„ეს იმ ვარსკვავლავის ცეცხლია, უსურვილოსი, გულმშვიდად ცივის,

უდრტვინველად, მომკავდინებელ-შეუსმენლად გამოვრცობადის.

აქ მზედ იქცევა ქედებზე და ქლიავების ლურჯ სიტკბოში,

მწვანედ მრეკავი ზღმარტლის ზარებს

ლპობის ფერით ჩამოამწიფებს.

აქ მზედ იქცევა, მზედ სახეობს,

ახლობლურად, მშობლიურად ჩაგვესმინება;

მის სიცივეს, მისი საწყისის განურჩეველ უცოდნელობას

მცხუნვარებას ცოცხალ სურნელად,

ამომჩქეფარ სიცხის ხვავებად, ყვავილებად, ხვიარებად გადმოვითარგმნით,

მადლიერებით, სიყვარულით ვმწიფვართ ულევად,

ეს ის ცეცხლია, აქ იქცევა ცვენად მარცვალთა,

პარკი ლობიოს მუცელთა რღვევად,

დამსკდარ მიწაზე ფესიხგულქვეშ თეთრად ალდება,

სვიმონ ბაბუას მოხრილ მხრებზე გახურებულ ხალათის კერად,

სპილენში ტაშტზე აყვავდება ყვითელ ვარდებად.“

(„მზე“)

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თავად პოეტი თავის პოეზიას მაინც ცალკე განიხილავდა, ფერწერისგან ავტონომიურად. „ჩემთვის მეგობრებს უთქვამთ, თითქოს ჩემს ლექსებს ემჩნევა, რომ მათი ავტორი მხატვარია და როდესაც დაუსახელებიათ საამისო ნიშნები, გამორკვეულა, რომ გარეგანი, ზერელე მსგავსება აძლევთ ამის საბაბს. სინამდვილეში საგნობრიობა, კონკრეტულობა, დეტალების სიყვარული, ფარული ნიუანსების ზედმიწევნით დაზუსტების ცდა (განსაკუთრებით ეს ფეროვნების გამუდმებული არდავიწყება-გადმოცემა ახსენებთ ფერწერას).

„ეს არ არის სწორი; მათ ავიწყდებათ,  რომ ფერს საერთოდ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანურ ყოფიერებაში. ჩვენთვის სამყაროს ხილულობა-გაცხადებაში.“ – წერდა იგი. როგორც ჩანს, მისთვის  პრინციპული იყო, რომ პოეზიის სივრცეში ფერწერული ნიუანსების არსებობა გაემიჯნათ ნამდვილი ფერწერისაგან. რეალურად ასეცაა, მაგრამ მისი პოეზიის მისივე მთლიანი მხატვრული სამყაროდან გამოცალკევება ანალიზისას არა მგონია სწორი იყოს. პოეტს არ სურდა ყოფილიყო მხატვარი, რომელმაც პოეზიაშიც სცადა  ბედი, თუმცა ალბათ მისთვის მაინც ძნელი გასაცნობიერებელი იყო, რა რანგის მოვლენა იყო თავად, რომ ის თვითონაა უკვე მთლიანობა, ერთგვარი ხელოვნების მეტაფორა, რომელიც გამოხატავს ადამიანის შემოქმედების უსაზღვრო შესაძლებლობებს და სინთეტურობას.  რაც შეეხება საგნობრიობას, ალბათ სწორედ ესაა ესმა ონიანის პოეტური ქვეყნის შიდასივრცის საოცარი ორმაგი ბუნების – ეფემერულობისა და რელურობის ერთდროულად არსებობისა და ასევე ერთიანად შემეცნება-განცდის ერთ-ერთი საფუძველი – მძაფრი გრძნობიერება, მეტაფიზიკურის ორგანული, პირველქმნილი წვდომა, სახეების ილუზურულობა და ამავე დროს ყველაფერი საგნობრივი, გამოკვეთილი, ხელშესახები, თვალით დასანახი აბსოლუტურად ჰარმონიულად არსებობს, ერთმანეთს ავსებს და ერთიანად ემსახურება სათქმელის სრულყოფილად. გამოკვეთას. ალბათ, სწორედ ეს ვიზუალუიზაცია ჩაუთვალეს პოეტად ქცეული მხატვრის ნიშნად, სინამდვილეში კი ეს მისი ინდივიდუალობის უნიკალური ნიშანია, რომელიც მისი შემოქმედების ნებისმიერ ნაწილში, შრესა და ასპექტში ვლინდება. საგნობრიობის ამ მოულოდნელ აქცენტირებას უკავშირდება მისი პოეზიის ეპიკურობაც და ალბათ ეს საგნობრიობაა ერთგვარი ხარკი ხელშესახების, მიწერისა და მყარისადმი გადახდილი, „დანის პირზე“ სიარულისას ხელმოსაჭიდის, ნამდვილის, მანუგეშებლისა და დასაყრდენის ძიებისას.

ზოგადად, საგულისხმოა, რომ იგი საკუთარი პოეზიის არსზე თვითონვე ფიქრობს.  ეს მოაზროვნე შემოქმედის ნიშანია. პოეტი თავადვე  ცდილობს მკითხველს აუხსნას, თუ  როგორ ხედავს თავის მხატვრულ ქსოვილს, რა სურს, რა ჩანაფიქრი ჰქონდა მისი შექმნისას და რას მოელის მკითხველისაგან. ასეთი ანალიტიკური მიდგომა და ერთგვარი რეკომენდაციები ძალიან ფასეულია, თუმცა, როგორც წესი, მხატვრული ინტენციის შედეგი, როგორც კი ცალკე რეალობად იქცევა, ანუ „სისხლის მზეები“ ნაყოფად მოესხმება შემოქმედის შთაგონებას და დამოუკიდებელ არსებობას იწყებს, ის უკვე, ფაქტობრივად, აღარც ეკუთვნის მას და  შემმეცნებლის კუთვნილებაც  თანაბრად ხდება, რაც აღქმის და ინტერპრეტაციის საშულებას და უფლებასაც კი ანიჭებს მას. ამ შემთხვევაში ანალიტიკოსი ავტორის ინსტრუქცია, როგორ შეიმეცნონ მისი პოეზია, როგორ ხედავს იგი თავის პოეტურ ქსოვილს, არის კიდევ ერთი დამოუკიდებელი  ნააზრევი, შემოქმედებითი აზროვნების ნაყოფი, ძალიან ღირებული, საინტერესო, მაგრამ, არსებითად, ისიც ისეთივე ინტერპრეტაციაა, როგორიც ნებისმიერი სხვა ანალიტიკოსის ნაფიქრ-ნააზრევი. როგორც ჩანს, პოეტს არც ჰქონია მიზნად სიტყვიერ ნაკადში მკითხველის ბოლომდე შეშვება, ფამლარულად გაშინაურება და ასე ხედავდა თავის პოეზიას, მტკიცე გარსის და სათუთი შიგთავსის მქონე სიცოცხლეს: „თქვენ მე ვერ მიპოვით ბზარს (როდესაც მე დარწმუნებული ვაკონკრეტებ სათქმელს), ვერსაიდან შემომეღვრებით,  ისეა აგებული ჩემი სათქმელის რაობა, ვერ მიეწებებით, მიემატებით, ვერ შეიჭრებით, ვერ პოულობთ ნაწიბურებს, რომელიც მისი გადახსნის საშუალებას მოგცემდათ“. ამ შემთხვევაში მისი ინტერპრეტაცია და ხედვა იმითაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საშუალებას გვაძლევს მივხვდეთ, რას მოელის ის ჩვენგან, მკითხველებისაგან, როგორ მოპყრობას, როგორ დამოკიდებულებას და ამის შემდეგ, შესაძლოა, მისი, როგორც შემოქმედის, პოეტის ბედიც და სოციუმთან, უპირატესად ოფიციოზთან,  ურთიერთქმედების   ფორმა და შედეგებიც  კიდევ უფრო გასაგები გახდეს. ის მხოლოდ გრძნობიერ გამოხმაურებას ელოდება, გაგებას და პატივისცემას, ადამიანს, რომელიც ისე ეხება მის სამყაროს, რომ არ ცდილობს მისი სულის ტრეპანაციას, მითუმეტეს ვივისექციით. თავის დროზე, ალბათ, ამიტომაც აარიდეს ოფიციალურმა ლიტერატურულმა ბიუროკრატიულმა აპარატმა, ლიტერატურის ფუნქციონერებმა და კრიტიკამ მას თვალი – ვერ შეაღწევდნენ მისი სულის სიღრმეში, ვერ დაიმორჩილებდნენ – არ უშვებდათ, ვერ დაანაკუწებდნენ, ვერც თითს დაუქნევდნენ  და ჭკუას ასწავლიდნენ, მიხვდნენ და დრო კი უკვე  ისეთი იყო, ფიზიკურად ამ დამოუკიდებელი სამყაროს ავტორს ვერ მოსპობდნენ, ამიტომ ამჯობინეს თვალის არიდება, თითქოს არც არსებობდა, მაგრამ როგორც ცხოვრების  წესია  და კანონი, ეს სამყარო დაელოდა იმათ, ვინც მას ზუსტად ისე შეიგრძნობდა და შეიცნობდა, როგორც მას სურდა და ეს დროც მოვიდა. მეორე მხრივ, არის რაღაც თითქოს ზეაღმატებულიც, ქედმაღალიც თუ ელიტარულობის ჩანაფიქრის ელფერის მქონეც საკუთარი პოეზიის გარსის შეუვალობის ამ  სურვილში, მაგრამ თუ მის სამყაროს სწორედ ისე მოეპყრობიან, როგორც მას სურდა, მიუახლოვდებიან ფაქიზად, მშვიდად, გულისყურით, უიარაღოდ, დომინირებისა და ბოლომდე ამოცნობის ვნების გარეშე, მიუახლოვდებიან ისე, როგორც ოდესღაც კურტუაზულ სამყაროში რაინდი უახლოვდებოდა თავის გულის დედოფალს, მაშინ ეს მხატვრული ქსოვილი მთელი სიკაშკაშითა და რაც, მთავარია, სრული სითბოთი, მთელი თავისი ნამდვილი, ბუნებრივი უბრალოებით, გრძნობიერებითა და სილამაზით მიეგებება და  მაინც ბოლომდე შესაცნობი ხდება მკითხველისთვის და ისიც თავდავიწყებით  ეხვევა ამ სახეთა ელვარებაში, პოეზიის აბრეშუმის სიგრილეში, სახეთა ციმციმსა და განცდათა მცხუნვარებაში და ხვდება – არავინ არაფერს უმალავდა, არც უღირსად თვლიდა, მხოლოდ სწორად მიახლოებას სთხოვდა, იქნებ ემუდარებოდა კიდევაც, მაგრამ ღირსებითა და ბიბლიური დედამთავრების სიამაყით სავსე.

 

1 2 3 4 5 6 7