დასაფიქრებელია, რა სჭირო იყო ამდენ ხანს ავტორის მიერ მკითხველის, ან მსმენელის ყურადღების გამახვილება ამ მიმზიდველ ქალბატონზე? რა, განა უკეთესები დაილია? უფრო ნორჩები და ხატულები, რომელთა ფერხთან გუნდ-გუნდად ეყარნენ თაყვანისმცემლები? ასეთი რა პირადი ინტერესი, ან ახირება უბნელებდა გონებას და აიძულებდა გურანდასადმი უტიფარი და გადამეტებული მზერის მიპყრობას?

ეეჰ, მერწმუნეთ იყო და არის კიდეც ფრიად საყურადღებო მიზეზი და მნიშვნელოვანი საბაბიც.

ახლა ბევრად უფრო დაუძლეველი პრობლემა ჰქონდათ გურანდას და მის ოჯახს, რომელსაც ვერც  Dolce & Gabbana-ს საქვეყნოდ განთქმული სახელი და ვერც Ray-Ban Aviator RB, Polaroid PLD 2066/S 003, SHIMANO Aspire მოდელების პოპულარობა ვერ გადაფარავდა და ვერ უშველიდა. სულ სხვა, ბევრად უფრო აბსურდული, მაგრამ სამწუხაროდ რეალური და ჭკუიდან გადამყვანი ბარიერი უღობავდა ჩვეული, ღირსეული და დამსახურებული ფუფუნებით გაწყობილი ცხოვრებისკენ გაკვალულ გზას. მის მდიდრულ სახლში სწორედ იმიტომ აღარ ეკიდა, ან არ იდგა კოხტად გაწყობილ მოოქროვილ და მოვერცხლილ ჩარჩოებში, არც ერთი საოჯახო ფოტო, ან ცალკეული წევრის პორტრეტი. ისინი უდიერად ეყარნენ ყველა ოთახში; და რაც მთავარია, არც ერთ მათგანს  მთელი არ შერჩენოდა   დამცავი მინა. ყველა გაბზარული ან დამტვრეული გახლდათ. ასევე სახლში არსებული მობილური ტელეფონები, ნოუთბუქები თუ სხვა ამდაგვარი ბუქები, რაც კი მოიპოვებოდა და სადაც შესაძლებელი იყო, ოჯახის წევრის პორტრეტის ელექტრონული ვერსიის განთავსება, ყოველ მათგანს განურჩევლად ფირმისა და სიძვირისა, ეკრანი ჰქონდა დაზიანებული… თუმცა, გასაგები რომ იყოს, რა ხდება ამ სახლში, უნდა მოვყვეთ ისტორია თანმიმდევრობით, რათა არაფერი გამოგვრჩეს;

გურანდას ჰქონდა მამიდისეული წარბები. სქელი და ხშირი. გიშრისფერი, მერცხლის თუ არა, შაშვის ბარტყის გაშლილ ფრთებს მაინც ჰგავდნენ. ამ საგვარეულო შტრიხს სახიდან გამოჰყოფდა რძიანი კაკაოსფერი კანი და გოზინაყისფერი  თვალები. ყველას ეგონა, რომ გურანდა სადღაც ირუჯებოდა, ან რომელიმე პრესტიჟულ სოლარიუმში ათენებ-აღამებდა, მაგრამ მას არ უყვარდა სოლარიუმი. კანის ეს თავისებური და განუმეორებელი ფერი კი დედის მხრიდან ჰქონდა დანათლული. იყო ამ ფერში აზიური მზის მხურვალება, რომელიც ზუგდიდის კოხტა და მეგრული კერძების არომატით გაჟღენთილი უბნების ატმოსფეროსგან შეიფერა; სწორედ ამ სურნელებისა და ეშხის ნაზავმა, რამოდენიმე ათეული წლის წინ, ზღვისპირა ბულვარზე, ვაკელი ყმაწვილი ანდამატივით მიიზიდა და სამუდამოდ დაატყვევა.

  • აუ, ჩემი კაი! – აი, ის პირველი შეუნიღბავი, ოდნავ მდაბიური აღფრთოვანება რაც გაიგონა გურანდამ ამ უცნობი, მაგრამ მომხიბლავი ახალგაზრდისგან.
  • ხა-ხა! – ჩაიცინა კომპლიმენტით გაბრუებულმა ქალმა და სახე 1989 წლის მზეს მიუშვირა.

ის დღე იყო და ახალგაზრდები უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს. გავიდა სულ რაღაც ორიოდე კვირა და მათი ახლადშექმნილი ოჯახი თაფლობისთვის დამახასიათებელ სინაზესა სიტკბოებაში “ჩაიხრჩო”, მხოლოდ კარგი გაგებით.

ყველას ხომ კარგად გვახსოვს, ძველი ქართული ანდაზა „ოჯახის შედუღაბებას სიტყვები კი არ უნდა, არამედ მშვენიერი პატარძლის ტკბილი სიზმრებიო“. ჰოდა, გურანდას ჰქონდა ისეთი სიზმრები, ისეთი სიზმრები,  „ათას ერთი ღამის“ ავტორებს რომ შეშურდებოდათ.

მხოლოდ იმას დავამატებდი, როცა ისინი თაფლობისთვიდან დაბრუნდნენ, ყველამ აღნიშნა მათ შორის საოცარი მსგავსება. თავიდანვე გავდნენ, თუ შემდგომ მოხდა ცოლ-ქმარის ასეთი გაერთგვარფეროვნება, ძნელი სათქმელია. “ფერი ფერსაო და მადლი ღმერთთანო”, უფრო სწორედ კი “ხარი ხართან თუ დააბი, ან ფერს იცვლის ან ზნესაო”. ჰოდა, გურანდა და გურამი ტყუპებივით დაემსგავსნენ ერთმანეთს. წარბების ფორმა, სახის ნაკვთები და კანის თავისებური ნათებაც კი ერთნაირი გაუხდათ. უცნობსა თუ ნაცნობს ისინი და-ძმა ეგონებოდათ. თუმცა გურამი გურამი იყო და გურანდა გურანდა. კაცი – კაცი იყო და ქალი – ქალი. არც არანაირი ნათესაური კავშირი მათ შორის არ არსებობდა; (ისე, ცოლ-ქმარი ითვლებიან თუ არა ნათესავებად, დღემდე არ ვიცი)  მეუღლეები, როცა ერთად იყვნენ გაჭრილი ვაშლივით გავდნენ ერთმანეთს, მაგრამ საკმარისი იყო სხვადასხვა ოთახებში გასულიყვნენ, მსგავსება ქრებოდა და გურამი გურამი, გურანდა კი განუმეორებელ გურანდად იქცეოდა. და მეტი არაფერი. აი, სიზმრები ჰქონდა თუ არა გურამს ისეთივე, როგორც მის მეუღლს, ამას ვერ გეტყვით; მაგრამ არაგათვითცნობიერებულად რომ არ ჩამთვალოთ, არ მომაძახოთ: – თუ არ იცოდი რაღას გვიყვებოდიო! –  გეტყვით, არც თვითონ იცოდნენ და არც ალბათ ღმერთმა, რომლისაც თითქოს სწამდათ. არც ეკითხებოდნენ ერთმანეთს, რადგან მიუხედავად ფიზიკური, სულიერი და სექსუალური ურთიერთობისა, რატომღაც ერიდებოდათ ასეთი თემაზე საუბარი. მე თუ მკითხავთ, არც იყო საჭირო; ეროტიკას, თუნდაც სიზმრისეულს, პრაქტიკა უნდა და არა ლაქლაქი და დისერტაციების დაცვა; “დაგესიზმრა, ძვირფასო? გეზმანა, საყვარელო? – ჰა, ბურთი და მოედანი! შეასხი ხორცი! მიხედე საქმეს!”. შესაბამისად დაუკრეფავებში რომ არ გადავიდე, მეც ვწყვეტ ამ საკითხის განზოგადებას და გადავივარ პირდაპირ საქმეზე:

გ უ რ ა მ ი 

საოცრად კარგი ტიპი იყო გურამი. შესაშური წარმოსადეგობის მქონე. შორიდანვე თვალშისაცემი იყო მისი ათლეტურობა, მკვირცხლი, მოქნილი და დაკუნთული სხეული. ტანადი და მხარბეჭიანი, სიარულისას გადაბრუნებულ მახვილკუთხა სამკუთხედს ჰგავდა. ძარღვიანი, ისრებივით ფეხები თითქოს ესობოდნენ იმ ადგილს, რომელსაც მისი როდენისეული ტერფები შეეხებოდნენ. გურამის ნიჩბებივით ხელები ანძებივით გრძელი და თლილი თითებით ბოლოვდებოდნენ. ისინი  ნიამორებივით დახტოდნენ კლავიშებზე და საოცარ პასაჟებს ასრულებდნენ ყველანაირ მუსიკალურ საკრავზე: პიანინო იყო, გარმონი, ჩონგური, გიტარა, სტვირი, ჭიანური, სალამური, საქსაფონი, თუ ვიოლინო..  მათი აჟღერება მისი მოწოდება, გატაცება და ჰობიც კი გახლდათ; რეპერტუარი ისეთივე უსაზღვრო ჰქონდა, როგორც შესაძლებლობები – სებისკვერაძიდან დაწყებული ვაგნერით დამთავრებული, შნიტკეს ლაბირინთებიდან უპრობლემოდ გააბამდა საცალფეხო ბილიკებს ჯერ დიუკ ელინგტონისკენ, მერე კი უცებ ისკუპებდა ქალაქური სიმღერით გაცისკროვნებულ ქუთაისურ აივნებზე. ამ დროს წეროსავით მაღალ ყელზე, კოპწიად დამკვიდრებული ჭკუით გაპენტილი თავი, უწყვეტად ფიქრობდა და აანალიზებდა სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებს, საგარეო თუ საშინაო ფისკალურ ბურუსს შინაგანი ანალიტიკური ნიავით ფანტავდა, ან შემოქმედებითი მუხტით ცრეცდა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8