მისტიკურთან, კოსმიურთან, ღრვთაებრივთან, მიღმურთან სიახლოვე და ამ ერთიანობის თავსმოხვეული „მეს“ კეკლუცობისა და თვითწარმოჩენის გარეშე გადმოცემის უნარი ყველაზე მეტად აშორებდა ესმა ონიანს თავისი ეპოქის მთავარ ტენდენციებს. იმ დროს, როცა იგი ამ უნიკალური პოეტურ სამყაროს ქმნის, მისიტკურის შემოტანა პოეზიაში აღარც საშიშია, აღარც თავასარიდებელი, მაგიური რეალიზმის ტიპის ტექსტებიც არსებობს, მაგრამ ზმანებისმიერის, მიღმურის, ღმერთის იმგვარი განცდა, რომელიც აქვს ესმა ონიანს, არაა მეინსტრიმული. მეტიც, ახლაც კი, როცა თავს დატეხილმა  თავისუფლებამ რელიგიურობის განცდა უცნაურად არიდარია და დაანაწევრა, აღვირახსნილი, მებრძოლი ათეიზმიდან, რომელიც ძალიან ჰგავს პირველ ბოლშევიკთა უღმერთობის თავგამოდებასა და ეკლესიათა მუსვრის პათოსს, მაგრამ, სამწუხაროდ,  ლიბერალიზმის სახელითაა შეფუთული,  რელიგიურ ფანატიზმამდე და  კიდევ უფრო უარესამდე, როცა ეკლესიურობა არის მხოლოდ რიტუალი,  რელიგიური წესები სრულდება – მთავარი არსი  – სიყვარული და ღმერთთან უაშუალო სიახლოვე  კი დავიწყებულია, ესმა ონიანის მიღმურის, მეტაფიზიკურის წვდომის წმინდა, შეურყვნელი და წრფელი გზა და უნარი  კიდევ უფრო ფასეული ხდება. მან  ამ თვალსაზრისით თავის დროსაც გაუსწრო და ამჟამინდელსაც და რწმენის იდეას – სიყვარულის უბრალოებას, ინტიმურობას, მის საკუთარად, ახლობელად გაგებას და სიმშვიდეს ძალიან  მიუახლოვდა. მისთვის ღმერთი, ღვთისმშობელი, ადამიანები და საერთოდ  სიცოცხლის ყველა უჯრედი – სევდიანი, თბილი, ნოსტალგიური და მშობლიური  – ერთიანდება მიკროკოსმოსში – ადამიანში, რომელიც მთლიანად, თავისი გრძნობებიანა და ამბებიანა ღმერთის ნაწილია –  უბრალოდ, არაპათეტიკურად, არამღაღადებლად, ბუნებრივად და სადად: ასეთ შემთხვევებში მისი რთული ტექსტის მრავალწახნაგოვანი ელვარებაც კი ვერ ჩრდილავს ამ სტრიქონისმიღმა მიმალულ განცდათა  სისადავეს.

„ღვთისმშობლის თეთრი სტრუმრები სარგვეში სერზე,

აბაშიძეთა საჯვარეზე

(ბებიას სიტყვებს ახლა ფაიფურის ასდის ნელ-გრილი. –

უძღომლობის, კვლავ ვერაფრით ამის ვერ ნახვის პატარა თავბრუ),

ღვთისმშობლის შუქით, ენკენისთვის მზეში სარგვეში

თბილი კვამლის, როდინების სურნელით ბოლავს,

ფიცრულ ფერდებზე ალაგ-ალაგ სათესლე კონებდაკიდებული

სიძველისგან ნაცრისფრად მბზინავ, სტუმრების თვალს მიფარებულ

ამ ფიცრულ ფერდზე

ბებიას ოთახს ერთი კიდევ ამოუჭრეს მცირე სარკმელი

…….

ნემსების ბალიშს, ყუნწები ძაფებს სხვადასხვაფერ კუდებად

აძვრენს,

აქ ოთახები უკვე ჭკნობისკენ გადახრილი ვარდების სუნს ტკბილად

ინახავს,

ღვთისმშობლის თეთრი სტუმრები

ხარაგოულით, მარელისით, ლაშით მოდიან,

სოლომონი, ანა, ნიკოლოზ, ალექსანდრე, სპანდიერ, კიდევ…

აქ უხვდებიან, გიორგი, პელო, მარიამი,

სარგვეშის სერზე აბაშიძეთა თეთრი სტუმრები

სიყვარული, ახლობლობის მტვერში არიან.“

(„თეთრი სტუმრები“)

თავისებურ სისტემას ქმნის და გამოკვეთილი სტრუქტურა აქვს   ესმა ონიანის სივრცეს, უფრო სწორად, უშუალოდ სივრცული მოდელებს, რომლებსაც იგი ქმნის – მისტკურობის განცდის სადად და ამავე დროს სიღრმისეულად გადმოცემასაც ეს სივრცული ლოკალები უწყობდნენ ხელს, ადამიანის შინაგან პორტრეტის გარესამყაროზე პროეცირების საშუალებასაც ქმნიდნენ და პოეტის იდუმალ სათქმელსაც იტევდნენ. ეს მოდელები და მათი შემავსებელი საგნები სიმბოლოებად და მეტაფორებად აქცევდნენ პოეტის მიერ მეტაფიზიკურთან მიახლოებისას, მისი ანარეკლების ხილვისას მიგნებულ ჭეშმარიტების ნამსხვრევებს. ასეთი ხედვა სულ სხვადასხვა ფორმას, ფერს და შეგრძნებებს მოიტხოვდა შემოქმედისაგან, ამიტომ მისი სივრცე თითქოს მეტი ხდება, ვიდრე მხოლოდ ფონი, სივრცე გარედან ინაცვლებს შიგნით, სულში და სულის საგუბარის ფუნქციას ასრულებს. მისთვის სივრცე არაა მხოლოდ პეიზაჟი, არც მხოლოდ ინტერიერი, არც სივრცეში განზავებული  პორტრეტი, თითოეული სივრცული ხატი დამოუკიდებელი ამბავიცაა, რომელიც მკითხველს მოუთხრობს იმაზე მეტსაც, ვიდრე თავად პოეტს სურდა რომ გაემხილა. თითქმის ყველა ლექსშია გამოკვეთილი   სივრცული მოდელები, ზოგან ესაა ოთახი, ზოგან სასაფლაო, ასევე ნახატების სივრცეები, ქალაქის რეალური სივრცეები, როგორიცაა, თუნდაც პლეხანოვის გამზირი საღამოს.  ფერის, ფორმატის, მისტიკური განცდის, სიკვდილ-სიცოცხლის წრებრუნვის, ამ მარადიული ბორბალის ხილულად   ტრიალის  კარგად გააზრებული  ხერხებით გადმოცემის შედეგად, ნებისმიერი სივრცე, რომელსაც გამოსახავს პოეტი, იძენს მრავალ პლანს, მრავალ შრეს და თანდათან იშლება სივრცული საზღვრებიც და იქმნება უსაზღვროების და მარადიულობის განცდა. ამბავი ან სახე, რომლიდანაც დაიწყო ლექსი, თანდათან  ხდება არქეტიპული, ზედროული, ზესივრცული,  არამატერიალური, მუდმივი. ეს აღმავალობა და ხელშესახების, საგნობრივის, სივრცულად დეტერმინებულის  ეფემერულში გადადინება, ისე, რომ საბოლოო ჩანაცვლების  მომენტი უხილავი და ამოუცნობი რჩება, ესმა ონიანის პოეზიის ნიშანიცაა და ალბათ, მისი მთავარი ხიბლიც, შესაძლოა, სწორედ ამ თვისების, ამ განსაკუთრებული სტრუქტურის გამო დადგა იგი საერთოდაც  დროზე მაღლა და თავად იქცა უკვე ხელოვნების, შემოქმედების ზეპიროვნებულ სახედ, მეტაფორად.

თუმცა ამდენი შრისა და შინაგანი სირთულის, იდუმალებისა და ორიგინალობის  მიუხედავად, ამ პოეზიის საყრდენი და  ამოსავალი მაინც სიყვარულია, თუმცა სრულიად არაბანალურად მოწოდებული და უზარმაზარ სპექტრს მოიცავს ღვთაებრივიდან ხორციელ სიყვარულამდე. ვრცელი ლექსი, რომელსაც უჩვეულო ჟღერადობის სათაური აქვს –  „გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით“ – გვიჩვენებს ქალურობის სიმძაფრეს, მის უსაზღვროებას, ზოგჯერ მის დამანგრეველ ძალასაც. ასევე ამ  ვრცელ ლექსსა თუ პატარა პოემაში იხსნება ესმა ონიანის პოეზიის კიდევ ერთი პლასტი – არქაული, მითების, ლეგენდების, ანდრეზების რეალურობისა და მისტიკურობის ზღვარზე მდებარე სამყარო. უბედური და მწარე სიყვარულისგან დატანჯული ქალების მაგიურ შურისძიებას ერწყმის მათ მიერ თავიანთი სიყვარულის ქართული პოეზიისთვის და განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდის პოეზიისათვის სრულიად უჩვეულოდ შეუზღუდავი და  გრძნობიერი აღწერა, ასევე ლირიკული გმირის ვნებიანი განცდა, რომლის ადრესატიც საბოლოოდ, სავარაუდოდ, მოხუცი კაცია, რომელიც ბოლოს გამოჩნდება და როგორც ჩანს, მას ყველაფერი ესმის და იცის, ისიც კი, რა მოჰყვება ქალების შურისძიებას. ამ ხორცდაშრეტილი მოხუცისადმი სიყვარულს უკვე სულიერ და  ჩვეულ  მეტაფიზიკურ სივრცეში გადაჰყავს მოქმედება, თუმცა,ალბათ, ქმედებაზე მეტად მნიშვნელოვანია იდეა, რომ ის, რაც აღარ შეუძლია სხეულს, მარადიულად ძალუძს სულს – ესაა ესმა ონიანის სიყვარულის კონცეფციაც – მასთან სიყვარული მიწიერიცაა, ხორციელიც, პირველქმნილ ველურ ვნებასაც მოიცავს, მაგრამ მისი საბოლოო ნავსაყუდელი მაინც სულია.

 

1 2 3 4 5 6 7