მართლაც რთულია ესმა ონიანის სამყარო, მრავალპლანიანი და მრავალშრიანი,. ფილოსოფიური სიღრმითა და აზრის სიმწიფით გამორჩეული. როცა ხორციელი სიყვარულის ნაკადი შემოდის და მას ვეხებით, თავისთავად  ისევ წინ მოიწევს სიტყვა სიტყვა თავისუფლება. თავისუფლება პოეტისთვის მართლაც იყო მთავარი ცნება, საყრდენი უსაყრდენოდ დარჩენილ  რეალობაში.  ამ რეალობას კი უამრავი პირობითობა და აკრძალვა უხუთავდა სულს, მიუხედავად იმისა, რომ ის პერიოდი, როდესაც ესმა ონიანი ქმნიდა თავის პოეტურ სივრცეს, შედარებით გათავისუფლდა  მაკაცრი, მორალისტური, სწორედ მორალისტობაშივე უხამსი და ფარისევლურ-პურიტანული მოძალადეობისაგან. მაინც არ იყო ეს რეალობა იმ ხარისხისა და შინაგანი სიწმინდის, რომ ბევრი   რამე  მასში სწორად და სრულყოფილად   გაეგოთ და მიეღოთ. ესმა იონიანმა ამ რეალობაში შექმნა ეროტიკული პოეზია, დაბადა , როგორც აფროდიტე ზღვის ქაფიდან სხეულებრივი ტრფობის  სილამაზე, შიშველი გრძნობიერების მშვენიერება  – განძარცვული ფარისევლური უგემოვნო ჯვალოს ტომრიდან, რომელსაც სილამაზეს ძალად აფარებდნენ. ლექსში „სიძე თუ მოდის მოვიდეს, თუ არა და მეძინება“, რომელსაც ასეთი ეპიგრაფი აქვს – („უთქვამს ოსის პატარძალს“). ციკლიდან „დანახული ანდაზები“ – სწორედ  იმ პირველქმნილი სამყაროს  კარი იღება, სადაც ყველაფერი სუფთა და მშვენიერია – ადამიანის სხეულიც და მისი შეგრძნებებიც.  ესმა ონიოანის ნამდვილი სიტყვა ხორციელებას, სხეულებრივ  ტკბობას   ბიწს აცლის და   მხოლოდ სილამაზედ აქცევს, ზოგადადაც,ეს მისი პოეზიის ნიშანია – სიტყვით შექმნას გრძნობა და ეს გრძობა იყოს მხოლოდ მშვენიერი, ესთეტიკურად დახვეწილი, სუფთა და ნათელი, თავისუფალი ყველანაირი დამამახინჯებელი მინარევისგან.

პოეზიას, მწერლობას, ხელოვნებას  აქვს დიდი ძალა – მას შეუძლია გაუსაძლისი გასაძლებად აქციოს, მარტოსული ბოლომდე შეავსოს, მტკივანს ტკივილი დაუამოს, ბედნიერს კიდევ დაუმატოს სიხარული, დარდიანს მიუალერსოს, სილამაზეს მოწყურებულს მშვენიერება აჩუქოს, საკანში გამოკეტილი გაათავისუფლოს. ესმა ონიანის პოეზიაში ეს დიდი ჰუმანურობა, ადამანური თანაგანცდისა და ადამიანის მეტაფიზიკურამდე აყვანით მისი სიცოცხლოესთან შერიგების, მისი ცხოვრების მთელ სამყაროსთან ჰარმონიულ თანაარსებობაში გადაყვანის უდიდესი ძალა  იგრძნობა. ეს ძალა არ მოდის მისი მართლაც სრულიად  განსაკუთრებული პოეტური ხედვიდან, არც მხოლოდ ფერების შინაგანი შესაძლებლობებისგან, რომლებიც სიტყვაში ბოლომდე გახსნა, არც ასევე მართლაც უნიკალური  მხატვრული სიტყვათშეთანხმებებისგან, ძნელი სათქმელია რაა მის პოეზიაში წამყვანი, მთავარი, სათქმელის უპირველესი გამტარი და გადმომცემი, მითუმეტეს, რთულია იმის ამოცნობა, თუ რა ახდენს ასეთ ძლიერ ესთეტიკურ ზემოქმედებას, თუ იმასაც გავუსწორებთ თვალს და არ დავმალავთ, რომ რითმების სინატიფით და  სტრიქონების საშუალოსტატისტიკური მკითხველისათვის პოეზიისთვის წაყენებული მოთხოვნების დაცვით   მისი პოეზია ნამდვილად არ გამორჩევა, არადა სულ უფროდაუფრო მეტი ადამიანი პოულობს მასში ესთეტიკურ ტკბობასაც და უფრო მეტს, შინაგან საყრდენს, იმ საყრდენს, რომელის არარსებობის დასაძლევადაც, თავისუფლების მკაცრ საკანში გამომწყვდეული, დანის პირას მოსიარულე პოეტი „ტყვიასავით დაიტენა სისხლის მზეთა გამოსასხმელად“ და მოისხა კიდევაც პოეზიის სისხლის მზეები და ის დროში მუდმივად დგას ადამიანების წინაშე, როგორც შემოქმედი, ხელოვანი, პოეტი, მოაზროვნე, პიროვნება, ადამიანი,  ესმა, რომელიც ყოველ ლექსში, ყოველ სტრიქონში ცოცხალია და მუდმივად თავიდან ყვება, თითქოს პირველად, თავისუფალი სულის ამქვეყნად არსებობის მხოლოდ ესმაურად ფერადსიტყვიან ამბავს:

„ეს „მე“ ვარ თქვენს წინ,

ამოდრეკილი, ამოძალული ჩემს სიტყვებში

ჩემი სულია დადასტრურებული,   ურყევ-თანმხლები,

ასე იქნება –  თუკი ოდესმე

ვინმე ჩემს სიტყვებს მიეკარება,

გაღიმებულს, თვალმობჯენილს, ურყევ თანმხლებს

მას, შეუბოჭავს , ჩემს სულს იხილავს“

(„ესმა“)

 

 

 

1 2 3 4 5 6 7