მის უზარმაზარ, ხბოსავით ლამაზ თვალებს, ანუ  ე.წ. “სულის სარკეს”, ფრესკაზე დაწერილი წმინდანივით ნათელ, დახვეწილ მზერას, შავი ელვარებით მბზინავი, ნიამორის სადარი წამწამები ამშვენებდნენ. თუკი ერთხელ მაინც მის, ხორბლისფერ ტალღოვან ხუჭუჭა თმასა და ფიჭაჩაღვრილ, დიდრონ, მუგუზლებივით მოლაპლაპე თვალებს დაინახავდით და აღარასოდეს დაივიწყებდით გურამს. ის გახდებოდა თქვენი სიზმრისეული სამყაროს მპყრობელ – მბრძანებელი.

  • ოჯახი? ოო, ოჯახი!!! როგორ გითხრათ, როგორ აღგიწეროთ “A4” ფორმატით შეზღუდულ – შემოსაზღვრულ ფურცელზე, ეს ფენომენი? რანაირად გადმოგცეთ მათი ყურებითა და ზოგჯერ თვალთვალით გაჩენილი შეგრძნებები და შთაბეჭდილებები? კალმით დაჩხაპნილი ასოებითა და უსუსური სიტყვებით რა მოვყვე, რა ვთქვა, რა გიამბოთ? რომ არსებობდეს ისეთი ანბანი, რომელიც მელნით კი არა, ემოციებით, გრძნობებით და ვნებების სახით აღიბეჭდებოდა ქაღალდზე, მხოლოდ და მხოლოდ ის მომცემდა შესაძლებლობას ამ მყუდრო, კოხტა, ლამაზი, კოპწია, მოსხივცისკარე ბუდეში გამეფებული ატმოსფეროს უნაკლოდ გადმომეცა.
  • ვით მეფსალმუნე დავითი თავის ღვთისკურთხეული გალობით ახარებდა წუთისოფელს, ნექტრადქცეული ღვინოსავით სქელი და განუმეორებელი არომატის მატარებელი გურანდაც ყოველდღიურად ბადაგივით ხმას ააყოლებდა აისის სადიდებელ სამყაროსეულ ჰანგებს.

ახლადგაღვიძებული, ჯერ კიდევ სიზმრისეული ცდუნებებით ჩათბუნებული აკიაფებული სანთლით ან კანდელით ააციმციმებდა თავის ფაქიზ რწმენას და სათნო სიყვარულს, შეაღებდა ამომავალი მზის მეწამული სხივებით მოქარგულ საძინებლის სარკმელს და ლოცულობდა ისე, როგორც ესმოდა და ისე, როგორც სწამდა:

“გურანდა, ვითარცა ვაზი მსხმოიარე; აივნებიანი მათი სახლი, ხეხილით უხვად გახარებული და გარშემორტყმული, კარგად მოვლილი და ედემის ბაღივით მადლიან კიდეებში; გურანდას მეუღლე გურამი, ვითარცა მარადმწვანე ლიბანის კედარი, ტოტებგაშლილი და ღრმად გადგმული ფესვებით ელამუნება კარმიდამოსა და სახლეულს; გურამისა და გურანდას შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, ათასნაირი ნუგბარით და კერძით გაწყობილი საზრდოსთვის განკუთვნილი მზის სხივებით ნაქსოვი სუფრის გარშემო; კურთხეულია, კურთხეულია კურთხეულია ოჯახი მათი; ამინ.”

ეეჰ, ისინი არ ცხოვრობდნენ უბრალო მოკვდავებივით, ისინი ანგელოზებივით ბედნიერნი დაფარფატებდნენ ყოველდღიური ყოფიერებისა და მატერიალისტური რეალობის თავზედ. არ არსებობდნენ, არ ცხოვრობდნენ, არამედ უბრალოდ ნეტარნი, იღბლიანნი და ბედკეთილნი იყვნენ.

ასეა, ხალხნო! ასეა, ძმანო და დანო – ადამიანი თუ ნამდვილად ცხოვრობს, შეუძლებელია ბედნიერი იყოს; რადგან ცხოვრებას მოაქვს დრო, დროს კი წარმავლობა, წარმავლობს კი ტკივილი და დარდი;და კიდევ შეგრძნება ცრუ, მოჩვენებითი ბედნიერებისა ან უბედურებისა, რომლებიც სინამდვილეში ერთი და იგივეა, მხოლოდ ადამიანში შეღწევის გზებითა და ხერხებით განსხვავდებიან. ნამდვილი, ჭეშმარიტი ბედნიერება კი მარადიულია. ის, არც მოდის და არც მიდის. ის არ იბადება და შესაბამისად არ კვდება. ის, ან არის ან, არ არის. ბედნიერება, ვერ ეტევა დროის და სივრცის არტახებში. ის, არ არსებობს სულშეხუთულ, შემოსაზღვრულ მატერიალურ სამყაროში და “წუთისოფლობით” ბორკილდადებულ ყოფიერებაში. წუთისოფელი და ბედნიერება მკვეთრად განსხვავებული მცნებები და ფასეულობებია. ისინი ერთმანეთს მუდმივად ანადგურებენ, და ერთად ვერ თანაცხოვრობენ. შესაბამისად, ადამიანი ან არსებობს, ან არის ბედნიერი;  აქედან გამომდინარე ისმის ლოგიკური კითხვა: „არის კი ეს მოკვდავი და მარადიულად უსუსური არსება ადამიანი, როდისმე ბედნიერი? და შესაბამისად, რატომ ვთვლიდი, რომ გურანდა “მისი ოჯახობით” მუდამ “ალჩუზე ჯდებოდა”, ანუ  რა დამსახურების გამო ერგო მას და მის ხუთსულიან ოჯახს ეს გონებით აღუწერელი მადლი – ბ  ე დ ნ ე რ ე ბ ა?

პასუხი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე შეკითხვა – არ ვიცი. პასუხი არა მაქვს. მე, ხომ ერთი ჩვეულებრივი, ფსევდოგანათლებული, ცრუ ადამიანი ვარ, მაგრამ თუ რაიმე დამეჯერება, მაშინ მერწმუნეთ, გურანდა და მისი ოჯახი იყო ბედნიერი. ნადვილად იყო ბ ე დ ნ ი ე რ ი. არ გჯერათ?

კარგი, ბატონო. ისე, კარგად რომ დაფიქრდე, რა არის ბედნიერება? – კმაყოფილება, მყუდროება, სიმშვიდე, სიამოვნება, სიყვარული, მდგრადობა, დაცულობა, სიხარული, სიმსიბუქე, თუ ყველაფერი ერთად? ჰა-ჰა-ჰა. არ არის, არ არსებობს ერთგვაროვანი პასუხი, რადგან ის რაც ჩამოვთვალე, ისევე გაურკვეველი, დაუდგენელი, სიზუსტეს და ამასთანავე განზოგადებას მოკლებული სიტყვებია, საერთო შინაარსს და ხელმოსაჭიდს აცდენილი განსაზღვრებებია, როგორც თვით ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა. თვითონ დარწმუნდით: – რაა? კმაყოფილი მშიერი არ გინახავთ? მშვიდი სიგიჟე? სიხარულით მოცული ბოროტება? შეყვარებული სიმწარე? მსუბუქი დარდი? დაცული შიში? მყუდრო დახუთულობა? სასიამოვნო სიკვდილი? კმაყოფილი სიგლახაკე? მდიდარი სიღატაკე? დიახ, არ დაგვიდგინა განგებამ, გონებამ თუ ღმერთმა მისი (ბედნიერების) განმსაზღვრელი მკაცრი, ნათელი მნიშვნელობა და გამოკვეთილი ჩარჩოები. კაცობრიობის არსებობის მანძილზე, ვერც ფილოსოფოსებმა, ვერც ხელოვანებმა და ვერც რელიგიის მსახურებმა ამ მიმართულებით ვერ წარმოაჩინეს თავი. ჩემი თუ არ გჯერათ ჰკითხეთ თქვენს თავს, რა არის კმაყოფილება? მყუდროება? სიმშვიდე? სიამოვნება? სიყვარული? მდგრადობა? დაცულობა? სიხარული? ბოლოს და ბოლოს, რა არის ნამდვილი ბედნიერება?

მმმმმ, ყველა თავისებურად ხსნის და ამტკიცებს თითოეული ჩამოთვლილის ფასს და წონას, მაგრამ ის არ ემთხვევა გვერდით მდგომისას. ჰოდა, იმის მერე რაც განათლების წყალობით გონება მეტ-ნაკლებად გაგვეხსნა, არის ერთი ალიაქოთი და ბასტი-ბუბუ. ამ საერთო ყაყანიდან კი მხოლოდ ის ირკვევა, რომ – არავინ არაფერი არ იცის და საფუძვლად იღებს, მხოლოდ იმას რაც მას უნდა. ძნელია რაიმე გაიგო და დაიჯერო, როცა თითოეული თავის სამრეკლოზე დგას და იქიდან გაჰკივის. ადამიანი ამაოა, ცხოვრება ამაოა, ანუ ყველაფერი რაც მასთანაა დაკავშირებული ამაოა, რადგან ადამიანია ამაო, ანუ ამაო ადამიანია… მეტი აღარ ჩავუღრმავდები ე.წ. შეგრძნებათა აზრობრივ ფენომენს, და რაკი ყველაფერი მაინც ამაოა, მივენდობი უსაზღვრო ფანტაზიას; დავეყრდნობი მის თავისებურ სამართლიანობასა და სისწორეს… დააა, დავუბრუნდები გურანდას ისტორიას. ვიტყვი, რომ მისი ოჯახი უცილობლივ ყოველთვის, ყოველჟამ ყველაზე ბედნიერი იყო. მიუხედავად ამისა დადგა დრო, როცა მათ მადლმოსილ ყოფიერებას და ყოველდღიურობას, ერთი თითქმის უმნიშვნელო ხინჯი აფორიაქებდა და აგდებდა სამოთხისეული კალაპოტიდან; მხოლოდ და მხოლოდ ერთი პაწაწკინტელა ხინჯი; მერწმუნეთ, ამაში საგანგაშო არაფერი იყო, მაგრამ, ხინჯი ხინჯია.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8