ჩვენ ვცხოვრობთ დაგლეჯილ რეალობაში, რაც არ უნდა არაპოპულარული, დაუნდობელი და არაკორექტული იყოს ამისი ღიად თქმა, ასეა. დანაწევრებულ, დაშლილ, სულიერების დეფიციტის მქონე სინამდვილეში არსებობას თავისი დამამახინჯებელი შედეგები აქვს სულიერი თვალსაზრისით. ეს არ ემართება მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ აქ უფრო შესამჩნევია, ვინაიდან შედარებით პატარა სივრცეა, ხალხიც  – ცოტა, საზოგადება –  მჭიდრო, ყველა ყველაფერს ხედავს, იცის, ხვდება და ორმაგად, შესაძლოა, ათმაგად მძიმედ რეფლექსირებს. შესაბამისად, პროცესებზე გავლენის მოხდენაც უფრო იოლია.

სულიერი გამოფიტვა არ დაწყებულა არც გუშინ და არც გუშინწინ. ხშირად პოსტსაბჭოთა ეპოქას უკავშირებენ ფასეულობების მსხვრევას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, კატეგორიულადაც ც შეიძლება ითქვას, რომ  ასე არაა. ეს შინაგანი რღვევის, მარადიული ფასეულობების კვდომის პროცესი ბევრად ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში.  დროისა და სივრცის გარკვეულ ისტორიულ  მონაკვეთში ილია ჭავჭავაძემ და მისმა თაობამ შეძლო სიცოცხლის ქარტეხილებში, ქარიშხალში მოხვედრილი გზადაკარგული გემის საჭის დამორჩილება და ხსნისკენ შებრუნება, მაგრამ შედეგ უკვე ცხოვრებამ – ამ ულმობელმა და კომპლექსურმა ორგანიზმმა – დაბადა ახალი ეპოქა – რსდრპ-ს და შემდგომ მთლიანად ბოლშევიკების კუთვნილი დრო, რომლის ჩვენში გაბატონების ათვლაც, ვფიქრობ, 1907 წლიდან იწყება, როცა წიწამურთან მოკლეს ილია და დამთავრდა დიდი ეპოქა. მიუხედავად ამისა, იმ დიდმა ლოდმა, რომელიც ჯერ კიდევ 1861 წელს ჩააგდო ილია ჭავჭავაძემ დასაჭაობებლად გაბლანტებულ საზოგადოებაში, წრეები გაშალა დასაწმენდად ამოძრავებული და აღელვებული დროის წყლების ზედაპირზე და იმ წყალზე განფენილი  და ახლა კი უკვე  დასუსტებული რგოლების ამარა ვართ დარჩენილები. ისინი ჯერ კიდევ უშლიან ხელს ჭაობის წარმოქმნას, გადაგვარებას, მაგრამ დრო მიდის და ის რგოლებიც სუსტდება და  პერიოფერიაზე ვექცევით.  კომუნისტურმა ეპოქამ ბევრი რამე უკვალოდაც გააქრო, აღმოფხვრა. ტრავები, რომლებიც მიიღო ქვეყანამ 1921 წელს, შემდეგ 1924-ში და 1937 წელს,  დღემდე მოქმედებს  და თავისი შედეგები აქვს. ასე რომ, ის რღვევა, რომელიც ჩვენს სულებშია ჩაბუდებული, იმ ძაფის წვერი, რომელიც გამოირჩა, გამოიწია მრავალსაუკონოვანი მტკიცედ ნაქსოვი სულიერების ქსოვილიდან – ერის საყრდენიდან და ნელ-ნელა სხვადასხვა ხელი ექაჩება და ახვევს, შლის და შაგრენის ტყავივით აცოტავებს, დროში ბევრად შორსაადარჩენილი, ვიდრე ბოლო ოცდაათი წელია. უბრალოდ, ჩვენ თვალებიდან ჩამოგვივარდა ჭრელი საბურველი და ერთდროულად პირიდანაც აგვეხსნა ალიკაპი, ინფორმაციის ახალმა, მოვარდნილმა ნაკადმა კი ყველანაირი ჯებირები გაარღვია. ამ დროს იოლია ნიჰილისტად და სკეპტიკოსად ქცევა – ძველი დაინგრა, მის მთელ სიმახინჯეს ფარდა აეხადა, ახლის ასაშნებლად კი ენერგია აღარსადაა..

რისთვისა ეს ამხელა ისტორიული ექსკურსი?

ესმა ონიანის პოეზიისთვის.

პოეზიისთვის, რომელიც სრულიად ამოვარდნილია ამ დროითი კონტექსტიდან – სულის რღვევის და მარადიული ზნეობრივი და ესთეტიკური გაუფასურების პროცესიდან. ფორმალურად ის სწორედ იმ ეპოქიდანაა, რომელშიც ყველაფერი უკვე ჩანს – შინაგანი გამოფიტვა, ცინიზმი, სიცარიელე. მწერლობას უკვე ჰქონდა შედარებით თავისუფლება და ასახა კიდეც ადამიანთა სულებში მიმდინარე რთული პროცესები. ამიტომ ნათლად ჩანს, რომ თანამედროვე რეალობაც იქიდანაა ამოზრდილი. იმდენად ნათლად, რომ ჩნდება ცდუნება დაიჯერო იმ გარდასული  სისტემის მიერ აღიარებული ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი თეზისი – ბაზისი ქმნის ზედნაშენს. დღესდღეობით ხომ მთლად დიდია შესაძლებლობა ეს მატერიალისტური დებულება სრულ რეალობად მიიღო – როგორიცაა ბაზისი, ანუ ეკონომიურ-პოლიტიკური წყობა, ისეთი ზედნაშენი – კულტურა, სულიერება –  ეფუძნება მას.

და ამ დროს არსებობდა და ახლა კიდევ უფრო აქტუალურად არსებობს ესმა ონიანის პოეზია!

სრულიად ზედროული, სრულიად მოწყვეტილი სწორედაც ბაზისს, წმინდა ესთეტიკა – მთლიანად ამ ადამიანის, შემოქმედის სამყაროა ასეთი და, ბუნებრივია, მისი პოეზიაც, როგორც ამ მთლიანი და  ერთმანეთთან დაკავიშირებულ სფეროთა მუსიკის ერთი მელოდია. ის ერთი ხელის მოსმით ანადგურებს მატერიალისტურ, შემაშინებელ, შემაშფოთებელ და სასოწარმკვეთ თეზას, რომ ადამიანი მთლიანად მიწაზეა მიბმული და მისი არსი გაპირობრებული და დამოკიდებულია ნივთიერ სტრუქტურებზე, საჭმელზე, სახლებზე, სიმდიდრეზე, ხორციელ ბედნიერებაზე, კომფორტზე, მხოლოდ სხეულის განცხრომასა და კმაყოფილებაზე, რომ ადამიანს, მის სულს და შემოქმედებით აქტივობასაც მართავს ამ მიწიერი სურვილების ძალა და საფუძველი – ეკონომიკა, პოლიტიკა, თუნდაც უფრო ცოტათი მაღლა აწეული და თითქოსდა  სულიერებისკენ გადაზიდული, მაგრამ მაინც მიწიერზე, ყოფითზე აღმოცენებული იდეოლოგიები.

ესმა ონიანის მთელი სამყარო და მისი პოეზია ადასტურებს, რომ წმინდა ესთეტიკა, მშვენიერება, შემოქმედება სხვა სფეროებიდან მოდის ადამიანურ სამყაროში, ის მოწყვეტილია ხელშესახებს და წმინდა სახეებით ქსოვს ამქვეყნად ნამდვილად არსებობის, სულისმიწასთან, ტალახთან შეურევლობის, შეურყვნელობის ამბავს. ეს პირველი უდიდესი მნიშვნელობაა ესმა ონიანის პოეზიისა, მისი ღვაწლიც და განსაკუთრებული ნიშანიც.

მეორე ნიშანი პირველიდან გამომდინარეობს, მას უკავშირდება, მაგრამ სხვა ღირებულება, ფასეულობა აქვს ქართული სალიტერატურო (და არამარტო სალიტერატურო) პროცესისათვის – ესაა დროში გახსნილობა, ღიაობა. ერთია, როცა შემოქმედი დგება თავის კუთვნილ სივრცეზე მაღლა და მისი კლანჭებიდან თავდახსნილი თავის ემპირიულ დროში ქმნის თავის სამყაროს, რომელიც მის განცდებს, გრძნობებს მაინც ამ მყარი სიბრტყის მოვლენებისა და თვისობრიოიბიდან აირეკლავს და მათგანვე გაპირობებულია, თუმცა სრულიად თავისუფლად, განსაკუთრებული სიმძაფრით გამოხატავს და მეორეა, რამდენად არის ეს ყველაფერი იმდენად არალოკალური, ზოგადადამიანური, სულისმიერი, ესთეტიკურად უნივერსალური,  მაღალმხატვრული და ზედროული, რომ მისმა სახეებმა გაუძლონ დროს, ადგილს, სხვადასხვა შინაარსის და ფორმის გადაკვეთის წერტილების მუდმივ ცვლას და სხვა დროშიც გადაიტანონ შემოქმედი ადამიანის დროსა და სივრცეზე გამარჯვების ამბავი. დრო, ეპოქების მონაცვლეობა არსად გაქრება, იქნებ ფარდობითია მართლაც დრო, მაგრამ ადამიანი მასში ცხოვრობს და სხვა გზა ჯერჯერობით არა აქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ესმა ონიანის პოეზია, რომელიც დღეს,  სულიერების ნგრევის, დესტრუქციის, დეკონსტრუქციის უკვე ნიღაბახდილ  ეპოქაში არის ის საყრდენი, რომელიც ადამიანებს ეუბნება:  არც ისე მძიმე და საშიშია ეს ყველაფერი, ადამიანი მეტაფიზიკურის ანარეკლია და ის ამას ყოველთვის შეძლებს დაიცვას,  გადაარჩინოს და გამოხატოს, ისე როგორც გამოიხატა და გამოხატავს ამას თუნდაც ესმა ონიანი – ხელოვანი, მოაზროვნე და ნატიფი პოეტი  –  თავის ეპოქაში და თქვენსაშიც.  სიტყვა „გამოხატავს“ აწმყო დროში შემთხვევით  არ წერია – ესმა ონიანის პოეზია  ამ ეპოქასაც ზუსტად ისევე ეხამება და ეკუთვნის, იქნებ უფრტო მეტადაც კი, როგორც თავისას და ალბათ მომდევნო დროის პლასტებშიც იმავე ამბავს მოყვება – ადამიანის შემოქმედების, გრძნობიერების, სილამაზის, სიცოცხლის და მარადისობის განცდისას.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეიძლება დაგვაფიქრის ესმა ონიანის პოეზიამ და მისმა პიროვნებამაც, არის ხელოვნებასა და ლიტერატურაში ადგილის პოვნის პრობლემა, რომელიც მუდამ აწუხებდათ შემოქმედ ადამიანებს და მათი ცხოვრებისა და მემკვიდრეობის შემსწავლელთ. გამომდინარე იმ წინარე ნიშნებიდან, რომლებიც მიუთითებენ, როგორი დამოუკიდებელია ესმა ონიანის მხატვრული სამყარო მისივე მატერიალური რეალობიდან, რომელიც მთლიანად იდეოლოგიური კლიშეებით იყო გადაქსელილი და გამსჭვალული, გასაგებია, რატომ არ იყო ის სათანადოდ აღიარებული. მაგრამ ამავე დროს ის უკვე ისეთ ეპოქაში გამოვიდა შემოქმედებით ასპარეზზე, როცა შინაგანი რღვევა მთელი ძალით მიმდინარეობს, მაგრამ შემოქმედ ადამიანებზე წნეხი შესუსტებულია, რეპრესირება ღიად არ ხდება  და მათ ასე თუ ისე გზა აქვთ გახსნილი მკითხველ-შემმეცნებელამდე, თუმცა საბოლოოდ ეს მაინც მოჩვენებითი თავისუფლება იყო. ესმა ონიანის პოეტური ბედისწერა ადასტურებს, რომ ტოტალიტარულ იდეოლოგიას ყველაზე მეტად, ზოგჯერ ღიად კრიტიკულ აზრზე მეტადაც კი  ეშინია სწორედ ზედროულის, იდეათა საუფლოდან მოსულის, მეტაფიზიკურის და ისეთი ადამიანის, რომელსაც საჭიროდ არ მიაჩნია თავისი სამყარო ძალად გაიტანოს, რქებით, ათასი ხერხით გათხრილი გვირაბებითა და შემოვლითი გზებით იაროს და ამორფულ მიზნამდე მივიდეს. ეს ავტონომიურობა კი არის სწორედ მისი, მისი თავისუფლების გამარჯვება დროზეც და ავტორიტარულ სივრცეზეც, რომელიც დამარცხებული რჩება  არა იმწუთასვე, თვალსაჩინოდ, არამედ დროში.

 

1 2 3 4 5 6 7