ზოგადად, ესმა ონიანი მაინც გამოირჩევა თეორიული ასპექტებისადმი გამძაფრებული ინტერესით. იგი თავის წერილებსა და ესეებში მსჯელობს პოეზიის საკითხებზე, პოეზიისა და ფერწერის ურთიერთმიმართებაზე, კონვენციური და  თავისუფალი ლექსის საკითხებზე. თავისუფლება, რომელიც მას საკმაოდ ძვირად დაუჯდა, პოეზიაშიც, უშუალოდ სტრიქონებშიც პრიორიტეტული და ორგანული აღმოჩნდა მისთვის. მართლაც რომ საკმაოდ ძვირად დაუჯდა, რადგან, მიუხედავად შინაგანი დამოუკიდებლობისა, როგორც ჩანს მისი ჩანაწერებიდან, მაინც ტკივილს აყენებდა კრიტიკის უყურადღებობა და მკითხველათან სიშორე. თავისუფლების მაღალი ხარისხი და არსებითად, თავისუფლება, როგორც მისი შემოქმედების ჯვარი და არსი, იმაშიც გამოვლინდა, რომ კონვენციური ლექსის ფორმატი მაინც უფრო არაბუნებრივია მისთვის, რითმულ-რიტმული გარდაუვალობისა და ჩარჩოს გამო და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისეთი მაღალმხატვრული ვერ გამოსდის, როგორც   თავისუფალი ლექსი.

მიუხედავად ასე მკვეთრად აქცენტირებული პიროვნულობისა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ესმა ონიანის პოეტური სივრცის არაეგოცენტრულობა. ზოგადად, პოეტური სამყაროს, განსაკუთრებით ლირიკის ცენტრში, დგას „მე“ – განმცდელი და მთხრობელი. ეს „მე“ გამოსჭვივის ყველგან, იქაც სადაც ხილულად  არ ჩანს. ესმა ონიანის პოეზიას აქვს უცნაური თვისება- ის ლირიკული ეპიკურობით ხასიათდება და თანაც უმეტესად  პოეტური „მე“ არ დომინირებს, არ იკავებს მთელ სივრცეს. რა თქმა უნდა, მისი პოეზია ანთროპოცენტრულია, მაგრამ უფრო განზოგადებული, განყენებული, როცა პოეტი ცდილობს გასცდეს თავისი „მეს“ ფარგლებს, „მე“ აქციოს სხვად, მისწვდეს რაღაც უფრო დიდს, ყოვლისმომცველს, გახდეს არა მხოლოდ ინდივიდუალურის გამომხატავი, არამედ, ტრანსცედენტურის გამტარი, გადამტანი, პოეტურ სახეებად გარდაქმნილად მომწოდებელი. ეს სწრაფვა მისი პოეზიის ეპიკურობის გარდა ბგერწერაშიც  გამოიხატა. ხანდახან, შესაძლოა, გაჩნდეს განცდა, რომ ალიტერაციები,  ბგერათა სიხუვე (და იქნებ მაინც ფერია ბგერად თარგმნილი?), მრავალხმიანობა, უამრავი ხმოვანი ხაზი და მათი სხვადასხვა შრესა და მიმართულებით გაშლა ზედმეტია, განა რისთვისაა ასეთი გადატვირთულობა საჭირო? ნუთუ მართლა გარსს ქმნის ასე, რომ სათუთ სიღრმეში ვერავინ შეაღწიოს? სავარაუდოდ, სწორედ კოსმიურ სფეროთა ადამიანისთვის უცხო, უჩვეულო ხმების, მათი იდუმალების, მრავალხმიანობის, მეტაფიზიკურ სახეთა ზუსტად აღწერის, მთლიანად მოხელთების  და  გამოხატვის მცდელობისას სწორედ ამგვარი ბგერითი სიხუვე გახდა პოეტისათვის ორგანული, არა ჩანაფიქრით, არამედ თავისთავად – მეტაფიზიკურისკენ სარკმლის გაჭრას და შემდეგ მიყურადებას უჩვეულო ხმათა,  ბგერათა სიმრავლე  მოჰყვა  თან.

შეიძლება ითქვას, რომ ესმა ონიანის პოეზიაში რამდენიმე მთავარი საყრდენია: მეტაფიზიკურთან სიახლოვე, მისი ხილვის უნარი; საგნობრიობა; ეპიკურობა; მდიდარი ხმოვანება; ნათელ გულწრფელობასა და ხანდახან თითქმის ბავშვურ გულუბრყვილობასთან შერწყმული წარმოუდგენელი სიღრმეები; ინტუიცია; სახე, როგორც ამბავი და ფერი. ფერი მაინც  მთავარია მის სტრიქონებში:

„მშობლის ორთქლია „ინფანტების“ დაგმანული დაუღაბის ჭრელო, –

ხახვის ფუჩეჩისფერი თმების გაფურჩვნა,

კრიჭაშეკრული მარგალიტები, მომწვანო-გრილი;

მაქმანებით, თმის შირშინით, ვარდისფერ კაბის რუხ ხნულებში

გაცისკროვნებული ცხვირსახოცთა

ცხოვრებით ცხოვრობს

და შეკრულია ფერად დუღაბად და შემოისმის

ჩასკვნილ ყვითლების, შავების და მელნსიფერად ჩახუთული

ხავერდის ქორო…“

(„ველასკესი“)

ნათლად ჩანს, რომ სიტყვები და ფერები, არაორდინალურად გადაწნილი ერთმანეთთან, პოეტისთვის ველასკესის იდუმალ სივრცეში შეღწევის გზა და საშუალებაა. ველასკესის „მენინები“ ასეთივე მეტაფიზიკურისკენ  გაჭრილი სარკმელია, სარკეში ასახული ანარეკლით, რომელიც რეალურზე მეტად რეალურია ველასკესმა გაუსწრო თავისი  ეპოქის აღქმის დონეს და თეორიებს და ამავე დროს  უკანაც დაბრუნდა – პლატონისეული ანარეკლების სამყაროში. მხატვრის სამყაროს საიდუმლოს  ამოხსნას ესმა ონიანი მისთვის ძალიან ნიშნეული სიტყვიერი ხატებითა  და ფერწერით ცდილობს – იკვეთება მისი მისიაც – თავისუფლების მკაცრი საკნის მკვიდრმა იპოვოს ჯერ  გზა და მერე  გასაღები უსაზღვრო, შეუბორკავი, ადამიანის წარმოსახვის გამაგონებელი მიღმური სამყაროს კარისა, რომლის საკეტის ღრიჭოშიც კი ბევრმა ვერ შეიხედა.

ფერის თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ლექსი „ვარდისფერი“, რომელშიც სრულად გამოვლინდა პოეტისეული სიტყვიერი ფერის სტრუქტურა. იგი იწყებს ფერის ძირიდან: „ვარდისფერი, ეს იყო წითლის დასაწყისი, /წითლის ფერმკრთალი შვილიკო/“. შემდეგ ეს ვარდისფერი გადადის ოთახში, აბაჟურის ქვეშ, სუფრაზე, გრძელდება „საზურგეების კეთილ ჩრდილებად“, შაქრის სითეთრეს ერევა და სიტკბოდ იქცევა, შემდეგ ვარდების სურნელად და სუნსაც  ფერი აქვს – „დაგვბრუის სუნი მოყვითალო, ვარდისგრად მფრქვევი ტკბილი კოკრებით“ და დედის მკერდზე ბაფთის „ჩრეპე დე ჩჰინე“ სტრუქტურაში, „ვარდისფრად შლილში“ გადადის, ბოლოს კი მთელი ამ მრავალგანზომილებიანი, მრავალ წახნაგად გაშლილი ფერის საბოლოო გრძნობიერი სურათიც იკვეთება:

„ამდენ ვარდებში ამოსაცნობი ნელი გემოს და ფერის მქონი –

ნამცხვრების, ატმის, ჩანთაში ნაწოლ თხელ ცხვირსახოცის

კუთხეებჭრელის,

რულწაკიდებულ, სითბოდ აღმავალ, გამაბრუებელ საღამოს გვარად

ამოიცნობა ცნობამიმხდელი ხსოვნის სიცხადის მოტკბო ვარვარად…“

(„ვარდისფერი“)

 

1 2 3 4 5 6 7