ვარ, მის მხარზე ხელი მქონდა გადახვეული, ასე, ერთ საღამოში დაძმაკაცებულები ჩამოვბოდიალდით და სტელას ბაღის კედელი რომაა, როგორც ჩანს, იმაზე უხახუნა პიჯაკის სახელო.

ბევრი რამ მომცა გოგასთან ერთობლივმა მუშაობამ, უპირველეს ყოვლისა, სიტყვის დაწნეხვის, სცენური სივრცისთვის ქმედითი სიტყვის ძიების გამოცდილება შემძინა. უშველებელ პიესებს ვწერდი იმხანად, ჰოდა, მივხვდი, რომ 100 გვერდიანი პიესა რეჟისორს 30 გვერდამდე დაჰყავს, ეს უნდა მესწავლა – ამასაც მივხვდი, დიდი მადლობა  ამისთვის გოგას.

„აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“ და „იქ, სადაც ღვარად მოედინება“ – გოგა თავაძემ დადგა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე; თამამად ვიტყვი, შესანიშნავი სპექტაკლები იყო, რეჟისორთან ტექსტზე ერთობლივი მუშაობის რეჟიმი კი დრამატურგის პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი ატმოსფერო აღმოჩნდა ჩემთვის.

„პოსტსკრიპტუმ“-ის მთავარ სათქმელს მივუახლოვდი – პროზაული და დრამატურგიული ნაწარმოებების ენობრივი ქსოვილი.

ის დროა, „ცუდი დრო“, უკიდურესი გაჭირვება, მე პროზაში ვარ თავფეხიანად გადაშვებული, ვატყობ თანაც, რაღაც უნდა ვიღონო, სარჩო მოვიპოვო, ოჯახია გამოსაკვები, პროზას პურის ფულიც ვერ მოაქვს; გავიხსენე, რომ დრამატურგია მიჩენდა საყველპურო სახსარს, გოგას დავუკავშირდი, იქნებ დაინტერესდეს – მეთქი რომელიმე თეატრი ახალი პიესით, რომელსაც შენ დადგამ.

რუსთავის დრამატული თეატრისკენ ავიღეთ გეზი, ჩავედით, მოვილაპარაკეთ, შევუდექი მუშაობას.

აი, მაშინ ვიგრძენი, შადო, რამდენად სხვადასხვა ბუნებისაა პროზა და დრამატურგია; ჩეხოვიც არ მიხსენებია ტყუილად, ის სიტყვის დიდოსტატი იყო, ძალიან რთულ ამოცანას გაართვა თავი, პროზის ენობრივი ქსოვილი ორგანულად შემოიტანა დრამატურგიაში, მე კი ვერა და ვერ მომიხერხდა ამ ამოცანის გადაჭრა და რადგან იმხანად პროზის „ტყვე“ ვიყავი, პიესა „დამიმძიმდა“, უფრო ზუსტად რომ ვთქვა – დრამატურგიულ კალაპოტს ასცდა ტექსტი. მივაწოდე ჩემი ნაცოდვილარი გოგას, რამდენიმე დღის შემდეგ შევხვდით, მის გამომეტყველებაზე ვიგრძენი, უიმედოდ რომ იყო საქმე (სიმართლე გითხრა, მეც დიდი ეჭვი მქონდა ამის), დიდხანს არ გვისაუბრია, აზრიც არ ჰქონდა ჩასწორება – გადასწორებას, ახალი პიესა უნდა დაწერილიყო. ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, ვთხოვე, შემიკედლე 10-12 დღით, იქნებ ჩვენი საუბრები დამეხმაროს, ამან დამიბრუნოს – მეთქი ენა, რომელსაც თეატრი ირგებს. გოგას ბაბუისაგან დანატოვარი სამოთახიანი ბინა აქვს ნავთლუღში, იქ მიმიღო, დავიწყეთ მოთელვით, ვსაუბრობთ თეატრზე, „ვეჩალიჩებით“ სამყაროს, რომელიც ორივეს დაგვაინტერესებდა, ვსაუბრობთ თემაზე, პრობლემატიკაზე, ქმედით სიტყვაზე.

დილით ისევ განვაგრძეთ საუბრით, გოგა თავის საქმეზე წავიდა, დავრჩი მარტო, ღია ლოჯიაში მოვიმყუდროვე სამუშაო სივრცე (ზაფხული იყო). გვრიტები სტუმრობდნენ ხოლმე გოგას ღია ლოჯიას (არსად, არცერთ უბანში მინახავს ამდენი გვრიტი), მოვშინაურდი მათთან, არ მიფრთხიან, არც მაწუხებენ. დავიწყე წერა, რაღაცას დაემსგავსა თითქოს, საღამოსკენ დაბრუნდა გოგა, წავიკითხეთ, ვიმსჯელეთ, დავლიეთ ცოტა, მოზომილად, ვატყობ, თანდათან შევდივარ ფორმაში, თეატრს ვიბრუნებ ჩემს თავში.

წერისა და  მსჯელობის ყოველდღიური რეჟიმი დავიწესეთ, ისიც ძალიან თბილად მახსენდება, გოგა რომ მამარაგებდა ღვინით (რაც მუშაობის შემდეგ მჭირდება ხოლმე); ერთხელ, მახსოვს, შტოფით მომითრია ღვინო, რომელიც ახლობელს გამოართვა. ჩემი არ იყოს, ისიც ქესეტად იყო, ტაქსის ფული არ ჰქონდა, მეტროთი იმგზავრა თურმე. გასახსენებელი მართლაც ბევრია იმ 10-12 დღეში, რაც პიესას – „საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში“ – დასჭირდა. ხანდახან ისეც მომხდარა, რომ ღამით გამჩენია იდეა, წამოვმდგარვარ, გოგა გამიღვიძებია და ისიც წარბშეუხრელად, მზადყოფნით ხვდებოდა ამ ამბავს, თავს მოიწესრიგებდა, პირზე წყალს შეისხამდა, გამოცოცხლდებოდა და ისევ ვმსჯელობდით ამა თუ იმ ეპიზოდზე, გმირებზე, თემაზე, თეატრის ენით მოსათხრობ ისტორიაზე, რომელმაც ორივე აგვაფორიაქა, ორივე შეგვიპყრო.

1 2 3 4 5 6 7