მინდა გავიხსენოთ ერთი დეტალი, რომელიც გამომრჩა; როცა პირველად აისახა ეს ე.წ. “ბეწვური” თავისებურება ფოტოებზე, ისინი მხოლოდ “ჯაგრისის ულვაშების” ფორმისა გახლდათ და ადვილად იპარსებოდნენ… გადიოდა დრო. დღე დღეს მისდევდა, კვირა კვირას, თვე კი თვეს… ყოვედღიური რიტუალით თავმობეზრებულმა გურანდამ, ფოტოების მორიგი პარსვის დროს ვეღარ მოითმინა და გულნატკენმა აღნიშნა:

  • გურამ, რა უბედურებაა ეს ულვაშები?! არც ჩემს წინაპრებში და არც შენებთან არავინ იყო ჰიტლერის მიმდევარი. ყველა ჭეშმარიტი სტალინელი იყო!

ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა. ის დღე იყო და ფოტოები აბიბინდა ჯუღაშვილისეული განუმეორებელი შტრიხით. ამის შემხედვარე გურანდამ სრულიად დაკარგა კონტროლი და სიმწრისგან იჯახის წევრების გასაგონად დასჭექა:

  • ბისმარკი, ბოიარსკი, იაკუბოვიჩი, აკაკი წერეთელი, შალვა დადიანი, კოტე მარჯანიშვილი, სულხან საბა ორბელიანი, ფიროსნამი, ლერმონტოვი, ბალზაკი, ჰიუგო, სივენსონი, დიკენსი, ჰემინგუეი, ჯოისი, ილია ან ვაჟა ფშაველას პირ-სახევარცხნილობა არ ახსენოთ, თორემ დავიღუპებით!

ტყუილა თქვა ეს ხმამაღლა. სასტიკად შეცდა. ის დღე იყო და დაიწყო მათ სახლში ულვაშების აღლუმი. სტილის, სიგრძე – სიგანის, ბიბინის მრავალფეროვნებას არ ჰქონდა საზღვარი. მთელი ოჯახი იქცა ამ სახის თმის შენახვა – ტარების სპეციალისტად და ერთი შეხედვისთანავე აღნიშნავდნენ –   შევრონი იყო ის თუ დალი; ინგლისური თუ ჰენდლბარი; ფუ მონჟუ თუ კრეისერი; აისბერგი, იმპერიული თუ ვარლუსი; მოკლედ სახლში გაჩნდა ორი ნაგვის უზარმაზარი სათლი. ერთი საოჯახო საჭიროებისთვის და მეორე კი… დიახ მოპარსული ულვაშებისთვის.

ძალიან დაიტანჯნენ, გამოიფიტნენ და ცოტარა აკლდათ სულიერ და ფსიქიკურ განადგურებამდე.

„ამ ულვაშებს, ხომ არ გადავყვებითო!“ – დასჭექა გურამმა, მთელი ძალით დაჰკრა ხელი სურათების ახლადგაპარსულ ალბომს, – „ამათი დედაცო!“

ჰოდა, გაბედეს; ორი კვირით აგარაკზე წავიდნენ. მშვენიერი სახლი ჰქონდათ მთაში, მდინარის პირას. ამინდი, ჰაერი, სურვილი და მონდომება, ყველაფერი კარგ და საფუძვლიან დასვენებას უქადდათ, თუმცა ნათქვამია – “კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო”; დიახ, ისინი უფრო დიდხანს ფიქრობდნენ იქ დარჩენას და ფსიქოლოგიური სიმშვიდისა და ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენას, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ოჯახის ყველა წევრს საშინელი ქავილი დაეწყო. იფხანდნენ და იფხანდნენ. იფხანდნენ და იფხანდნენ. იფხანდნენ თავებს, ხელებს, ფეხებს, ზურგებს, იღლიებს; იფხანდნენ ხელისგულებს, მკლავებს, ფეხის ტერფებს და მკერდს; ცხვირის ქვეშ კი განსაკუთრებული გულმოდგინებით იფხანდნენ; მთელ დღეებს ფხანვაში ატარებდნენ. დაეწყოთ კანის მწვავე გაღიზიანება; ბოლოს იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ იქაურობა და სახლში დაბრუნებულიყვნენ… როგორც კი შეაღეს შესასვლელი კარი თვალწინ საშინელი სანახაობა გადაეშალათ. დამტვრეული და ჩამოყრილი ჩარჩოები და ტილებით გავსებული სურათები. ოჯახური სამოთხე ჯოჯოხეთად გადაქცეულიყო. კიდევ რამდენ ხანს გაძლებდნენ ასე ძნელი სათქმელია, თითოეულ მათგანს თვითმკვლელობის სურვილი მსუბუქ გაციებასავით მიეპარა და დღე-დღეზე სერიოზულ დაავადებაში გადაეზრდებოდათ; მაგრამ, სასოწარკვეთამდე მისული ოჯახი შემთხვევითობამ იხსნა.

“შველა ყოველთვის ბავშვებიდან მოვაო” – ნათქვამია და ეს სიმართლე არა ერთხელ დამტკიცებულადა, გურანდასა და მისი ოჯახის მიმართებაში კი განსაკუთრებით. საქმე იმაშია, რომ უმცროსი გურანდა, ანუ გურანდას უმცროსი ქალიშვილი  დიდი ბებიის მოსახელე იყო, თუმცა გურანდას დედასაც და მის დედასაც გურანდა ერქვა, ამიტომ რაიმე რომ არ არეოდათ, ოჯახში უბრალოდ ამბობდნენ:

  • შენ გურანდა დაგერქვა იმიტომ, რომ ასე ერქვა შენს დიდი ბებიის დედას! – ეს სიმართლე იყო, მიუხედავდ იმისა, რომ ამას დედა გურანდა ეუბნებოდა. მამის მხრიდანაც იგივე ამბავი ხდებოდა, გურამის მამას ერქვა გურამი, გურამის ბაბუას ერქვა გურამი, გურამის ბაბუის მამასაც ერქვა გურამი, გურამის ბაბუის ბაბუასაც ერქვა გურამი. მავანნი იტყვით, რა უბედურებააო!? სხვა სახელი რით ვერ მოიფიქრესო? მე დაგეთანხმებით, მაგრამ აქვე, არ შემიძლია, არ მოვიყვანო ის მყარი არგუმენტი,რომელსაც გურამი და მის მშვენიერი მეუღლე გურანდა იშველიებდნენ ხოლმე:
  • რატომ გიკვირთ, ან რატომ ბრაზობთ? სხვა სახელი რომ დავარქვა, რა შეიცვლება? სკოლაში არ მოუწევს სიარული, ინსტიტუტში არ მოუწევს სწავლა თუ შემდგომ სამსახურში არ ივლის? ცოლს არ მოიყვანს თუ რა? ეგებ რაიმეთი განსვავებული ცხოვრება ექნება გურამის მაგივრად სილიბისტრო, კალისტრატე, ნიკანორი, ან რომანოზი რომ ერქვას? ან იქნებ სახელი აძლევს გარანტიას და ჯავშანს, ცხოვრებისეული პრობლემებისაგან იცავს და ანგინა, გრიპი, ან ღმერთმა დაიფაროს უარესი არ შეეყრება? ეგებ გურამობა რაიმე უხერხულობას შეუქმნის? არა და არა. რაც არ უნდა ერქვას მას, ის, უკვდავი მაინც ვერ იქნება და მით უმეტეს, ეს სახელი არაფრის მთქმელი სიტყვა – მურმანი, ჯუანშერი, ივერი, გუჯარი, მამუკა, ნუკრი, ვეფხია, ედუარდი, მიშა ან თუნდაც სიდამონი მას განსაკუთრებულს ვერ გახდის. ცხოვრება ისედაც მრავალფეროვანია და რა საჭიროა მისი უფრო გართულება ამ სახელომანიით? აი, ცაში მიფრინავს ჩიტი, ჩვენ არ ვიცით მას რა ჰქვია და მიუხედავად ამისა ის მაინც მიფრინავს. ვთქვათ მას ჰქვია დაფნა. ეი, დაფნა გესმის ჩემი? რა, ამის მერე დაფნა სხვანაირად დაიწყებს ფრენას? არა. ჰოდა, გურამი იქნება გურამი, გურანდა კი გურანდა და მორჩა!

მოკლედ, კვლავ გადავუხვიე მთავარ თემას და ლამის გავცდი ძირითად სიუჟეტს:

პატარა გურანდას და მთელს მის კლასს, სკოლაში ხატვის თუ ხელოვნების მასწავლებელმა დაავალება მისცა, შეექმნათ საიჯახო პორტრეტების ალბომი, ანუ მეხუთე კლასელ ბავშვებს უნდა დაეხატათ ოჯახის წევრების სურათები და მათ შორის ერთერთი ავტოპორტრეტიც უნდა ყოფილიყო. გურანდას ოჯახში სურათის და მით უმეტეს პორტრეტის ხსენებაზე ყველას ალერგია დაემართა. შესაძლებელი იყო ბავშვს ვიღაც სხვები დაეხატა და ისინი გაესაღებინა ოჯახის წევრებად, მაგრამ მასწავლებელი იცნობდა ყველა მათგანს, თან პატარა გურანდას ხატვის საოცარი თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა. ის, ადვილად ქმნიდა რეალისტურ ჩანახატებს – ბოთლების, ყურძნის, ჯამების, სხვადასხვა ფიგურებისას, ხოლო სახეების ხატვა საერთოდ მისი „კოზირი“ იყო. მიუხედავად მშობლებისა და და – ძმის მხრიდან გამოთქმული საერთო პროტესტისა, მან თავისი ბავშვური უშუალობით და მონდომებით პირნათლად შეასრულა დავალება და დახატა როგორც ცალ-ცალკე თითოეული ოჯახის წევრი, ასევე აკვარელის ფუნჯის ლამაზი მონახაზებით შექმნა საყვარელი ადამიანების ჯგუფური ჩანახატიც კი. გურამები და გურანდები მორიდებით იდგნენ მშვენიერი ბაღის ფონზე, სადაც ნისლისფერი ფერადოვნებით მიმობნეულ კონტურებში იკითხებოდა ვარდები, ქრიზანთემები, აყვავებული ალუბლები, უკიდეგანო ცა, კაშკაკშა მზე; თუმცა, ეს არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რადგან ნახატი – ნახატია, მცირეწლოვანი გოგონას ორიგინალური ხედვის და ფანტაზიის ნაჟურია და მეტი არაფერი; საქმე კი შემდეგში მდგომარეობდა, ლამის ბავშვური უშუალობით და მიამიტური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები რამოდენიმე დღის შემდეგაც კი არ იფარებოდნენ თმის საფარით და შესაბამისად არანაირ განსაკუთრებულ მოვლას, და მით უმეტეს ულვაშების პარსვას არ საჭიროებდნენ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8