გურანდამ ერთი ხელი პირზე მიიფარა და მეორე კი ანარეკლს მიადო:

  • ულვაში არის თმა, ან თმის წარმონაქმნი, რომელიც ეზრდება ადამიანს ცხვირის ქვეშ, ზედა ტუჩზე. ძირითადად ის უჩნდება მამაკაცებს, უფრო იშვიათად ქალებს, რაც მანდილოსნის სხეულის ჰორმონალურ დარღვევებზე მიუთითებს! – ასე მთავრდებოდა დაზუთხული ტექსტი და აცრემლებული ქალი კვლავ ნამდვილი გურანდა ხდებოდა; უკვე სამი თვეა ასე იწყებოდა მისი ყოველი დილა.

„შხაპის“ შემდეგ თითქმის დედიშობილა სამზარეულოში გადიოდა, არ აქცევდა ყურადღებას გადაწეულ ფარდებს, საიდანაც შეიძლება საოჯახო აბლაბუდაში გახვეულ მეზობელს ან მეზობლებს დაენახა მისი სიშიშვლე და  შ ე ყ ო ვ ნ ე ბ უ ლ ი ყ ო. პირსახოცი უფარავდა, მხოლოდ კისერს და… და მეტს არაფერს. უცნობ მამაკაცთა ეროტიულ ემოციებზე ფიქრი ხასიათს უკეთებდა, ენერგიას მატებდა, ახალისებდა კიდეც; გუნება გამოკეთებული პირჯვარსაც კი იწერდა, მხოლოდ ისე, მალულად; მოთვალთვალეს ან მოთვალთვალეთ, რომ ვერ და არ დაენახათ.

  • რა შუაშია პირჯვარიო?! – აღშფოთდება ზოგიერთი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთ დროს ჩვენს ქალბატონს ყოველთვის ახსენდებოდა ძველი და უკვე საკმაოდ მოყირჭებული იგავი – “ტალახში ჩავარდნილ ლავაშზე, მათხოვრებზე, მდიდარ ძუნწზე და უზენაესი სამჯავროს უცნაურ სასწორზე”;

სანამ გურანდა ელექტრო ჩაიდანს ჩართავდა, აუცილებლად მიეყუდებოდა სამზარეულოს კარადას, რომელიც გაჰყურებდა მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებს და ნაწილობრივ ფარავდა ქალაქის ულამაზეს ხედს – ხიდებით გადაკვეთილი მდინარის ხვეულს, ვიწრო და ფართო ქუჩებს, კრამიტითა და ათასნაირი მამაძაღლობით გადახურულ სახლებს, ბაღებს – მწვანედ მობიბინე ხეებით, მრავალ საუკუნოვანი შენობების გუმბათებს, წოწორიკა სახურავებს და ხავსით დაფარული სალოცავების ფასადებს;

  • რამდენი უაზრო შენობაა ამ ქალაქში თვალში ნაცრის შესაყრელად! – მზაკვრულად გაიფიქრებდა და არც კი შერცხვებოდა. იმიტომ, რომ მისი სიტყვები მხოლოდ მას ესმოდა და მეტს არავის. ამ ფიქრში გახვეულს ლოყები აუღაჟღაჟდებოდა, და საკუთარი სხეულის სიშიშვლით გატაცებული, გაზაფხულის მზის სხივებისაგან ასაფეთქებლად გამზადებული ალუბლის კვირტებივით ივსებოდა – იბერებოდა; წამიც და ბუტკოები აფეთქდებოდა, სურნელოვან   ყვავილებად გაიშლებოდა და…

იგავი – “ტალახში ჩავარდნილ ლავაშზე, მათხოვრებზე, მდიდარ ძუნწზე და უზენაესი სამსჯავროს  უცნაურ სასწორზე”:

  • რა გინდა! –  გაისმა ცხელ-ცხელი პურებით დახვავებულ ურიკადან, ქალაქში განთქმული ძუნწის მოფსუტუნე ხმა;
  • ერთი ცალი მაინც მოგვიგდე, ხომ ხედავ შიმშილით ვიხოცებით! – შეევედრა ოფლის მოტკბო სიმყრალით გაჯერებული მათხოვარი.
  • არა! – უყვირა მდიდარმა, უხერხული მოძრაობა გააკეთა, თოთქოს პურს გადაეფარაო და ურიკის ბორბალთან მტვერში რამოდენიმე შოთი დაუვარდა.
  • მადლობა, უფალო! – გაუხარდა მშიერ უპოვარს.
  • რაკი ეგრეა… თფუ, შენი იყოს, ეგრე! – ლამის მიაფურთხა ძუნწმა მიწაზე დაყრილ პურს და გზა გინებ – გინებით განაგრძო.

„სად მიდიოდა ამდენი პურით? ვისთან? რატომ? რისთვის? დუმს ამის შესახებ ამ იგავის უცნობი ავტორი და არც არავინ იცის რაიმე. მხოლოდ ცნობილია, მათხოვარი და მისი ოჯახი იქვე დაჯდა და გემრიელად მიირთვა თონიდან ახლად ამოყრილი ხრაშუნა პური.

ძუნწის შემდგომი ბედის შესახებ საკმაოდ მშრალი ინფორმაცია გვხვდება ამავე იგავში, საგაზეთო ნეკროლოგის მაგვარი:

ძალიან მალე ძუნწი მოკვდა. გავიდა გაღმა, დალია სული, მოკვდა და მოხვდა უზენაეს სამსჯავროზე. იქ, მას უამრავი ცოდვა გაუხსენეს, თითოეული მათგანი სიტყვა-სიტყვით, ყველა წვრილმანის გათვალისწინებით იყო აღწერილ-დასაბუთებული. ისინი სასწორის ერთ მხარეს დააწყვეს, ხოლო მეორე მხარეს მტვერში ამოგარგლული სამი პური დადეს და მოხდა საოცრება, ამ სამმა გალეულმა შოთმა გადაწონა ათეულ, სქელტანიან ტომად შეკრული ცოდვები.

„იმიტომ, რომ სამმა პურმა დაანაყრა მათხოვრები! ძუნწმა ასიამოვნა მათ და სწორედ ამიტომ გამართლდა ეს კრიჟანი! – ფიქრობდა გურანდა და სახეზე მაცდური ღიმილი დასთამაშებდა; შესაბამისად, პარალელები გურანდასა და ძუნწს შორის თავად გაავლეთ, არ დაგავიწყდეთ მათხოვარი და მოპირდაპირე სახლიდან მოთვალთვალე მეზობლების ერთმანეთთან დაკავშირებაც.

  • მტვერს, როგორც ვნებებს ქალაქში რა დალევს?! ჩემო სამოთხის სანთებელავ! – დააღიღინა გურანდამ და ფანჯარას მიუახლოვდა. კაციშვილი არ ჩანდა. არავინ მიწებებოდა ვნებაამღვრეული მზერით ფანჯრის ან აივნის კარის მინებს; ქალმა ტუჩემი იმედგაცრუებით მობუზა, მაგრამ გუმანით მაინც გრძნობდა, რომ ათრთოლებული ფარდების უკან ერთი-ორი მეზობლი მაინც იდგა და თვალებგადმოკარკლული უცქერდა მის ვენერასეულ სხეულს.
  • ერთი პური! ორი პური! სამი პური!  – დათვალა გურანდამ და იასამნებით მოქარგული სამზარეულოს ფარდა ჩამოაფარა, – ადიუ! მორჩა!

გაიცინა და საწოლი ოთახისაკენ მიმავალ კორიდორს გაუყვა. იატაკზე მინებჩამტვრეული სურათები ელაგა. პარკეტზე დაყრილი ნამსხვრევები, კრაჭუნობდნენ, ჭრაჭუნებდნენ, კრიახობდნენ, მაგრამ ქალი ამას ყურადღებას არ აქცევდა.

  • მე დილის ნამივით სუფთა და კრიალა ვარ, ძვირფასო! – ვნებაარეული ხმით დაიჩურჩულა და შესრიალდა საწოლ ოთახში, საიდანაც გურამის ხმადაბალი ხვრინვა ისმოდა, კარი მოხურა და შიგნიდან ჩაკეტა.

გურანდას ჯიბლიბო და კონიუქტივიტი ხშირად უჩნდებოდა თვალებზე; ამის გამო ყოველი გაზაფხულის სეზონი, როცა ახლადგაღვიძებული ბუნების ალერგიული მტვერი ონავარ ნიავს აფეთქებული ბუტკოების არომატით ავსებდა, თვალები სატვირთო ავტომობილის სამუხრუჭე შუქებივით აუკიაფდებოდა. არასასიამოვნო გამონაზარდ – გამონადენის გამო იძულებული იყო სათვალეები ეტარებინა და ასე დაემალა საკუთარი ორგანიზმის პროტესტი ბუნების აღლუმის მიმართ. ახლობლები და ნაცნობები “Spring მატა ჰარის” ეძახდნენ. მასავით იდუმალი,  უნიკალური და მომაჯადოებელი იყო სათვალე, რომელსაც  აცეტატის კვადრატული ჩარჩო მძივებით და მარგალიტის იმიტაციით ჰქონდა მოვარაყებულ – მოკაზმული. Dolce & Gabbana-ს მიერ შექმნილი ამრეკლავი პირამიდის ტექსტურა გრუნტისებრი ლინზებით ხშირად აირეკლავდა გურანდას სილამაზით, გემოვნებითა და უზადო დახვეწილობით მონუსხულ სახეებს და ვერავინ ამჩნევდა მათ უკან დამალულ, ალერგიით ალისფრად ანთებულ თვალებს, ან ჯიბლიბოდამძიმებულ ქუთუთოებს;

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8