4. Tape
რიჩარდ ლინკლეიტერი კინოში რეალური დროის ფიქსირებას საუკეთესოდ ახერხებს. იქნება ეს ერთ დროის ხაზზე რამდენიმე დაუკავშირებელი ისტორიის მოყოლა (Slacker) თუ შვიდ წლიანი პაუზები ფილმის პერსონაჟებსა და მაყურებლის ცხოვრებას შორის (Before trilogy). თავის 2001 წლის ფილმში „ჩანაწერი“ მოქმედება რეალურ დროში მიმდინარეობს, ანუ მაყრებლისთვის საათნახევრის მსვლელობა ფილმში საათნახევრის მსვლელობის ექვივალენტურია. ლინკლეიტერი მოქმედებას მოტელის პატარა ოთახში ანვითარებს და ამ შეზღუდულ პირობებში საოცრად დიდ თავისუფლებას იძენს. მსახიობები თითქმის სულ ობიექტივშის წინ არიან, არ იცვლება ხედი, კამერა არ ტოვებს ოთახს, არ წყდება საუბარი და ამის პარალელურად, ყველაფერი ძალიან თავისუფლად, ბუნებრივად და რეალისტურად ხდება. ითენ ჰოკი, უმა თურმანი და რობერტ შონ ლეონარდი ვერც ამჩნევენ პატარა სივრცეში მათ წინ მდგომ ოპერატორს, ხელში ციფრული კამერით და მის უკან მდგომ რეჟისორს. ისინი საათ ნახევრის მანძილზე კოლეჯის მეგობრები არიან, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ. ფილმში არაფერია ისეთი, რასაც ვიზუალურად დააკვირდები, ექსტერიერი უსულო და მონოტონურია, ამიტომ გონება მთლიანად ერთვება დიალოგების აღქმაზე და შემდეგ აქედან მოდის ცვალებადი ემოციები, რადგან პირველი კადრიდან ბოლო კადრამდე შეუძლებელია ერთი კონკრეტული პერსონაჟისადმი სიმპათიები შეინარჩუნო, ინტერიერის გარდა აქ ყველაფერი იცვლება, ხასიათები, მოტივები, გრძნობები თუ თემები.

ლინკლეიტერი იდეაზე კონცენტრირდება და სტილს უარყოფს, თუმცა ეს უარყოფაც თავისებურ სტილს ქმნის, ლინკლეიტერის სტილს, რომელიც მუდამ იდეების სამსახურშია.

 

3. Dogtooth
ბერძენი რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი თავის სადებიუტო ფილმში, ახლა უკვე ნაცნობ ფარსის სარჩულს აკრავს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა შესახებაც მეტაფორებით გვესაუბრება. „ეშვი“ პატრიარქალური ოჯახის, როგორც სახელმწიფო მოდელის მინიატურაა, სადაც ტოტალიტარული წესრიგი სუფევს სიმართლის ფაბრიკაციით, რეალობის გაყალბებით და ცოდნის დამალვით. ჰერმეტულად დახშული ატმოსფერო თანაზიარს გხდის იმ უჰაერობის, რომელიც ფილმში სუფევს. ახალგაზრდობა, რომელსაც გარე სამყაროს დამალვით ზრდიან, საგნებს შეცვლილი მნიშვნელობით აღიქვამენ. მათთვის კატა მომაკვდინებელი მტაცებელი ცხოველია, ფრენკ სინატრა კი ნათესავი, რომელიც Fly me to the moon-ს დედ-მამის სიყვარულზე და მორჩილებაზე მღერის. ავტორიტარული ინსტიტუტების მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის გამოყენებული ძალადობრივი მეთოდების ჩვენებით რეჟისორი ბრწყინვალედ აბალანსებს აბსურდს და ტრაგედიას, რასაც რეალობის გააზრება გაცილებით უფრო მტკივნეულად მოაქვს, ვიდრე ამას პირდაპირი ნათქვამი მოახერხებდა.

 

2. The Hateful Eight
მინის გალანტერეა, სადაც კვენტინ ტარანტინო თავისი ფილმის პერსონაჟებს მიუჩენს დროებით თავშესაფარს, მეცხრამეტე საუკუნეში მიმდინარე სიუჟეტის მიუხედავად გამოძახილს დღვანდელ რეალობაში პოულობს. ის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო, სასტიკი და პოლიტიკურად მოტივირებული ნამუშევარია ტარანტინოს ფილმოგრაფიაში.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11