* * *

არის საღამო ვალსებით სავსე,

ისმის ნაცნობი ზარების რეკვა…

მე მინდა, მაგრამ ვიღაცა მასწრებს

და ჩემზე უფრო ლამაზად ცეკვავს.

შენ ვერ პოულობ უბრალო მიზეზს

და იმეორებ სიტყვას ღვარძლიანს,

მე კი გარწმუნებ ისევ და ისევ,

რომ მთვრალი კაცი კარგი კაცია;

რომ ადვილია – თავისუფალი

ადამიანი დაეჭვდეს უცებ;

რომ ღარიბია სუფრა უქალოდ,

რომელსაც თვალი ანგარიშს უწევს;

რომ შეჩვეული ხანგრძლივ მოლოდინს

ქალი თანდათან ხდება გულცივი;

რომ შეიძლება იყოს ბოროტი

კაცი, რომელსაც სახე უცინის;

რომ თვალი ზოგჯერ მისთვის უბრწყინავთ,

რომ დაანახონ უცნობს თუ ნაცნობს;

და რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ უწყინარ

ტყუილს, რომელიც ორთავეს გვაწყობს;

რომ ხშირად ვხატავთ მკაცრი ფერებით

ჩვენი ცხოვრების ლამაზ სურათებს;

რომ ხშირად ვფიქრობთ და გვეჩვენება,

თითქოს სხვებს ჩვენზე მეტად უმართლებს;

რომ გვინდა უცხო გზების დანახვა,

რომლებიც მაღალ მთებში შერბიან;

რომ იმ მაღალი მთების გადაღმა

ჩვენი ოცნების ქალაქებია…

აქ კი ღამეა ვალსებით სავსე,

ამაღლებულა ცასავით ჭერი,

მე მინდა, მაგრამ ვიღაცა მასწრებს

და ჩემზე უფრო ხმამაღლა მღერის.

1962

1 2 3 4 5 6 7 8 9