* * *

გაუქმებული ლიანდაგები

დაუჯაბნია ბალახს და ტალახს,

განუკითხველი ხელი განგების

ყველაფერს ღამის დილეგში მალავს.

გაალამაზებს ხანდახან მთვარე

რელსებზე დაღვრილ მაზუთს და ცემენტს…

მათი იმედი არა აქვთ მგზავრებს,

რომლებიც ახლა ვაგზლებში თვლემენ.

იცრიცებიან ჩრდილები ღამის,

სადღაც დამფრთხალი ძაღლები ყეფენ

და მიჰკივიან მძინარე სტეპებს

ქარები,

როგორც მატარებლები.

1961

 

 

* * *

სამი წელია, ზღვა არ მინახავს,

ღრუბლის წერილებს მიგზავნის იგი,

ვერ გავექეცი მტვრიან ფილაქანს,

ვერ დავასვენე თვალი და ფიქრი.

სულს შემოაკლდა ძველი მარილი,

გული ათასგვარ წვრილმანს გადაჰყვა…

მივიწყებული მეგობარივით

ზღვა მელოდება მთების გადაღმა.

მივიწყებული მეგობრის გარდა

ახლა არავინ არა მჭირდება

და ზღვასთან, როგორც საყვარელ ქალთან,

მივდივარ სულის დასამშვიდებლად.

1961

1 2 3 4 5 6 7 8 9