ესმა ონიანის უკომპრომისო ანაბეჭდები მიუღებელი, შესაძლოა, არამასობრივი, არაპოპულარული, არამეინსტრიმული ყოფილიყო მისი კუთვნილი დროისა და სივრცისთვის, მაგრამ სამაგიეროდ  ავთენტურია და შედეგად – მუდმივი – ადამიანის ნამდვილი არსის გამაძლიერებელი თავისი ფარული გამარჯვებით კონფორმიზმსა და დამანგრეველ კომპრომისებზე. თვითონვე გრძნობდა პოეტი თავის მისიას, როცა ამბობდა, „სულს ჩენჩოსავით შრეებად შემოხვევია ჩვენი რეალობა და ადამიანის მისია ისაა, ამ ჩენჩოსაგან გათავისუფლდეს…“

ლექსი „თავისუფლების მკაცრი საკანი“ კარგად გამოხატავს ესმა ონიანის მიერ საკუთარი პოეზიის განჭვრეტას, უფრო მეტად, ალბათ, ზოგადად პოეზიის კრედოს წარმოაჩენს და ბუნებრივია, ის, რაც პოეტური ქმნადობის მთავარ მეტაფიზიკურ იდეად მიაჩნდა, შეეცადა საკუთარ პოეზიაში ანარეკლად, იდეის ემანაციად რაც შეიძლება სრულად გაეცოცხლებინა:

„ენის ბაღნარში ფშუოდნენ უკვე ფარშავანგები,

აღარ ჰქონდა შეუკვეცავს საყრდენი მყარი –

დადანის პირზე ბასრად აინთო ნამდვილი სიტყვა,

და ტყვიასავით დაიტენა სისხლის მზეთა გამოსასხმელად“

(„თავისუფლების მკაცრი საკანი“)

„ენის ბაღნარი“ – ესმა ონიანის მეტაფიზიკური მუდმივი სამყოფელი, სადაც დრო ჩერდება და მარადიულობა ისადგურებს. ამ ენის ბაღნარს ესმა ონიანის ინდივიდუალურ განზომილებაში „ფერის ბაღნარის“ ფუნქციაც აქვს, რადგან მისი პოეზია განუყოფელია მისი მხატვრობისგან, შეიძლება ითქვას, რომ იგი სიტყვას ფერის ენაზე თარგმნის, ფერს კი – სიტყვებად. და ამ ბაღნარში სილამაზის, თვალისმოჭრელი ფერების ელვარებად დადიან სიტყვა-ფარშევანგები.

„მყარი საყრდენი“ – ის აღარ არსებობს, მაგრამ აუცილებელია მისი პოვნა. როგორც სინათლის და სიკეთის არარსებობა გულისხმობს მათ  არა გაქრობას, სრულ სიბნელეს ან ბოროტებას, ისწე საყრდენის არარსებობაც ტავის თავში მისი არსებობის შესაძლებლობასაც ინახავს. ის სადღაც უნდა არსებობდეს და ესმა ონიანი მას სიტყვაში(ფერში) ეძებს. სწორედ თავშესაფრის, საყრდენის თავისთვის და სხვებისთვისაც მოძიების ეს მგზნებარე, ქარიშხლისებური წყურვილითითქოს უჩვეულოა ამ ქალურად რბილი, ნათელი, ფერადი და გრძნობიერი სამყაროსთვის, მაგრამ სწორედ არქაული, პირველქმნილი, ძალა განაპირობებს ესმა ონიანის პოეზიის ნამდვილ არსს და იმ შინაგან ენერგიას, რომელმაც მას დროში გადარჩენისა და უფრო შევსების  უნარი მიანიჭა.

„დანის პირი“ – ასეთია ხელოვანის სიცოცხლე იმ რეალობაში, რომელშიც მოუწია პოეტს არსებობა. რთული რეალობაა, ამიტომაც იქნებ ზედმეტად ვრცლადაც ვისაუბრეთ იმ წინაპირობებზე, იმ დროსივრცულ ნაკადზე, რომლის ერთ სეგმენტშიც მოუწია ესმა ონიანს  წარსულის მიერ ზურგში ჩაცემული ხანჯლის ტკივილების და მისი შედეგები გადატანა, მერე კი უკვე თავისი დროის დანის პირზე სიარულის სიმწარე იწვნია თვითონ ამბობდა, რომ ხელოვანის ტრაგიკული ბედი არაა ახალი, რომ  ფასეულობების რღვევა და ყოფის სიმძიმე სულ ან სდევს ადამინებს. მან შემოქმედი არსებობა ალესილ დანის პირზე სიარულად დაინახა, შეიგრძნო, აღიქვა და თავისი უმძლავრესი სინაზით, ქარიშხლის სიფაქიზით – ესმა ონიანისეული ხელშესახებ ცხოვრებისეულ და შემქომედებით რეალობად ქცეული   ოქსიმორონებით  – გაიარა იგი.

„ნამდვილი სიტყვა“ – ეს კი არის გასაღები. ნამდვილობა და სიმართლე, უტყუარობა, სიყალბის ორგანული მიუღებლობა აძლევს პოეტს საშუალებას შეინარჩუნოს „ენის ბაღნარი“, ეძიოს საყრდენი, იაროს დანის პირზე და გადარჩეს. თუ სწორედ ალესილი დანის პირზე არ აინთო ნამდვილი სიტყვა, ნამდვილი პოეზია ვერ დაიბადება, ვერც სიცოცხლეს  და ვერც დროში არსებობის უმთავრეს უფლებას მოიპოვებს. ვერ დაიტენება ტყვიასავით, რომელმაც უნდა გადალახოს სივრცე, დრო, სამყაროს ყველა ჯებირი, საზღვარი, საგუშაგო და მიაღწიოს ყველა დროის ადამიანების გულებამდე.

„სისხლის მზეები“ – არის შედეგი, რომელსაც ისხამს ნამდვილი სიტყვა.  ესმა ონიოანის პოეზიის არსი ამ ნაყოფშია – სისხლის მზეებში, რომლებიც ენის უმშვენიერეს, ფარშავანგებით სავსე ბაღნარში, მყარი საყრდენის გარეშე სამყაროს პირისპირ მარტოდ დარჩენილის, დანის პირას მოსიარულის  სულში  ნამდვილი სიტყვების კვრიტებიდან ტვიასავით ამოსკდა. სისხლი და მზე – ვნება და სინათლე, მეწამული და ოქროსფერი (მხატვრის ფერწერის ფერები), ძალა და სითბო, ტკივილი და სიყვარული და კიდევ უამრავი წვეთი და სხივი, რომელიც სცვივა ამ ნაყოფს, ქმნის ესმა ონიანის პოეზიას.

და მაინც, ალბათ მისი არა მარტო პოეტური, ცხოვრებისეული კონცეფციის გვირგვინიც ამ ლექსის სათაურია – „თავისუფლების მკაცრი საკანი“. ის აბსოლუტურად თავისუფალ ადამიანად დარჩა ბოლომდე. უმთავრესი და პრინციპულად ხელშეუხებელი მისთვის სწორედ შემოქმედებითი თავისუფლება და  დამოუკიდებლობა იყო. ამავე დროს იგი ნათლად ხედავდა, რომ საკანში იყო გამომწყვდეული და მიხვდა, რომ სწორედ თავისუფლებაა მისი საკანი იმ თვისობრიობის გარემოში, რომელშიც ის ცხოვრობდა. ვიზუალურად შეიძლება ასეც დავინახოთ – უზარმაზარი, აბორგებული გარესამყარო, ჯოჯხეთური ქვენა ვნებებით, ცეცხლით, კუპრით, ლავით, ბორგვით სავსე. სურვილებისგან, პატივმოყვარეობისგან დაკრუნჩხული სხეულები, ზნეობრივი კომპრომისების ლოდებქვეშ გაჭყლეტილი ადამიანები ტრიალებენ უწონადობაში, ტრაგიკულ უსაყრდენობაში. კონფორმისტი ხელოვანების ბრტყელი სხეულები ჰკიდია ლურსმნებზე, იკრუნჩხებიან ამქვეყნიურ სიამეთაგან მოწამლული და სახეწაშლილი ნიჭის გამყიდველნი,  ქარს მიაქვს მათი  სახელები და სახეები, მაგრამ, მიუხედავად ამ აპოკალიფსური ქაოსისა და არეულობისა, ეს მაინც ამ ქვეყნად ყოფნის ხალხმრავალი ზეიმია, ისინი ბევრნი არიან, ერთად არიან  და ამ სივრცეში მიცურავს და ანათებს თითქმის წერტილი – გამჭვირვალე პატარა საკანი, სავსე ცისფერი, კამკამა, წმინდა ჰაერით, სადაც გამოკეტილია ის, ვინც ამ ყველაფერზე, რაც ირგვლივაა, შეგნებულად, გააზრებულად, მტკიცედ  თქვა უარი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ტავისუფლების დამკარგავი დაკარგავდა საკუთარ თავს. მან იცის, რა მკაცრია ეს რეალობა, რა რთულია მარტოობის საკანში გამოკეტვა, მაგრამ თავისი შემოქმედებით ნათლად აჩვენებს სხვა მსგავსი სულის, მსგავს თავისუფლების საკნებში მყოფებს – თავის თანამედროვეებსაც და  მომავლის ადამიანებსაც, რომ თავისუფლების შედეგია მხოლოდ ღირებული და ნაყოფიერი არსებობა – წმინდა  სისხლის მზეებისგამოსხმა და ამ ნაყოფების შეცნობისუნარიც ასეთ თანამესაკნეებს ენიჭებათ და მხოლოდ ეს თავისუფლებაა წარუვალი, განსხვავებით გარშემო გამეფებული, მიწიერ-ტალახიანი, მონისთვის ბოძებული წამში გამქრალი წამისვე დიდებისაგან.

ამგვარი პოეტური კანონის და საქმედ ქცეული სიტყვის პოეტი, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა მასობრივი და საყოველთაო ვერც თანამედროვეებისათვის, ვერც შემდგომ ეპოქაში, ალბათ, ვერ ვერასოდეს იქნება. ამის შესახებ ადრევე წერდა რეზი თვარაძე, მანამდე, სანამ ესმა ონიანის შემოქმედება, როგორც მთლიანი, მონოლითური ხელოვნების ნაყოფი, უფრო მეტი ადამიანისთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი: „ეს იყო სიმძაფრე, რომელიც ძნელი გასაძლები იყო იმ დროისთვის. მაშინ ასე არავინ არ წერდა, გარდა ანაკალანდაძისა და ადრეული გალაკტიონისა. ეს დღემდეც ვერ აიტანა ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომ არის, რომ ესმა ონიანი, უბრწყინვალესი პოეტი, დღემდე დარჩენილია სალონებისა და ცალკეული ოჯახური წრეების კუთვნილებად. სხვათა შორის, ამაში არ ვხედავ არაფერს ცუდს. ესმა არ შეიძლება იყოს მასობრივი პოეტი, მასებში საკითხავი პოეტი, მრავალასეულათასიანი მკითხველის პოეტი“. მრავალ ასეულათასიანი მკითხველი ესმა ონიანს ვერასოდეს ეყოლება, მაგრამ ახლა იგი თავისი თავისუფლების საკნის მსგავს უფრო მეტ საკანს შეხვდა – ესეც ნამდვილი პოეზიის, ნამდვილი ხელოვნების კანონია, რომ დროში მეტ მონათესავე სულს პოულობს, რადგან ახალ-ახალ ეპოქებთან ერთად მოდიან  მისი მსგავსი ახალი ადამიანები, რომლებსაც ამ სამყაროს შეგრძნობა შეუძლიათ. თითოეულ ეპოქაში თავისუფლების საკნების მკვიდრთა თანაფარდობა, ალბათ, მაინცდამაინც  არც იცვლება, მაგრამ დრო მიდის და ახლები ემატებიან და ეზიარებიან ერთხელ შობილ სივრცეს და ის უფრო და უფრო მეტისთვის ხდება საკუთარი, ორგანული. ამგვარი ბედი ერგო ესმა ონიანის პოეზიას, მაინც ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ მთელ მის სამყაროს – მთლიან, დაუნაწევრებელ ერთიან სიცოცხლედ განვიხილავთ, სადაც გრძნობა, სიტყვა, ფერი, ხაზი, აზრი, ტკივილი, სიხარული, ფორმა, სინანული, სიყვარული, სახე, შინაარსი, ზედაპირი, სიღრმე, ნათქვამი, მინიშნებული, გამოხატული, ნაგულისხმები, ტექსტი. კონტექსტი – ყველაფერი ერთი დიდი ქსოვილია – ეპიკური, კოსმიური და ამავე დროს ძალიან პირადულიც და არა მხოლოდ ავტორისათვის. იგი კოსმიურ სფეროთა ხმებსა და ფერებს ეზიარა, მათ შუაგულში მოექცა. უხილავ სივრცეებამდე ასული ადამიანი სხვა ადამიანებს პოეტური წარმოსახვით, ფერების, საგნების, ხმების ენაზე, მშობლიურ და გასაგებ სახეთა ენაზე გადმოსცემს ამ იდუმალ სამყაროთა  განცდას და ამბავს. ამ შემთხვევაში, კარგი მაგალითია ლექსი „მზე“, რომელშიც სწორედ ეს კოსმიური ჟღერადობა აღწევს მკითხველამდე ფერთა, ნაცნობ საგანთა, თვით ბაბუის ხატის მეშვეობით და ეს ეპიკური, ყოვლისმომცველი, შესაქმესეული სურათი ხდება ძალიან თბილი, პირადული, ხელშესახები:

 

1 2 3 4 5 6 7