არტურ მილერმა მოგონებების წიგნში შენიშნა ერთგან: „დრამატურგია მნიშვნელოვანი და მარადიული კითხვების დასმააო“. შექსპირმა უმაღლესი პოეზიისა და უმძაფრესი ადამიანური ვნებების გადმოცემის წყალობით მიაღწია ზოგადასაკაცობრიო, მარადიულ კითხვამდე და უპირველეს ყოვლისა, მიაღწია იმიტომ, რომ ჰამლეტი მსოფლმხედველობრივად იყო, არის და იქნება საინტერესო კაცობრიობისთვის. ჰამლეტის გენეზისი მსოფლმხედველობის გენეზისია, ჰამლეტის ტრაგიზმი – მსოფლმხედველობის ტრაგიზმი, ჰამლეტის სამეტყველო ენა მსოფლმხედველობის სულშიჩამწვდომი სიმფონიაა, რადგან ჰამლეტი იმ რეალურ ტერიტორიაზე მოძრაობს, სადაც მიწა მწველია, ჰაერი – შხამიანი და ბოლოს და ბოლოს, მას, როგორც პერსონაჟს, როგორც გმირს აქვს უფლება იყოს ნიჰილისტი, ჰამლეტმა მოიპოვა ამის უფლება, რადგან საკუთარი ნებით იქცა მსოფლმხედველობრივი სამსხვერპლოს მისტერიულ ზვარაკად (სხვა არჩევანიც ხომ ჰქონდა), ამ არჩევანით დაიმკვიდრა ადგილი თავისი რეალური მამის გვერდით. რეალური მამის – მეთქი, გწერ; ჰო, შადიმან, იქნებ საკამათოც იყოს ჩემი მოსაზრება, მაგრამ მე ასე მეფიქრება – როცა მამის აჩრდილი ეცხადება ჰამლეტს, ის ცხოვრებისეული სინამდვილე, რეალური ცხოვრების მწარე სიმართლე ეცხადება, რაც უკიდურესი ნიჰილიზმისკენ უბიძგებს გმირს. ჰამლეტის რეალური მამა რეალობაა, რაც ნიჰილიზმის საფუძველი იყო, არის და მუდამ იქნება. როგორც ამ დიდ პოეტს სჩვეოდა, შექსპირმა კოსმოგენიური მასშტაბის მისტერია გაათამაშა, დაუვიწყარ მხატვრულ სახეებად აქცია მსოფლმხედველობრივი მსხველპლშეწირვის ისტორია, რის შემდეგაც შვილმა მამის გვერდით დაიკავა თავისი კუთვნილი, იმთავიდან მისთვის განსაზღვრული ადგილი – და ჰო, ისევ და ისევ ვეთანხმები ჩემს უხილავ ოპონენტს, – არსებული სინამდვილე, რეალური ცხოვრება მართლაც გვიბიძგებს ნიჰილიზმისკენ, – დიახ, ასეა, მაგრამ ამას მხატვრული გააზრება სჭირდება და არა „პუბლიცისტური იმპულსები“, რითაც გაიჟღინთა თანამედროვე საქართველოში მიმდინარე ლიტერატურული პროცესი.

მოდი, ამ პროცესის ინსპირაციის თავწყაროს ჩავეძიოთ – საიდან, რატომ უჩნდება ავტორს ზერელე დამოკიდებულება სიტყვასთან? ნიჰილიზმი ვახსენე ზემოთ, ჰო,  ჩვენს ლიტერატურულ პროცესში ჭარბად იგრძნობა ნიჰილიზმი, მაგრამ მსოფლმხედველობრივი გააზრება, მსოფლმხედველობრივი „სარჩული“ აქვს გამოცლილი; უკეთ ვთქვათ, იქ არ მოძრაობს, სადაც მიწა მწველია, ჰაერი-შხამიანი. ტკივილს ერიდება მსგავსი ნიჰილიზმი, გარედან აფასებს მოვლენებს და რადგან გარე-გარე უვლის ტერიტორიას, სადაც მიწა მწველია, ჰაერი – შხამიანი, ნიჰილიზმი, რომელსაც ავტორი გვაწვდის, პუბლიცისტურ კრიტიციზმს ემსგავსება, პუბლიცისტური კრიტიციზმის ადგილი კი პუბლიცისტიკაშია და არა მხატვრულ ლიტერატურაში. მხატვრულ ლიტერატურაში მოხვედრილი პუბლიცისტიკა არც პუბლიცისტიკას ჰგავს, არც მხატვრულ ლიტერატურას, მახინჯი ჰიბრიდია, რომელიც თავის დამკვიდრებას მაქსიმალური სიიოლით – ცხვირაწეული, უკმაყოფილო პოზითა და ზერელე სიტყვით ცდილობს.

ცხვირაწეული, უკმაყოფილო პოზა იქცა ამ ფსევდოლიტერატურული მოვლენის „მწერლურ პოზად“ და აი, რატომ: როცა მოვლენისა თუ გმირის მსოფლმხედველობრივ გააზრებასა და გათავისებას გაურბის ავტორი, ძალაუნებურად ვარდება ნარცისულ ხიბლში, რადგან წერის დაწყებისთანავე ჩნდება საცთური, საკუთარი თავი იგულისხმო მთავარ პერსონაჟში და რაც შეიძლება მომგებიანი კუთხით წარმოუჩინო იგი მკითხველს (ან თუნდაც შეყვარებულს, ადამიანები ვართ, ხდება ხოლმე). პერსონაჟის, გმირის მდგომარეობის გათავისების გარეშე მხატვრული ნაწარმოები ვერ შეიქმნება, მწერალმა ერთი შეხედვით უმნიშვნელო პერსონაჟის ტყავიც უნდა მოირგოს, ბოლომდე გაითავისოს მისი არსი, ფუნქცია, ტკივილი თუ გულის შეტოკება, ამ თვისების მატარებელია მწერალი, ამით ერქმევა შემოქმედი, სხვათა და სხვათა ტკივილების, იმედებისა თუ იმედგაცრუებათა გამთავისებელი და გამტარია, რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟების ემოციებისგან ქსოვს თავის სამყაროს. თუ ნაღდ ლიტერატურაზეა საუბარი, მწერლისთვის არ არსებობს მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო პერსონაჟი.

პუბლიცისტური კრიტიციზმით შეპყრობილი, მხატვრულ ლიტერატურაში თავამორგული გმირი, რომელიც ცხვირაწეულიცაა და უკმაყოფილოც არსებული სინამდვილით (რეალურად კი ავტორის პროტოტიპია), სადღაც, მაღლიდან ან გვერდიდან აფასებს მოვლენებსაც და სხვა პერსონაჟებსაც. უფრო სწორედ, სხვა პერსონაჟები მხოლოდ იმიტომ არსებობენ, რომ ავტორის პროტოტიპის ზეაღმატებულობას, გამორჩეულობას, „პროტესტანტობასა“ თუ მსოფლმხედველობრივად „სარჩულგამოცლილ“, რატომღაც არსებულ ნიჰილიზმს გაუსვან ხაზი. ასე, ამგვარად მოწვდილი ნიჰილიზმი ნარცისულ ხიბლში ჩავარდნილი ავტორის „მწერლური პოზაა“, „ნიჰილისტი რაინდის“ შექმნის უმწიფარი, ვერგააზრებული, მერკანტელური ინსტინქტებით ნაკარნახევი მცდელობაა, თავად ავტორს აგრძნობინოს თავი – „ნიჰილისტ რაინდად“. პირდაპირ ვიტყვი, დღემოკლე, დამღუპველი „პოზაა“ შემოქმედისთვის. სადაც ნარცისული ხიბლი იწყება, ნიჭი, რომელიც შესაძლოა არსებობს კიდეც, უკვალოდ ქრება; სამუშაო პროცესი ემსგავსება გართობას, გეგონება, თამაშობსო ავტორი, მობილური ტელეფონიდან უღებს თავის თავს ფოტოებს, ხან პროფილიდან, ხანაც ანფასიდან. აინტერესებს, როგორ გამოიყურება მობილურის ეკრანზე, ხომ ნახა უკვე, მაინც აინტერესებს და ისევ ერთობა საკუთარი ფოტოპორტრეტებით, ასე გრძელდება შეპყრობილობამდე…

„ნიჰილისტი რაინდის“ ფოტოალბომი, როგორია ეს ქრესტომათიული ფოტოალბომი, რას გვიხატავს, რაზე გვიამბობს? – ახალგაზრდა ან შუახნის „ნიჰილისტ რაინდზე“ გვიამბობს „ნიჰილისტი რაინდის“ ფოტოალბომი. იგი განათლებულია, რაღაცები წაუკითხავს, იცის ის, რაც სხვისთვის უცნობია („სხვას“ მხოლოდ ის დატვირთვა აქვს, რომ „ნიჰილისტი რაინდის“ ცოდნა-განათლება გამომჟღავნდეს, სხვა ფუნქცია იმ „სხვას“ არ აქვს). ახლა ესეც ვთქვათ, რადგან განათლებულია ჩვენი რაინდი, ესე იგი, მოეკითხება კიდეც ჭკუა. რაინდს მახვილი ჭკუა აქვს, მახვილი  თვალი და მახვილი ჭკუა და მახვილი თვალი მახვილივით უჭრის იდიოტებით თუ ნახევრად იდიოტებით გარემოცულ, გულისამრევ ყოფაში. სადაა ეს გულისამრევი ყოფა, სად ცხოვრობს რაინდი? გულისამრევი ყოფა რაინდის სამშობლოშია და რადგან უკომპრომისოა, რაინდი პირდაპირ, დაუფარავად და უკანმოუხედავად აცხადებს, რომ მის სამშობლოში გულისამრევი ყოფაა, სუნთქვაც კი ჭირს. უყვარს კი რაინდს თავისი სამშობლო, ღირს კი, რომ ასეთი სამშობლო გიყვარდეს? უყვარს, დიახაც, უყვარს რაინდს თავისი სამშობლო, რაინდი ხომ კარგი ტიპია; სიყვარულით კი უყვარს, მაგრამ გულს ურევს მაინც, რადგან იდიოტებითა და ნახევრად იდიოტებითაა გარემოცული (იდიოტები, ნახევრად იდიოტები და სამშობლოს გულისამრევი ყოფა იმ ფუნქციური დატვირთვითაა მოწვდილი, უკეთ რომ ვიგრძნოთ – რაინდი კარგი ტიპია). რა ადამიანური თვისებები გააჩნია რაინდს? რამდენიც გინდა, ადამიანური რასაც ეთქმის, უცხო არაა რაინდისთვის, სვამს მძაფრ ალკოგოლურ სასმელს – არაყს ან ვისკის (გააჩნია, რას ეტანება რაინდის პროტოტიპი – ავტორი), ჩხუბობს კიდეც და მუშტიც ხვდება ჩხუბში, იმიტომ რომ ეტკინოს უნდა რაინდს და რაინდს რომ ეტკინა ვიღაც იდიოტისგან ნალეწი, ეს ჩვენც უნდა ვიგრძნოთ, ჩვენც გვეტკინოს, რადგან რაინდი ძალიან კარგი ტიპია. ჩხუბიდან გალახული გამოვა რაინდი? გამორიცხულია, ის ხომ რაინდია! ხელი მოხვდება უეჭველად, მაგრამ ესეც მოარტყამს გემოზე. ბოზებში თუ დადის რაინდი? დადის უცილობლად, ყოველ მიზეზგარეშე, (როგორც წესი, არყით ან ვისკით შეხურებული მიემართება პუტანასთან, თუნდაც „ნაშასთან“, ვისთანაც სექსი აქვს და არა – სიყვარული. ადამიანური რასაც ეთქმის, რაინდისთვის არაა უცხო). უყვარს კი ვინმე რაინდს? უყვარს ალბათ, როგორ არ უყვარს, ისევე, როგორც უყვარს სამშობლო, რომელიც სიყვარულთან ერთად გულსაც ურევს, ჰო, ამ ხარისხში ვიღაც უყვარს, ის ხომ  „ნიჰილისტი რაინდია“, ხელწერას ხომ არ გაიფუჭებს (ესე იგი, „პოჩერკს“), უყვარს, მაგრამ თავისებურად უყვარს, ზეაღმატებული პოზიციიდან, ნიჰილისტურად; თუმცაღა, ისიც სათქმელია, რომ ძირითადად „პუბლიცისტური გულყრების“ მდგომარეობაშია ჩვენი რაინდი და იმდენად მძაფრია ეს „პუბლიცისტური გულყრები“, რომ არ საჭიროებს სიტყვის ძიებას, ცუდზე ცუდს ამბობს და მორჩა, თქვა და დაამთავრა.

აი, ეს ფოტოალბომი გადავფურცლე. დამეთანხმე, რომ მართლაც ქრესტომათიული ფოტოალბომია; აქვე, სახელდახელოდ შეიძლება გამოგვიცხვეს ახალი სარაინდო რომანი „ნიჰილისტ რაინდზე“, ვინც ზერელე ვნებებით, ზერელე დამოკიდებულებებით, ზერელე გმირებით გარემოცული დაეხეტება ზერელე გზებზე, სადაც ზერელე ენით საუბრობენ გმირებიც და „ნიჰილისტი რაინდის“ პროტოტიპი ავტორიც. მათი ერთობლივი ფოტოც არსებობს ქრესტომათიულ ფოტოალბომში. ძალიან მარტივად გარიგდნენ ერთმანეთში „ნიჰილისტი რაინდი“ და მისი პროტოტიპი, დაკრეს ხელი-ხელს, მობილურიდან გადაიღეს ერთობლივი ფოტო დუეტში და ერთობლივად გაეშურნენ ლიტერატურულ „ტუსოვკაზე“.

1 2 3 4 5 6 7