როგორც იქნა გურანდამ და გურამმა შვებით ამოისუნთქეს. გადაწყვიტეს, სასწრაფოდ ეპოვათ ვინმე ნიჭიერი, პერსპექტიული, მაგრამ უცნობი და ღარიბი მხატვარი, რომელიც ვერაფერს მიხვდებოდა, თუმცა პირნათლად შეასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ყველა დავალებას, ანუ პორტრეტს დათქმულ ვადებში ჩააბარებდა დამკვეთებს. ისინი თავის მხრივ არ იძუნწებდნენ და ასმაგად თუ არა, ათმაგად მაინც დაასაჩუქრებდნენ კეთილსინდისიერ ხელოვანს. საბედნიეროდ ასეთი უცებ იპოვეს. ეს იყო მათი მეზობელი, მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები, ნახევრად გალოთებული მხატვარი, რომელსაც სასმელის სიყვარულმა „თბილი“ ადგილი ვერ აპოვნინა. მიუხედავად ამისა, დაკვეთები არ აკლდა. იგი საკმაოდ დახვეწილი ოსტატობით აფორმებდა ღვინის, სიგარეტის, სასოფლო და საეურნეო ხელსაწყოების და პროდუქტების მაღაზიებს. არ თაკილობდა ახლომდებარე სასადილოების, სახინკლეების, ღამის კლუბების, სტრიპტიზ-ბარებისა და კაფეების მოხატვას. მის მიერ მოხატული აფთიაქები კლიენტებს ვერ აუდიოდნენ.
დარწმუნებული ვარ მიხვდით ვისზეა ლაპარაკი, მაგრამ მაინც ყოყმანობთ, რადგან დამთხვევა ბევრია, თუმცა სრული ამოცნობისათვის კიდევ ერთ მოკლე და საგულისხმო ინფრომაციას დავუმატებ. ის კიბის ქვეშ, ლიფტიორის ოთახში ცხოვრობდა. ახლა ხომ, მიხვდით ვისზეა საუბარი? ვერ მიხვდით? კარგით, კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით, ადრე, სანამ ხატვას დაიწყებდა, მეტროში მუშაობდა მემანქანედ, უფრო ადრე კი, სახლის წინ ავტობუსის გაჩერების გვერდით, ათასი წვრილმანის ჯიხური ჰქონდა, გაგახსენდათ?
დიახ, დიახ, ეს ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი გახლდათ. უბანში მას ზოგი ნიკალას, ზოგი კი ფიროსმანს ეძახდა; თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც “ეი, ხუდოჟნიკ”-ით, ან “სლუში, ნიკოლოზ”-ით (გესმის, ნიკოლოზ!) მიმართავდნენ, მაგრამ ასეთები ქალაქში და მით უმეტეს უბანში საკმაოდ ცოტა იყო. მათ ნიკალა არასოდეს ესალმებოდა; როგორც კი შორიდან დალანდავდა, ეგრევე ზურგს აქცევდა, ან სხვა მხარეს გადაუხვევდა.
- რა ნიკალა, რის ნიკალა?! სად ერეკლე და სად მოტორიანი თხაო?! – იტყვით ზოგიერთნი, მაგრამ ეგრე იყო და რა ვქნა? გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. მე, კი ვიცი რასაც ვამბობ, მაგრამ თქვენ იცით, რას არ მიჯერებთ?
ჰოდა, შეუკვეთეს ნიკალას დიდი ოჯახური პორტრეტი, სადაც ყველა ახალ-ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი უნდა „ჩაკარტოჩკებულიყო“. ფიროსმანმა, ეს დაკვეთა პირნათლად შეასრულა. გასამრჯელოც იმდენი აიღო, რამდენზეც იყვნენ შეთანხმებული; ზედმეტი კი უკან დაუბრუნა: „მე მხატვარი ვარ და არა პატივმოყვარე! იმდენს ვითხოვ და ვიღებ, რამდენიც ვღირვარ! არც მეტი მინდა და არც ნაკლებიო!“. გურანდამ და გურამმა მხრები აიჩეჩეს და დაემშვიდობნენ დიდ მხატვარს. ყველა კმაყოფილი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ვირეშმაკობა ამის მერე დაიწყო.
საქმე იმაშია, რომ ნიკალამ რაღაც ამოუცნობი სევდა, მოუსვენარი, სულიერი ტანჯვა და შიში ამოიკითხა გურანდასა და მისი ოჯახის წევრების თვალებში. ფიროსმანი ძალიან ემოციური კაცი იყო, რაიმე თუ შეძრავდა მის სათუთ და სუფთა სულს, მერე დიდხანს დადიოდა ამ შთაბეჭდილების ქვეშ და ქმნიდა პატარ – პატარა შედევრებს. ჰოდა, გაგიჟდა და გადაირია მხატვარი კაცი. ისეთი დამუხტული და ახვანცალებული იყო, სასმელიც კი არ შველიდა. აიღებდა ფუნჯს და მოლბერტს და ათენ-აღამებდა ხატვაში. სულ გურანდას, გურამის და მათი შვილების უცნობი კაეშანით შეძრულ თვალებს აგვირისტებდა თავის შედევრებში. ვულკანივით იფრქვეოდა მასში წლობით დაბუდებული ნიჭიერება და თვითმყოფადობა. დიახ, დიახ სწორედ ასე გაჩნდა მისი ფუნჯის ჯადოსნური მოსმებისგან ჯერ – საოჯახო ლხინი, პატარა გოგო ბუშტით, ქალბატონი ყვავილითა და ქოლგით, მოსამსახურე ბიჭი, ქალს მიაქვს სააღდგომო კვერცხები, მოსამსახურე ბიჭი, უშვილო მდიდარი და ღარიბი ქალი შვილებით, ქართველი ქალი დაირით, ახალგაზრდა მეთევზე, ირმის გასეირნება, ლომი ღამეში… და ყველა ამ პერსონაჟის თვალებიდან ცოცხალი, ამოუცნობი სევდა, მოუსვენარი, სულიერი ტანჯვა, სიფრიფანა უბრალოება, შინაგანი სისპეტაკე, სუფთა, შეულახავი მგრძნობელობა და სამყაროს სიდიადით გამოწვეული გაოცება იფრქვეოდა; ნამუშევრები გაშრობას ვერ ასწრებდნენ, რომ უკვე ბედნიერი მფლობელების მდიდრულ აპარტამენტებში ეკიდნენ. კეტმანდუდან დაწყებული კეიპტაუნით დამთავრებული, დელიდან დაწყებული სანტიაგოთი დამთავრებული, შანხაიდან დაწყებული სანფრანცისკოთი დამთავრებული, ყველგან იცოდნენ, ვინ იყო ნიკალა.
მოკლედ გურანდასა და გურამის ულვაშების წყალობით შეიქმნა ფერწერაში ახალი სტილი, ფიროსმანი კი იქცა უდიდეს მხატვრად, რომლის სახელს მთელი მსოფლიო ეთაყვანებოდა. ხოლო მისი „მენატურეების“ თვალების თავისებური ელფერი, რომელსაც „სიკვდილის შიშზე არეკლილი ბედნიერება“ შეარქვეს, საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლის თაყვანისცემის საგნად, კერპად, ეპოქის მზერის ეტალონად ჩამოყალიბდა.
მაგრამ, როგორც მზესა აქვს ლაქები, ისე ცხოვრებაში რა დალევს არასასიამოვნო და მუქი ფერებით მოცულ მონაკვეთებს. გურანდასა, გურამსა და ნიკალას შორის უთახნმოება მიხდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მხატვარმა გურანდა მოშიშვლებული მკერდით გამოსახა სურათებზე – “ქალი ლუდით”, “ორთაჭალელი ლამაზმანი” და “აქტრისა მარგარიტა”. გურამს მოეჩვენა, რომ მან ზედმეტი ეროტიულობით გამოკვეთა მისი ცოლის ნაკვთები. ქალი შეეცადა საქმის მოგვარებას, მაგრამ ამაზე მისი მეუღლე ჰაერში შეხტა და კამარები შეკრა. მან ლამის ეჭვიანობაც კი დაიწყო და გურანდას დაუყვირა კიდეც:
- ყველაზე მეტად მაინტერესებს, ნეტა სად და როდის გნახა შიშველი?
ამას ქალი არ მოელოდა და ნიკალას გახედა, რომელმაც თვალი აარიდა მას და სადღაც გვერდზე გააპარა მზერა. გურანდა გაწითლდა. ის მიხვდა ყველაფერს, მაგრამ ხმა არ ამოუღია, მხოლოდ წაილუღლუღა:
- ეს შემოქმედებაა! მხატვრის ინტუიცია წარმოსახვით რეალობას ხშირად ემთხვევა!
- ინტუიცია მე ვიცი მათემატიკაში და არა ძუძუების ხატვაშიო! – დაიღრიალა გურამმა, მივარდა ფიროსმანს და ამ უნიჭიერს მხატვარს სულ „ანანისტი, მალიარი, ლოთი და მაწანწალა“ უძახა. ნიკალას ხმა არ ამოუღია, იდგა თავჩაქინდრული და ფეხსაცმლის წვერით ცდილობდა, „იანკად“ წოდებული, ძვირადღირებული, სამშრიანი მუხის პარკეტიდან შუშის ნატეხების ამოჩიჩქნას.
მხატვარმა თავის მხრივ ორიგინალურად იძია შური, გურანდა პრიმიტივიზმის კიდევ ერთ შედევრად აქცია “თამარ მეფის და შოთა რუსთაველის პორტრეტში”, სადაც დიდ მგოსანში ადვილად ამოიცნობდით თვით ნიკალას, ხოლო თამარში კი… როცა გურანდამ ტელევიზორში ნახა სიუჟეტი მხატვრის მორიგი გამოფენის შესახებ, სადაც ამ სურათის ფონზე ჟურნალისტი ქება – დიდებას ასხამდა ფიროსმანს, კვლავ გაახსენდა თავისი შიშველი გასვლები სამზარეულოში, ლოყა ჩამოიხორკლა და განწირული ხმით ამოიგმინა:
- იგავი „ტალახში ჩავარდნილ ლავაშზე, მათხოვრებზე, მდიდარ ძუნწზე, უზანაეს სამსჯავროს უცნაურ სასწორზე“.