“სამყაროში ყველა ფენომენალურ ადამიანს, ანუ განუმეორებელ და გამორჩეულ პიროვნებას, ან პიროვნებათა ჯგუფს, აუცილებლად აღმოაჩნდებოდა რაღაც ორიგინალურობას მოკლებული, გაცვეთილი ნაკლი : ნიკალა ლოთი იყო, ლადოს ჭლექი აწუხებდა, ლუარსაბი მეფობდა, ჯიმშერი წერდა, ჟორჟიკა თამადობდა, ინგა ესეისტ- პუბლიცისტობდა, მამუკა ლიდერობდა, წმინდა მამა დავითის მთა ფუნიკულიორობდა, გლაშა მწერლობდა, ენდიკა ქართველობდა, ხმიშუტკა ლიბერალობდა; შესაბამისად გურანდას ცხოვრების უძვირფასეს ნაწილს, “ედემის ბაღივით მადლიან კიდეებში შემოსაზღვრულ კერიაში” გამოკვებილ ხორციელ ანგელოზთა დასს ერთადერთი, სამწუხარო შტრიხად ქცეული წუნი, ნაკლი თუ ხინჯი უხორკლავდა და უფხაჭნიდა სვებედნიერ წუთისოფელს. თითოეულ მათგანს ფოტოზე ულვაშები ამოსდიოდა. დიახ, ბიბინა, თმაუხვი ულვაშები. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ოჯახის ერთი წარმომადგენელი იყო აღბეჭდილი სურათზე, თუ მთელი “დასი”; მსხვილი ხედის ე.წ. „რაკურსის“ გახლდათ გამოსახულება, პორტრეტული, საშუალო, ე.წ. “ამერიკანკა” თუ საერთო; ზედხედში იყო აღბეჭდილი კონკრეტული პიროვნება, ანფაზში, თუ პროფილში; ქვედა წერტილიდან იყო გადაღებული თუ არა. ულვაშები მაინც ამოსდიოდა და რომ არ დაიბნეთ, კიდევ ერთხელ დაგიზუსტებთ – თმის ეს თავისებური საფარი ეზრდებოდათ არა სახეზე, არამედ სურათზე. დიახ, მხოლოდ ფოტოზე ხდებოდა მათი ცხვირქვეშა სივრცის ხუჭუჭა თმით დაფარვა;

ულვაშიკოები, მუგუზალივით შავი და მავთულებივით უხეში, ოჯახის  ყველაზე პატარა წევრსაც, წლინახევრის გურიკოსაც კი ეზრდებოდა. ისტორიაში ასეთი „სახის ვარცხნილობით“ ცნობილი იყვნენ “ჯაგრისის ულვაშები”. მეცხრამეტე საუკუნეში ცხვირის ქვეშ ასეთი ვარცხნილობის სტილი გახლდათ ფრიად პოპულარული. ის, წარმოადგენდა ზედა ტუჩის ცენტრში, უშუალოდ ნესტოების ქვეშ მართკუთხედის ფორმით ერთიდან ხუთ სანტიმეტრამდე სიგანეზე “აბიბინებულ” თმის საფარს. ასეთი უცნაური სახელით კი მოინათლა კბილის ჯაგრისთან მსგავსების გამო. თავის დროზე, ამ ტიპის ულვაში ჯერ შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ელვისებური სისწრაფით გავრცელდა. პოპულარობა კი, სამხედროებსა და არა მარტო მათ შორის, იმით მოიპოვა, რომ კოპწიაობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებულ ზრუნვას არ მოითხოვდა. სამწუხაროდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ულვაშის ამ სტილზე მოთხოვნილება ჰიტლერთან ასოცირების გამო დაეცა. ახლა კი ციცქნა გურიკოს ეს “ჯაგრისის ულვაში” ყველა სურათზე ამოსდიოდა და მათი მოცილების საშველი არსად ჩანდა;

უნდა მოგახსენოთ, რომ ულვაში თანამედროვე ადამიანისთვის, მხოლოდ დეკორატიულ  ფუნქციას ასრულებს. სულ ცოტა ხნის წინ კი, მისი არსებობა ხელს უწყობდა მამაკაცის სექსუალობის იდენტიფიკაციას, მისი სოციალური როლის გამოკვეთას. მიუხედავდ ყველაფრისა ის, ადამიანის ფსიქოლოგიური და სულიერი სურათის მნიშვნელოვანი დანამატი გახლდათ. გარდა ამისა, ულვაში მკაფიოდ ასახავდა პიროვნების არჩევანს და პრეფერენციებს. მისი არსებობის ფაქტი გავლენას ახდენდა ადამიანის სულიერ და ემოციურ სამყაროზე. სახის თმის ეს თვალშისაცემი მასა, მის მფლობელს საზოგადოების პერიფიერიიდან ყურადღების ცენტრში გადმოჰყავდა. უწვერ – ულვაშო, ქოსა, “მოლაპლაპე” პირსახიანი საზოგადოების ფონზე, ულვაშ დამშვენებული მამაკაცი დღესაც კი საგრძნობლად თვალშისაცემია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ულვაშის ტარება რეგულირდებოდა ადათ-წესებით, საზოგადოებრივი ფასეულობებით და სახელმწიფოს მიერ მიღებული სისხლის სამართლის კანონებით; ერთგან არმიასა და ფლოტში აკრძალული იყო ულვაშისა და წვერის ტარება, მეორეგან კი ყველა გენერალს, ოფიცერს, პრაპორშიკს, უნტეროფიცერს, თუ სამოქალაქო ჩინოვნიკს ულვაშების ტარების ვალდებულება ჰქონდა აღებული. ზოგიერთ რეგიონში, ასეთი თმის საფარის გარკვეული სახეობა, ფორმა და მოცულობა მიუთითებდა მისი მატარებლის კუთვნილებას კონკრეტულ რელიგიურ კასტასთან, პოლიტიკურ მიმდინარეობასა თუ პარტიასთან. თუმცა მამაკაცების მხრიდან ულვაშის ტარება განპირობებული გახლდათ არა მხოლოდ ისტორიული, პოლიტიკური, რელიგიური არამედ გეოგრაფიული ფაქტორებითაც. ისტორიულ პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში ულვაშების სხვადასხვა სახეობა იყო პოპულარული –  შევრონი, დალი, ინგლისური, ჰენდლბარი, მინი ჰენდლბარი, მხატვრის ფუნჯი, ნალი, უკვე აღწერილი – „კბილის ჩოთქი“ იგივე „ჯაგრისი“, ABAZHUR, სიმის ფორმის სახეობის ულვაშები, პირამიდა, ტრაპეცია, ფუ მონჟუ, ნავი, კრეისერი, აისბერგი, იმპერიული, ვარლუსი ანუ ზღვის ლომისებრი და კიდევ 72 სახის ულვაში მსოფლიოში, მეტადრე კი იმ ქვეყნების სიაში, სადაც მამაკაცების აბსოლუტურ უმრავლესობას ულვაშები და წვერი ჰქონდათ, შედიოდნენ და დღესაც შედიან – კავკასიის მთლიანი რეგიონი, მექსიკა, ავღანეთი, ბანგლადეში, ინდოეთი, ერაყი, თურქეთი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, სირია. გარკვეულ ისტორიულ პერიოდებში ულვაში მოდის და პოპულარობის განუყრელ ელემენტს წარმოადგენდა. ზოგიერთი ისტორიული პიროვნების, როგორიცაა მარკ ტვენის, მაქსიმ გორკის, ალბერტ აინშტაინის, ჩარლი ჩაპლინის, სემიონ ბუდიონის, ადოლფ ჰიტლერის, იოსებ სტალინის, სალვადორ დალის, ფრედი მერკურის, შალვა დადიანის, ცნობადობასა და პოპულარობაში არანაკლები წვლილი მიუძღვის ულვაშებს.” – აი, რის მოპოვება – მოგროვება – წაკითხვა – გაგონება – ნახვა შეძლო გამწარებულმა გურანდამ. ეს მოკლე, მაგრამ ამომწურავი ინფორმაცია ვერანაირად შველიდა მათ უცნაურ, კომიზმამდე მისულ სიტუაციას. ამ პრობლემას, არ ჰქონდა ლოგიკური ახსნა; უბედურება ისაა, რომ ისინი ვერავის გაუმხელდნენ, დახმარებას ვერავის სთხოვდნენ, იმიტომ, რომ ყველა გიჟებად ჩათვლიდა და შესაბამისად საშველი არსაიდან ჩანდა; გურანდა მაინც აქტიურობდა, მისი ინიციატივით, შეიძინეს სამი მოძრავი თავაკით გაწყობილი წვერსაპარსი, რომელიც უზრუნველყოფდა გლუვ პარსვას და დაიცავდა კანს, ანუ ფოტოსურათის ზედაპირს დაზიანებისგან. დაინაწილეს კვირის დღეები და რიგრიგობით შეუდგნენ საოჯახო ფოტოების პარსვას. ამ საქმეს დაახლოებით ორ – სამ საათს ანდომებდნენ. მნიშვნელობა არ ჰქონდა სპეციალურ ქაღალდზე იყო  ფოტოსურათი დაბეჭდილი, თუ მისი ელექტრონული ანუ სატელეფონო ვერსია არსებობდა. ყოველი მათგანი საჭიროებდა ზედმიწევნით დამუშავებას. ამიტომ ნაწილი რეალურ ფოტოებს დაჰკირკიტებდა, ნაწილი კი მონიტორებსა და სატელეფონო ეკრანებს. თუ ისინი წაიზარმაცებდნენ და რომელიმე დღეს არ შეასრულებდნენ ამ აუცილებელ, ასე ვთქვათ „ჰიგიენურ“ რიტუალს მაშინ, იწყებოდა “ულვაშთა სასტიკი და ულმობელი შურისძიება”. დიახ, საკმარისი იყო ერთი დღე გამოეტოვებინათ და  “დაეკიდებინათ” მათი “მოვლა”, შედეგიც არ აყოვნებდა. გაუპარსავი, ხორკლიანი ძირები აიფონების, ნოუთბუქების და ტელეფონების ეკრანებს აწვებოდა, ბურცავდა, ბერავდა, ფხაჭნიდა, ბზარავდა; უარეს შემთხვევაში კი ნამსხვრევებად აქცევდა მათ ძვირადღირებულ საკომუნიკაციო საშუალებებს. საბუთებშიც არ იყო სახარბიელო მდგომარეობა. პირადობებს, პასპორტებს და სხვა სახის საშვებს, სადაც მფლობელის სურათი აუცილებელ სადოკუმენტაციო დანამატს წარმოადგენდა – თმის ეს ცხოველური საფარი უმოწყალოდ უსწორდებოდა, ხვრეტდა, გლეჯდა, ჯიჯგნიდა; იმსხვრეოდა კედელზე დაკიდებული და ავეჯზე დადგმული სურათების ჩარჩოებიც. საოჯახო ალბომებში ეს ბეწვოვანი საფარი განსაკუთრებული, კატასტროფული სისწრაფით იზრდებოდა, ხეშეშდებოდა, ხუჭუჭდებოდა და ბოლოს მავთულხლართებივით იპრიხებოდა; მათი ელემენტარული გადაფურცვლა და მშვიდ ვითარებაში დათვალიერება შეუძლებელი ხდებოდა, რადგან ულვაშთა სამოცდათორმეტივე სახეობა მკაფიოდ აისახებოდა თითოეული ოჯახის წევრის გამოსახულებაზე; ეს კი მიუხედავად დამთვალიერებლის მძიმე სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, ჰომერულ ანუ ზევსისეულ სიცილს იწვევდა, რასაც  შეიძლება ლოგიკურად გულის მძიმე შეტევაც კი გამოეწვია; ამიტომ ამ სახის ალბომებს თვალდახუჭული უპარსავდნენ თმის გაზრდილ, დაწყევლილ საფარს; მძიმე დრო დაუდგა კორპუსებით გარშემორტყმულ ამ ადამიანური ბედნიერების ოაზისს. ხშირი და უხეში, გიშრისფერად მოელვარე, სადგისებივით წვეტებიანი თმის თავნება ღეროები მოითხოვდნენ მუდმივ კონტროლს და ამასთანავე ფაქიზ მოპყრობას.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8