ორთქლში გახვეულ აბაზანაში შიშველი გურანდა იდგა და ნახევრად დაორთქლილ სარკეში, ინტერესით უცქერდა თავის ანარეკლს. გამომეტყველება ხშირად ეცვლებოდა. მის დაჟინებულ მზერას ხან სევდიანი, ხან ირონიული და ხანაც ზიზღნარევი ელფერი დაჰკრავდა.

  • ულვაში მამაკაცის საერთო თმის საფარის ნაწილია! – ძალად დაბოხებული ხმით წარმოსთქვამდა ის. ხვლიკისფერი კაფელით მოპირკეთებულ კედლებში სიტყვები ქარბორბალასავით ტრიალებდა, ბზრიალებდა, გუგუნით ეჯახებოდა აბაზანის დანამულ ფილებს, ირეკლებოდა და ექოდ დაქუცმაცებულნი სადღაც ზევით, სავენტილიაციო ხვრელში იკარგებოდა.
  • ულვაშები ბიჭებს სექსუალურ ზრდასთან ერთად უჩნდებათ… – გურანდა მონოტონურად აგრძელებდა გონებაში ამოვარაყებული სიტყვების რახა-რუხს და მზერაც ყოველ ახალ წინადადებასთან ერთად ეცვლებოდა; განცხრომას დაბნეულობა, დაბნეულობას შიში, შიშს ზიზღი, ხოლო ზიზღს კი თანაგრძნობა უთმობდა ადგილს… და მერე ისევ ყველაფერი თავიდან მეორდებოდა. მეორდებოდა და მეორდებოდა.

ამ დროს ქალს ეჩვენებოდა, თითქოს მარტო გუგები კი არა, თვალებიც კი უფართოვდებოდა და თითქოს ისინი ლამობდნენ მთელი სახის დაფარვას. პირი კი დაზუთხული წინადადებების წარმოთქმას აგრძელებდა. ასე ცდილობდა გურანდა, სიტყვებთან ერთად მოეცილებინა ის აუტანელი შფოთვა და დარდი, რაც უკვე კარგა ხანია მის სულს და გონებას ღრღნიდა:

–  ულვაში არ აქვთ ქალებს, კასტრატებს, ჰორმონალური მეტაბოლიზმით დაქვეითებულ პირებს!

ამ ცოტა ხნის წინ ბალზაკის ქალის ასაკში შესული, მომხიბვლელი გურანდას ყოველი დღე, ყოველი დაწყევლილი დღე ასე იწყებოდა. ერთ დროს სიამოვნების, სიმხნევის და კმაყოფილების მომტანი რიტუალი:

„დილის შხაპი, ყავა და ხრაშუნა კრუასანი“ – ორსაათიან თვითგვემად, წამებად გადაქცეოდა; მხოლოდ ასე იცილებდა, იმ მშფოთვარე გრძობას, რომელიც ყოველ ღამით საძინებელში ვამპირივით დააცხრებოდა; ქათქათა სარეცელზე მისვენებულს, თითქმის შეუმჩნევლად შეუძვრებოდა ტვინში; ქალის თავდაჯერებულობას, სიმშვიდესა და მყუდროებას პარაზიტივით ისრუტავდა, აღარ აძლევდა არც მოსვენების, არც ძილის და არც სუნთქვის საშუალებას.

  • „ცუდი სიზმრები წყალს უნდა გაატანო! გაღვიძებისთანავე მდინარესთან ჩაირბინე და იქ უჩურჩულე ტალღებსო; ან თუ მდინარე ვერ იპოვე, მაშინ მოუშვი ონკანი და იმას უთხარი შენი სატკივარიო. ის წაიღებს მაგას ზღვაშიო. ზღვა მზეს მიაფიცხებსო. მზე ააორთქლებსო. ორთქლიდან ქარი მტვრად ქცეულ დარდებს გამოდევნისო და თან წაიღებსო. გასუფთავებული ორთქლი ღრუბლებად იქცევაო; მერე კი, როცა დრო მოვაო, დააწვიმებს ჰაერში მოხეტიალე მტვრად ქცეულ ადამიანთა დარდებსა და ვარამებსო. დანამული მტვერი ტალახად იქცევაო, ტალახი კი მიწადო, მიწაზე კი დავთესავთ რასმესო; თუ ჩვენ არა, მასზე ბუნება მაინც გაახარებს რაღაცასო და ასე მოვერევითო სულში გაჩენილ კვნესასო და დარდსო. განგებისა და დედა ბუნების წყალობით სასიკეთოდ გამოვიყენებთ მაგ დასამიწებლებსო!“ – ეს სიტყვები, თავის დროზე “გოიმობად” მიაჩნდა, მაგრამ ახლა ისინი “მუშაობდნენ”. ჰოო, ნამდვილად ეხმარებოდნენ საცოდავ გურანდას და ამიტომ შვებას, მხოლოდ აქ მოჩხრიალე ონკანების საუფლოში, ანუ აბაზანაში “ჰპოვებდა”.
  • ულვაშებს ძუძუმწოვრებშიმღრღნელებში, კატებში და სხვა – ახასიათებს ტაქტილურობა და გამოირჩევიან ვიბრისობით, ანუ გამოკვეთილი მგძნობიარობით. – მეათასეჯერ წარმოთქმული ტექსტი, სულიდან გამოდენილ ტკივილთან ერთად აბაზანის წყალს ერეოდა, ტრიალებდა, ბზრიალებდა ჭავლთან ერთად, ორთქლში ნედლდებოდა, სახლის, კორპუსის, მიკრო-რაიონის, ქალაქის საკანალიზაციო ვენებში იმღვრეოდა, ყვინთავდა, იძირებოდა და ბოლოს ი ხ რ ჩ ო ბ ო დ ა.

ჰოდა, ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ!

„ამ დროს “გათავისუფლებულ” გურანდას უჩვეულოდ შეაციებდა. თითქოს ზამთრის სუსხში შიშველ-ტიტველი მოხვდაო; ხმაცა და სხეულიც აუკანკალდებოდა; კანიც დაეფარებოდა ხორკლითა და ბუსუსებით; შემდეგ „ფარფატის ათ-თხუთმეტ წამიანი საოცარი გაელვების ჟამი“ დადგებოდა; ის, ხელებგაშლილი გაეხვეოდა შხაპის ფარდაში და “აღუღუნდებოდა”. კორპუსებს შორის დახვავებული ნაგვის კორიანტელში, ცელოფანის პარკის ბზრიალს ჰგავდა, გურანდას ეს „ფარფატი“ … თუმცა “ანცი” სიმსუბუქე ძალიან სწრაფად იფანტებოდა, და დგებოდა „აუტანელი უწონადობის”  ჟამი, ანუ “ის” რაც დამთავრდა, კვლავ მოვა, მაგრამ ჯერ არა; “ის” მოვა, მოგვიანებით, როცა თითქმის აღარ ელოდებოდა, როცა თითქმის დაიჯერებდა, რომ თითქმის გაიმარჯვა, როცა თითქმის ირწმუნებდა, რომ თითქმის დაჯაბნა და “აახვევინა რამსები” ი მ  ა ს… სწორედ ამ წამოცდენილი სიტყვის, თუ გონებაში გაელვებული აზრის “თითქმის” გამო მოვიდოდა ის. მიაკვლევდა სულისკენ მისასვლელ ღრიჭოს, ღარს, ნაპრალს – სხეულში, ფიქრებში, ვნებებში, ან გრძნობებში აღმოაჩენდა მას და ყოყმანის გარეშე შეძვრებოდა, შეიპარებოდა, შესრიალდებოდა, შესისინდებოდა და ყველაფერს თავიდან დაიწყებდა… კვლავ დატრიალდებოდა ქალის თავზე გამანადგურებელი კბილანები.“

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8