* * *

სახურავებზე ხმაურობს წვიმა:

თითქოს ბავშვები გაყარეს გარეთ

და უსუსური ხელებით მძიმედ

უკაკუნებენ დაკეტილ კარებს…

ქუჩის ნიავქარს გული მოეცა,

აიყოლიებს ფოთლებს უვიცებს,

სარკმელს მიხურავს კაცი, რომელსაც

წვიმა შორეულ წყლულებს უღვიძებს.

ისევ მიხურულ კარებთან მივა,

ნაფიქრალს ხელის ჩაქნევით წაშლის…

სახურავებზე იძინებს წვიმა:

ალბათ ბავშვები შეუშვეს სახლში.

1961

 

 

* * *

წვიმის ტოტებში ქალაქი მოჩანს,

როგორც ძალიან დიდი სოფელი.

მკვდარი ფოთლებით სავსეა ქუჩა,

მე ვარ ფოთლების ჭირისუფალი.

მიწას დიდი ხნის სესხი და ვალი

ცამ დაუბრუნა ერთი ათასად,

ლამაზი არი წვიმა და ქარი,

ფოთოლი კიდევ კვდება ლამაზად.

უკაკუნებენ სულის კარიბჭეს

წვეთები,

როგორც ცრემლები ბავშვის…

მე ქუდს მოვიხდი და შევაბიჯებ

წვიმაში,

როგორც საკუთარ სახლში.

1961

1 2 3 4 5 6 7 8 9