* * *

გულში იზრდება უკვდავ ვენახად,

სულში ანთია უქრობ სანთლებად, –

მე ძველ წერილებს არ ვხევ – ვინახავ,

გამახსენდება – გამიხარდება.

დამძიმებული,

წყნარი ხელები,

დანატრულები უღრუბლო ამინდს,

ასეთ წერილებს გაიხსენებენ

და დაეძებენ წვიმიან ღამით…

ზოგჯერ კი ხევენ, – როცა ნისლიან

ფიქრებში ეჭვი მოიკალათებს,

ან როცა ბინას გამოიცვლიან

და იყიდიან ახალ კარადებს.

მე სტრიქონების შუქმა დამინდო,

როცა დავკარგე კვალი კინაღამ,

სწორედ ამიტომ,

სწორედ ამიტომ მე ძველ წერილებს არ ვხევ – ვინახავ…

მძიმე წუთებში – დარბაისელი

პესიმისტები დღიურებს ხევენ,

მე კი გავივლი და გავიხსენებ

წერილებს – როგორც გამოწვდილ ხელებს.

1959

 

1 2 3 4 5 6 7 8 9