* * *

დაუბერა ქვენაქარმა, გზაზე ნეშო ახვეტა,

ღრუბლის ნავლი წააფარა მზის კაშკაშა ნაღვერდალს.

ნისლი დაწვა ტირიფებზე, ზეცის ჭერი შელესა,

ახმიანდა ნაკადული, ხმა შეუწყო ღელესა.

ღელე უფრო ახმაურდა, დაზვინული შეშითა,

წყალი სამპირ წამოვიდა, მეწისქვილე შეშინდა.

აშრიალდნენ სიმინდები, ყანა უცებ განაზდა,

აკაციებს ჩეროები გაეპარნენ ანაზდად.

აივანზე შემოფრინდა ნაცრისფერი ნარჩიტა,

ფოთლებს ფერი დაეკარგათ,

ერთი სიტყვით – გაწვიმდა.

1954

 

 

* * *

დიდი წვიმების დამდგარა ჟამი,

კარგი ამინდი დაუდგათ ქოლგებს,

მე მისველდება საფლავი მამის

და მიმძიმდება

ცხოვრება მოკლე.

დაღლილმა თვალმა დალია წყალი,

გარეთ დაღლილი ფოთლები სწუხან,

სხვა ფანჯარასთან ოცნებობს ქალი,

რომელსაც

თეთრი გვირილა უყვარს.

იცრემლებიან წვეთები წვრილი,

დიდი ღრუბლების

იზრდება ხარჯი,

და ისე,

როგორც ოცი წლის ქვრივი,

მოწყენილია კვადრატი ფანჯრის.

1959

 

1 2 3 4 5 6 7 8 9