სამწუხაროდ, როგორც ვიცით ფიროსმანის ცხოვრება, მიუხედავად მისი ზღაპრული პოპულარობისა, მაინც ხანმოკლე და ტრაგიკული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ იცოდა, ის მაინც ლამობდა უცნობი ადამიანის გადარჩენას, და სწორედ ამ დროს ის შთანთქეს პალიასტომის აბობოქრებულმა ტალღებმა… თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სანადიროდ იყო თავის ფრანგ მეგობართან ე.დანტესთან ერთად საინგილოს ჭალებშიო და იქ, დაჭრილმა ტახმა დაგლიჯაო… არ ვიცი, რომელი ვერსიაა უფრო სწორი და დასაჯერებელი, მაგრამ ფაქტია ის, რომ ფიროსმანი ნამდვილად უდროოდ და ტრაგიკულად დაიღუპა; რაც შეეხება გურანდას და გურამს და მათი ოჯახის კვალს, ის დედაქალაქის დაქსაქსულ და მიხვეულ – მოხვეულ ქუჩებში გაიბნა და დაიკარგა. თუმცა, შემორჩა შედევრები, სადაც ფიროსმანის დიდოსტატობამ შეძლო ერთი ქალაქური ოჯახის სევდანარევი საიდუმლო აესახა ფერწერულ ტილოებში, რომლებიც დღესაც სიამაყითა და სიხარულით ავსებენ მნახველთა გულებსა და გონებას.
როგორც იცით ყველა სასწაულს თუნდაც მცირეს და უმნიშვნელოს მსხვერპლი სჭირდებოდა. გურანდას და მისი ოჯახის შემთხვევაშიც ასე მოხდა. ულვაშების პრობლემა, ფერწერისა და ფიროსმანის გენიის დახმარებით კი აღმოფხვრეს, მაგრამ ისინი ამჯერად ხელის გულებზე ეზრდებოდათ. ასე, რომ იცოდეთ, თუკი ისეთ ვინმეს შეხვდებით ქალაქში, ვისაც ხელისგულებზე თმები აქვს ამოსული, მერწმუნეთ ის გურანდასა და გურამის პირდაპირი შთამომავალია. მოკლედ რომ ვთქვათ, ფირომანის საფლავი დაიკარგა, მისი გზა-კვალი ქალაქმა თავის ათასწლოვან სკივრში ჩაკეტა, მოქალაქეებისგან დაფარულ ბევრ სხვა საიდუმლოსთან ერთად.
“წუთსოფელი… როგორც… იცინე… და ასეა… გუნდრუკი!”- ერთ-ერთ სუფრაზე თქვა ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა ჰამლეტ გონაშვილმა. ეს აზრი ყველას ძალიან მოეწონა; სამწუხაროდ მე ვერ გავიგე მთლიანი ტექსტი, მხოლოდ ცალკეული სიტყვები მომესმა; მიუხედავად ამისა ისინი ბატონი ჰამლეტის გასაოცარი ინტონაციით დ განუმეორებელი ხმით იყო წარმოთქმული და ეს საკმარისი აღმოჩნდა საერთო აღფრთოვანებისათვის; როგორც შემდგომ გაირკვა მთლიანი წინადადება ვერავინ გაიგონა, ყველას ზუსტად ისე მოესმა, როგორც მე, მაგრამ მიუხედავად ამისა, აზრს ყველა ჩაწვდა. თქვენც, რომ მიხვდეთ, რა იყო ამ ერთი შეხედვით გაურკვეველ წინადადებაში გასაოცარი და მომაჯადოებელი, გთხოვთ, მოუსმინოთ გონაშვილისეულ “ურმულს” ან „ოროველას”; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დასაწყისს; სადაც მთელ ერთ წუთისა და ოცდაათი წამის განმავლობაში, შეუბღალავი სიბრძნით გამდიდრებული, მადლიანი ბგერები ისმის; დიახ, დიახ, მოუსმენთ ამ ღვთიური ტემბრით ხორცშეხმულ ათასწლოვან საიდუმლოს და შეეხებით მარადისობას, ჩაწვდებით კოსმიურ ჭეშმარიტებას; დაგატყვევებთ ერთ კაცში ჩატეული – ციურ არსებათა ექოდქცეული გალობა. აგიტაცებთ მელოდია, რომელშიც ჩაიხატა სამყარო. ეს მონაკვეთი, არასოდეს იქცევა სიტყვებად, რადგან სიტყვებს, მხოლოდ მშრალი და ხისტი სიმართლე მოაქვთ არა ისეთი უკიდეგანო, დიდებული ჭეშმარიტება, რომელიც მისი მოსმენის დროს უანგაროდ გვებოძება:
„ჰარი ჰარი ჰარალო, ააააოოოო, /ჰარალიიი ჰარი ჰარალოო აააოოოო,
ჰარი ჰარალი ჰარალოოო, ოოოოოააააოოო /ჰარალიი ჰარი ჰარალოოო, ოოოო დააა
ჰარუჰარალო ჰაააა ჰარალეე ჰარულაალოოო, /ჰარუჰარალალოო დაა ჰარალოოო…“
…ამის მერე კი იწყება სიმღერის ტექსტი.
